ჩვენს "ევროპული სტანდარტების" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები "თავისი სიკვდილით" რომ არ იხოცებიან, როგორც ქალბატონი ხათუნა კალმახელიძე გვარწმუნებდა, ამას არაერთი შემთხვევა ადასტურებს.
რამდენიმე დღის წინ რუსთავის #6 დაწესებულებაში 31 წლის თეიმურაზ პეტრიაშვილი გარდაიცვალა - მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის თანამშრომელი სასტიკად გაუსწორდა, პატიმარმა მხოლოდ 10 დღეს იცოცხლა.
ნუგზარ ნაჭყებია, კონტროლის პალატის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე: - საქართველოს პენიტენციურ სისტემაში კატასტროფული მდგომარეობაა და სისასტიკეა გამეფებული. უამრავი ადამიანი იღუპება ციხეებში. ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ, ჩემი სახლის მეორე სადარბაზოში 31 წლის თეიმურაზ პეტრიაშვილი მოასვენეს, რომელიც სასჯელს სხვადასხვა საპატიმროში იხდიდა. საპყრობილეში მას თირკმლები დაუავადდა. ვიდრე ოჯახმა ევროპის სასამართლოში არ იჩივლა, წამალსაც არ აძლევდნენ. თემურს მხოლოდ სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაენიშნა მკურნალობა. ერთხელ, როცა წამალი უნდა მიეღო, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთან შელაპარაკდა, ამ თანამშრომელს ავადმყოფი პატიმარი გაუყვანია და სასტიკად უცემია - ამის შემდეგ თემურ პეტრიაშვილმა მხოლოდ 10 დღეს იცოცხლა.
თემურის ოჯახი უზომოდ გაჭირვებულია, დედამისი იტალიაში ლუკმაპურის საშოვნელად იყო წასული. ვერც დედამ, ვერც მეუღლემ და დამ ვერ დაადგინეს, სად იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა. ერთმა პატიმარმა გაბედა და ოჯახს შეატყობინა, რომ ნაცემ-ნაგვემი თემურ პეტრიაშვილი მძიმედ იყო ავად და რომელიღაც საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი. დედა სასწრაფოდ ჩამოვიდა იტალიიდან, დიდხანს ეძება და როცა მის ადგილსამყოფელს მიაკვლია, უმძიმესი ავადმყოფი შვილის ნახვის უფლება არ მისცეს - ატყუებდნენ, უკეთ არისო. ადვოკატი ამბობს, პატიმარი სასტიკად იყო ნაცემი, მაგრამ თვითონ არ იჩივლა და მე როგორ გამეხმაურებინაო. დედამისი მეუბნებოდა, სახესა და სხეულზე წამების კვალი ატყვიაო.
- ცნობილია იმ ადამიანის ვინაობა, ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა პატიმარი?
- სიკვდილის მიზეზი გახდა ცემა. ადვოკატმა იცის, ვინ გაუსწორდა მას ასე არაადამიანურად - თემურს უთქვამს ადვოკატისთვის და მოძღვრისთვის. თუმცა არ უჩივლია, ალბათ, ეშინოდა, რომ ციხის საავადმყოფოდან ისევ ციხეში შეაბრუნებდნენ და უარესს დამართებდნენ.
- პეტრიაშვილის ოჯახი რატომ არ აპირებს გაპროტესტებას?
- ოჯახი დაშინებულია. მთხოვეს, ეს ამბავი არ გამეხმაურებინა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამაზე თვალის დახუჭვა და დუმილი დანაშაულია. დაკრძალვაზე ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა, მაგრამ ოჯახის წინააღმდეგ ვერავინ წავიდა. მე ეს არ შემიძლია, სიცოცხლეს გართმევენ, მეტი რაღა უნდა დაგიშავონ, რომ ხმა ამოიღო? ეს ხელისუფლება კარგად მიცნობს, იციან, ჰაერში არაფერს ვლაპარაკობ, მაქვს კიდეც ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, ოჯახის წევრების საუბრის ჩანაწერები.
არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თემური თუ დამნაშავე იყო, ამისთვის პასუხი აგო და სასჯელს იხდიდა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს. თემური ჯან-ღონით სავსე ბიჭი იყო, ციხეში დაავადდა. მას მეუღლე და 12 წლის ქალიშვილი დარჩა.
- ვინ და რით დაემუქრა ოჯახს?
- როცა დედამისს ვუთხარი, ამ საქმეს გავახმაურებ-მეთქი, იუარა, თქვა, ასე მითხრეს, თუ ხმას ამოიღებთ, მეორე შვილსაც მოგიკლავთო. არ უთქვამს, ვინ დაემუქრა, არც ჩავძიებივარ. ყველანი უკიდურესად დაშინებულები არიან. არ ვიცი და არ მესმის, როცა ადამიანს შვილს უკლავენ, როგორ უნდა გაჩუმდეს. მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ვალი მოვიხადე უფლის, სინდისის და ამ ოჯახის წინაშე. არ მინდა, არამკითხეს მდგომარეობაში აღმოვჩნდე, მაგრამ ასეთ უსამართლობაზე თვალს ვერ დავხუჭავ. ოჯახისთვის უთქვამთ, პროკურატურას მიმართეთ გამოსაძიებლადო, მაგრამ ეს არის დაცინვა, რისი გამომძიებელია პროკურატურა?
არ გაგიკვირდეთ, ოჯახზე ზემოქმედება მოახდინონ და ათქმევინონ მათ, რომ მათი შვილი არ გარდაცვლილა და ცოცხალია. ამათ მეთოდებს კარგად ვცნობ, 6 წელია ამ ხელისუფლებას ვუძლებ და კიდევ გავუძლებ. შიში რახანია გადავლახე.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)