ოპერაციის დროს დაღუპული 5 წლის გოგონას მამა "ავერსის" კლინიკას ადანაშაულებს

ოპერაციის დროს დაღუპული 5 წლის გოგონას მამა "ავერსის" კლინიკას ადანაშაულებს

ეს შემზარავი ამბავი შარშან აპრილში მოხდა - შპს "ავერსის" კლინიკაში ექიმის დაუდევრობას 5 წლის ნუციკო აღნიაშვილის სიცოცხლე შეეწირა.

ექიმმა-ანესთეზიოლოგმა ისე, რომ ავადმყოფობის ისტორიაში არ ჩაუხედავს და არც მშობლების გაფრთხილება გაუთვალისწინებია, ალერგიულ ბავშვს პრეპარატი "დორმიკუმი" გაუკეთა, რამაც ანაფილაქსიური შოკი და გარდაცვალება გამოიწვია.

მიმდინარე წლის 11 მარტს, ექიმ-ანესთეზიოლოგ ინგა აბუაშვილს საქალაქო სასამართლომ 3,5 წლით აღუკვეთა თავისუფლება, თუმცა მისთვის ლიცენზია არ ჩამოურთმევიათ.

ზაზა აღნიაშვილი, ნუციკოს მამა: - გასულ წელს, წინასაარჩევნოდ, მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში კლინიკა "ავერსში" უფასოდ ტარდებოდა ტონზილექტომიის (გლანდების) ოპერაციები. თებერვალში განცხადება დავწერეთ ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში, 20 მარტს მერიიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, პროგრამაში მოხვდით და შეგიძლიათ ბავშვს ოპერაცია გაუკეთოთო. 20 აპრილს მოგვიწია რიგმა, გაიხსნა ბავშვის ისტორია, აუღეს ანალიზები, იმავე დღეს გაუკეთდა სინჯი "ლიდოკაინსა" და "ნოვოკაინზე" და ორივემ რეაქცია მისცა.

ქირურგმა გვითხრა, თუ გნებავთ, ნარკოზით გავუკეთოთ, თანხას დაამატებთ და სხვა პრეპარატები ვსინჯოთო. ბავშვს აუღეს სინჯი კიდევ ორ საანესთეზიო პრეპარატზე: "სომნობოლსა" და "დორმიკუმზე". სინჯებმა მეორე პრეპარატზე სუსტი, მაგრამ მომატებული მგრძნობელობა აჩვენა და ეს ჩაიწერა ისტორიაში. 30 აპრილს, ბავშვი დაბარებულ დროს მივიყვანეთ, ვნახეთ ქირურგი შორენა წიკლაური, რომელმაც გვითხრა, არ ვიცი, დღეს ვინ არის მორიგე ექიმი-ანესთეზიოლოგი, მაგრამ აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ ბავშვი ალერგიულიაო. გამიკვირდა, ოპერაციას თვითონ აკეთებდნენ და მშობელს რატომ ავალდებულებდნენ, რომ ანესთეზიოლოგი გაეფრთხილებინა?!

- პაციენტის ისტორია არ წაიკითხეს ექიმებმა?

- დავადგინე, რომ ეგენი მარტო ჩემი შვილის კი არა, არავის ისტორიას არ ეცნობოდნენ. მიყვანისთანავე მედდამ ბავშვს ცხვირში რაღაც ჩააწვეთა. ნუციკოს ცხვირი აეწვა და ტირილი დაიწყო. როცა ვიკითხე, რა ჩააწვეთეთ-მეთქი, მიპასუხეს, ამ პრეპარატს ოპერაციის წინ ყველას ვაწვეთებთო, არ უთქვამთ, რომ "დორმიკუმი" იყო, რაზეც ბავშვს ალერგია ჰქონდა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს ისეთი ძლიერი პრეპარატია, 2-3 წუთში თიშავს ადამიანს. ჩემმა მეუღლემ გააფრთხილა მედპერსონალი, ბავშვი ალერგიულია, რამე არ შეგეშალოთო...

დრო გადიოდა და ნუციკო საოპერაციოდან არ გამოჰყავდათ. ვიდრე დაცვა და პოლიცია არ გამოიძახეს, არ გაგვაგებინეს, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო. ნუციკო 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ ბლოკში. ღუდუშაურის კლინიკიდან გამოიძახეს კატასტროფის ცენტრის ბრიგადა და როცა იკითხეს, ნუციკო აღნიაშვილი სად წევსო, ჩემს მეუღლეს გული წაუვიდა...

- რომელი მუხლით აღიძრა საქმე და ვის მიმართ?

- სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ექიმ-ანესთეზიოლოგ ინგა აბუაშვილის მიმართ 116-ე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით. ეს გაუფრთხილებლობა არ იყო, არასწორი კვალიფიკაცია მისცეს. ამ მუხლზე 4 წელიწადია სასჯელი, მაგრამ მას 3 წელი და 5 თვე მიუსაჯეს და არც ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს. საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ აბუაშვილმა დაარღვია საექიმო ეთიკა, უგულებელყო მშობლის გაფრთხილება, რისკის ქვეშ დააყენა ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე და მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა, რომ ლიცენზია ჩამორთმეოდა?

მოსამართლემ ჰკითხა, როცა მშობელმა გაგაფრთხილა, ოპერაცია უკვე დაწყებული გქონდაო? არაო, - უპასუხა. თუ თავიდან შეგეშალა და მერე ჩაიხედე ისტორიაში, რატომღა განაგრძე ოპერაციაო. თავი ასე იმართლა - 15-20 წუთი დავიცადე და რადგან ალერგია არ მისცა, განვაგრძეო, რაც მტკნარი სიცრუეა. იმ პრეპარატს ინსტრუქციაში უწერია, რომ ალერგიის შემთხვევაში იწვევს ანაფილაქსიურ შოკს და 15 წუთში კლავს ადამიანს...

როცა ადამიანს გული უჩერდება, შეიძლება ორი საათის განმავლობაში რეანიმაციაში იყოს? ამასობაში მათ ყველა მტკიცებულება გაანადგურეს. კარგად მახსოვს, ბავშვს 11-ის 15 წუთზე ჩააწვეთეს "დორმიკუმი" და 11-ის 20 წუთზე ოპერაცია დაიწყო. ამბობენ, თითქოს ერთი საათის შემდეგ გასივდა ბავშვი, არადა, "დორმიკუმი" 5-დან 15 წუთში ამჟღავნებს რეაქციას. გაწელეს დროს, თითქოს ამ პრეპარატს არ გამოუწვევია სიკვდილი, მათთვის მთავარი იყო, იქ დიდხანს გაეჩერებინათ ბავშვი, პრეპარატი ორგანიზმიდან რომ გამოსულიყო. ითქვა, ბავშვი 1 საათის შემდეგ გახდა ცუდად, რეზინის ხელთათმანებმა და ეთანოლის სპირტმა გამოიწვია ალერგიაო.

- ექსპერტიზამ რა დაასკვნა?

- პირველმა სამედიცინო ექსპერტიზამ დაწერა, - გამოწვეულია ტიპური მედიკამენტოზური ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ რისგან, ამას ვერ დავამტკიცებთ, საჭიროა ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა სათანადო პროფილის ექსპერტების მონაწილეობითო. ისიც ჩაწერეს, რომ გაკვეთის შემდეგ ორგანიზმში აღმოჩნდა პრეპარატი "დორმიკუმი".

ჩემი მოთხოვნით, ჯანდაცვის მინისტრმა გამოყო 14 პროფესორი - ალერგოლოგები და ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტები. ყველამ დაასკვნა, რომ შოკი გამოწვეულია პრეპარატ "დორმიკუმით" და ვინაიდან ბავშვს დადებითი სინჯი ჰქონდა, ეს პრეპარატი არ უნდა გამოეყენებინათ. იმ დღეს, 10-დან 13 საათამდე 33 ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. რაც მეტი პაციენტი იქნებოდა, კლინიკას მეტი ფული შეუვიდოდა, ამიტომაც იჩქარეს.

ესენი ამბობენ, - ბავშვი ოპერაციის მერე მდგომარეობიდან გამოვიდა, ერთი წვეთი სისხლი გამოუვიდა ცხვირიდან, გასივდა და დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებაო. არადა, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამომძიებელთან ინახება ჩემი შვილის სისხლით გაჟღენთილი ტანსაცმელი. ბავშვი უყურადღებოდ დატოვეს და როცა გასივდა, ვეღარაფერი უშველეს, რადგან ეჭვი მაქვს, რომ ისინი ერთდროულად ორ პაციენტს უკეთებდნენ ოპერაციას.

რეანიმაციის განყოფილება კლინიკაში არ არსებობს, არადა, საჭირო იყო, ბავშვი სასწრაფოდ გადაეყვანათ იქ. ანესთეზიოლოგი აბუაშვილი პარალელურად გორის გოსპიტალში და მეხუთე საავადმყოფოში მუშაობდა. ის და მისი ძმა, რომელიც ასევე ანესთეზიოლოგია მეხუთე საავადმყოფოში, შემჩნეული იყვნენ მორფის დატაცებაში. კიდევ ერთი სიცრუე - გააფორმეს, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი კლინიკიდან პირველ მაისს გაწერეს, მაშინ, როცა იგი 30 აპრილს გარდაიცვალა, ანუ წინასწარ ჰქონდათ მონაცემები გაფორმებული. აბუაშვილი სასამართლოზე ყველაფერს სხვებს აბრალებდა.

- "ავერსთან" რა პრეტენზია გაქვთ?

- "ავერსის" კლინიკას არა მარტო რეანიმაციის განყოფილება, დეფიბრილატორიც კი არ აქვს გულის კუნთის ასამუშავებლად. წინასაოპერაციოდ გამოწერილია მედიკამენტები, რომლებიც ბავშვს არ მიუღია. საქმეში წერია, - ანესთეზიის დროს "მორფინია" გამოყენებულიო, მაგრამ ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სისხლსა და გვამში მსგავსი არაფერია. ვფიქრობ, მას ანესთეზია არ ჩატარებია.

"დორმიკუმი" არის 3-მილიგრამიანი ამპულა. როგორც ბრალდებული აცხადებს, მან ჩემს შვილს ჩააწვეთა 0,5 მილიგრამი და დანარჩენი 2,5 განადგურებულია. გამოძიებამ ამპულა ვერ იპოვა. აბუაშვილისთვის ნივთმტკიცების განადგურების მუხლიც უნდა წაეყენებინათ, რომელიც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი შსს-ში, ამდენივე ხანს - უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში, ასე რომ, მესმის ეს საქმე და წესით, ამ ადამიანს, სულ მცირე, სამი-ოთხი მუხლი უნდა წაყენებოდა და ლიცენზიაც ჩამორთმეოდა.

ესენი ბავშვის გადარჩენაზე კი არა, ფაქტების გაყალბებაზე მუშაობდნენ. თუ არ იცი, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოიქცე, უნდა გქონდეს რეანიმაციის განყოფილება, აი, ამას ვედავები "ავერსს". "ავერსში" ყველაფერს ასაიდუმლოებენ, იმასაც არ აღიარებენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს.

"ყველა სიახლე" შპს "ავერსის" კლინიკის კლინიკურ დირექტორს, ბატონ გიორგი გიორგობიანს დაუკავშირდა:

- ბატონო გიორგი, კლინიკაში გარდაცვლილი ნუციკო აღნიაშვილის მამა "ავერსის" წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს...

- (მაწყვეტინებს) არ ვიცი, მე ან კლინიკას რა ბრალდებებს გვიყენებს... კი ბატონო, შეიტანოს საჩივარი, მე არ შემიძლია, ვინმეს რამე დავუშალო. გენერალური დირექტორი არ იძლევა ინტერვიუს და მე რა ინტერვიუ უნდა მოგცეთ?! ბოდიში, პაციენტები მელოდებიან.

- უკაცრავად, მაგრამ ეს შემთხვევა თქვენს კლინიკაში მოხდა... მხოლოდ ის მითხარით, კლინიკაში, სადაც ოპერაციები კეთდება, რეანიმაციის განყოფილება არ უნდა იყოს?

- ...

აქ ბატონმა გიორგიმ ტელეფონი გათიშა...

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ