ომბუდსმენის ანგარიშში პატიმრების მიმართ სისასტიკით გამორჩეული თანამშრომლების გვარებია მოხვედრილი

ომბუდსმენის ანგარიშში პატიმრების მიმართ სისასტიკით გამორჩეული თანამშრომლების გვარებია მოხვედრილი

სახალხო დამცველის ანგარიშში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილი კონკრეტული პირები არიან დასახელებული.

დაბა ქსნის #15-ე დაწესებულების მსჯავრდებულები ამავე ციხეში მომხდარ ინციდენტში მონაწილეებად ასახელებენ დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ: ქიტესა გულისაშვილი, ლევან ლეჟავა, გელა იოსავა, ვინმე ლექსო, კახა, ნიკა და ლევანი.

მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცეს კოლექტიური განცხადება, რომელსაც ხელს 161 მსჯავრდებული აწერდა. პატიმრების განმარტებით, აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლები მათ ექცეოდნენ უხეშად, ხშირი იყო გამოწვევები და მსჯავრდებულთა ცემა. მათივე თქმით, თუ მსჯავრდებული გადმოჰყავდათ ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, აყენებდნენ მუხლებზე, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სცემდნენ.

მსჯავრდებულთა განმარტებით, ნებისმიერი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მათ მიმართ, კარცერში მოთავსებასთან ერთად, ხორციელდებოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულები ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოხატავდნენ სურვილს, დაკავშირებოდნენ სახალხო დამცველს, რათა ინფორმაცია მიეწოდებინათ ზემოაღნიშნული ფაქტების შესახებ, დაწესებულებაში ითიშებოდა ტელეფონები და მათ ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით. ზოგი გადაჰყავდათ საპყრობილის რეჟიმზე და ზოგს სცემდნენ.

იმავე დღეს პრევენციისა და მონიტორინგის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ამავე დაწესებულების ,,ჩ" კორპუსის მე-4 სართულზე, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ სამარტოო საკანში (კარცერში) განთავსებულ მსჯავრდებულებს. მათ შორის, 29 საკანში, 2010 წლის 30 სექტემბერს, არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულებს: გ.ბ.-ს, ვ.ხ.-ს და ჯ.მ.-ს. მსჯავრდებულთა გადმოცემით, დაწესებულებაში შეყვანისას მათი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაპარსეს თავი.

საქმეზე სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ