პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტებთან შეხვედრისას დადებითად შეაფასა 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მოქმედება და ბადრი პატარკაციშვილი ძალიან საშიშ სახელმწიფო დამნაშავედ მოიხსენია.
ბადრი პატარკაციშვილის დის, ქალბატონი ნანა პატარკაციშვილის განცხადებით: "არავის აქვს უფლება, სხვას ბრალი დასდოს არგუმენტის გარეშე, მით უფრო, მიცვალებულს და მით უფრო, ეს არ უნდა გააკეთოს ქვეყნის პირველმა პირმა." გთავაზობთ ბადრი პატარკაციშვილის დედის, ქალბატონი ნათელა პატარკაციშვილის კომენტარსაც:
- ვინც უნდა იყოს, დიდი თუ პატარა, ყველას ვთხოვ, ჩემს გარდაცვლილ შვილს ნუ მოიხსენიებენ აუგად და ნუ შეურაცხყოფენ, თითქოს ჩემს შვილს ამ ქვეყნის გადაბრუნება უნდოდა. ბადრის ეგ ფიქრადაც კი არასოდეს გაუვლია, რადგან ამ ქვეყნისთვის მხოლოდ სიკეთე სურდა. ეგ რომ არ ნდომებოდა, სულელი ხომ არ იყო, აქ ამდენი ქველმოქმედება გაეწია.
იცით, რა აქვს ნათქვამი, რაც გამოქვეყნებული არის? - "ყოველთვის მსურდა ვყოფილიყავი სამშობლოსა და ერის მოჭარმაგე, რადგან ჩემი ცხოვრების მთავარ სიწმინდედ ეს ვალდებულება მიმაჩნია..." ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემი შვილი ამ ქვეყნის მტრად გამოიყვანონ, არ გამოუვათ... ღმერთი ხომ ყველას გვწამს, მიცვალებულზე ამდენი აუგის თქმა სად გაგონილა?! რომ ვიღვიძებ, უპირველესად იმას ვლოცულობ, რომ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი იყოს კარგად.
ის დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის სიკეთის დედაბოძია, ამ შემთხვევაში რა შუაშია, ვინ ებრაელია და ვინ ქართველი?! ადამიანურად ვთხოვ ყველას, ისედაც ასეთ უბედურ დედას ნუ მომასმენინებენ ამდენ საშინელებას. ცოცხალი რომ იყოს, რაც უნდოდათ, ის ეთქვათ, მაგრამ მიცვალებულის შეურაცხყოფა რა ვაჟკაცობაა?! ვიცი, რომ ბადრი პატარკაციშვილისგან სიკეთე ბევრს ახსოვს და იცის, რომ ის ამ ქვეყანას არაფერს დაუშავებდა. ბადრი მარტო მე კი არა, საქართველოსაც მოუკვდა, რადგან უამრავი სიკეთის გაკეთება ვერ მოასწრო.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)