სანდრო ბრეგაძეს წინასწარი დაპატიმრება შეეფარდა

სანდრო ბრეგაძეს წინასწარი დაპატიმრება შეეფარდა

ყოფილ პარლამენტარს, ხულიგნობაში ბრალდებულ სანდრო ბრეგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის, მაია სილაგაძის შუამდგომლობა, აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდების თაობაზე. არევაძემ არ გაიზიარა სანდრო ბრეგაძის ადვოკატების დალი იმნაიშვილისა და გიორგი ზირაქაშვილის მოთხოვნა აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს - 3000 ლარის გამოყენების შესახებ.

ადვოკატებმა ის გარემოებები დაასახელეს, რის გამოც მათი აზრით, შესაძლებელი იყო ბრეგაძის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება.

ბრეგაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა განაცხადა, რომ სანდრო ბრეგაძის 17 წლის შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია. იგი დავრდომილია და მამის გარეშე ვერ ძლებს. მას შემდეგ, რაც სანდრო ბრეგაძე დაკავებულია, გულყრა 34-ჯერ მოუვიდა. ადვოკატის განმარტებით, სანდრო ბრეგაძის დაკავებამ იმოქმედა მის მცირეწლოვან შვილზეც, რომელიც დაკავების დროს მამას მანქანაში ეჯდა. ბავშვს ლოგოპედი სჭირდება, ვინაიდან ენა დაება. იგი მძიმე მდგომარეობაშია. ადვოკატის განმარტებით, ასევე მძიმე მდგომარეობაშია სანდრო ბრეგაძის მამა, რომელიც ლეიკემიითაა დაავადებული. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სანდრო ბრეგაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე იმით, რომ ბრეგაძე აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან შესაძლებელი იყო გირაოს შეფარდება.

სანდრო ბრეგაძემ კი განაცხადა, რომ მიმალვა რომ სდომებოდა, ინციდენტის შემდეგ მიიმალებოდა, ვინაიდან ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს. ერთი დღე სახლში იყო და მიმალვა არ უცდია. ბრეგაძის თქმით, ეს იმის მიუხედავად, როცა ვიზასთან და ევროპის ქვეყნებში წასვლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ ექმნება.

ყოფილი პარლამენტარის თქმით, იგი აღიარებს დანაშაულს, პირობას დებს რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდება გამომძიებელთან. არ მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას.

"გამოძიების არგუმენტს, რომ დავიმალები ვერანაირად ვერ გავიზიარებ. საფუძველს მოკლებული არგუმენტია. სახეზე მაქვს ტრავმა, ინციდენტის შედეგად და მაქვს ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილე ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს არანაირი დაზიანება არა მიუღია. ეს ორ ადამიანს შორის გაუგებრობა იყო. პირადად ჩემს მიმართ პრეტენზიები აღნიშნულ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს არა აქვს და შესაბამისად, ვერანაირად ვერ მოვახდენ მასზე ზეწოლას. არანაირად დამალვას და გაპარვას სადმე არ ვაპირებ. ამ საქმის გამო ჩემს შვილს თუ რაიმე დაემართება, საერთოდ არ მინდა ციხიდან გამოსვლა", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

პროკურორმა მაია სილაგაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და კვლავ თავის პოზიციაზე დარჩა.

პროკურორმა განაცხადა, რომ ბრეგაძეს ბრალი ედება მძიმე დანაშაულში და მოსალოდნელი სასჯელის შიშით არსებობს ალბათობა, რომ გამოძიებას მიემალება, მისი თავისუფლებაში ყოფნა კი სახიფათოა მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის კუთხით.

პროკურორის განმარტებით, საპროცესო გარიგებაზე ჯერ მოლაპარაკებები არ ყოფილა.

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ არევაძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ და საპროცესოს გაფორმების თხოვნით პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ.

წინა სასამართლო სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება სს კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ 17 თებერვალს, 15:20 საათზე, ვაჟა-ფშაველას #27ა-ში მდებარე "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ჩაიდინა.

ბრეგაძემ გაწყვიტა ბენზინგასამართი სადგურის მილი, რითაც ბენზინს ასხამენ, დააზიანა თავისი ავტომანქანის ფარი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ვისოლის" ოპერატორს გიორგი გალუსტაშვილს.

მას იარაღი კეფაში ჩაარტყა და ინციდენტი 8-9 წუთს გრძელდებოდა. ამ დროს ბენზინგასამართ სადგურზე მანქანების რიგი დადგა, რითაც საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა. ისინი ბენზინს ვეღარ ასხამდნენ. პროკურორის მტკიცებით, ბრეგაძის დანაშაული დასტურდება არაერთი მოწმის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ