52 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე "გია კუტაისკი", რუსეთის ფედერაციაში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოში 16 მარტს ჩამოიყვანეს.
მანამდე ქართულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 10-წლიანი პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და იარაღის უკანონო შენახვის მუხლებით.
გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს, გაიოზ ზვიადაძეს "დედ ჰასანის" (ასლან უსოიანის) და შაქრო კალაშოვის დაჯგუფების წევრად განიხილავენ. საქართველოში იგი 2000 წელს, პოლიციელის ცემის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 2003 წელს ზვიადაძე ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს ქუთაისის რესტორანში რამდენიმე მოსამართლის ცემისთვის, რისთვისაც მან გეგუთის ციხეში წელიწად-ნახევარი გაატარა.
სასჯელის მოხდის შემდეგ ზვიადაძემ საქართველო დატოვა. იგი დროდადრო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. იარაღის უკანონო ტარებისთვის "გია კუტაისკი" რუსეთში 2006 წლიდან იძებნებოდა, 2010 წლის 17 მარტს კი რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს. თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებამ ზვიადაძეს ქონება ჩამოართვა, ხოლო შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში, მის სახლში პოლიციის განყოფილება საზეიმო ვითარებაში გახსნა.
ლალი აფციაური, გაიოზ (გია) ზვიადაძის ადვოკატი: - საქართველოში გაიოზ ზვიადაძეს ბრალად წარდგენილი ჰქონდა 223-ე პრიმა (კანონიერი ქურდობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შენახვა) მუხლები. მას დაუსწრებლად მიესაჯა, შესაბამისად, 9 წლით და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2010 წლის 17 მარტს ზვიადაძე რუსეთში დააკავეს, 10 დღის შემდეგ კი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო ექსტრადიციის პროცედურები.
ზვიადაძის მიმართ წაყენებული ბრალდება კანონიერ ქურდობაზე თითიდან გამოწოვილია, რადგან ემყარება სოდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ვინმე ლევან გურგენიძის ჩვენებას, რომელიც ამბობს, რომ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე უცხოეთიდან დაურეკა პიროვნებამ, გაეცნო ზვიადაძედ და უთხრა, თავი დაენებებინა კანონიერი ქურდებისთვის, თორემ მას და მისი ოჯახის წევრებს პრობლემებს შეუქმნიდა.
იარაღის ტარების ნაწილში კი ზვიადაძეს ბრალი წაყენებული აქვს იმის საფუძველზე, თითქოსდა, გეგუთის მე-8 საპყრობილეში სასჯელის მოხდისას, როდესაც მისი ოთახი გაჩხრიკეს, ტელევიზორიდან ამოიღეს იარაღი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კი აღმოჩნდა, რომ ტელევიზორში იარაღი არ ეტეოდა! ამასთანავე, ის იარაღი გაუმართავია.
ხოლო როდესაც იარაღი გაუმართავია, ბრალის წარდგენა არ ხდება. ასე რომ, ეს ორივე მუხლი არის შეთითხნილი. იარაღის ნაწილში ბრალი ზვიადაძეს გეგუთშივე წაუყენეს, მან სასჯელი მოიხადა, გამოვიდა ციხიდან და პროკურატურამ იქვე გაასაჩივრა ზვიადაძის განაჩენი, მასზე კი ძებნა გამოაცხადა. მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა განაჩენი, დააპატიმრეს იმ მოტივით, ზვიადაძის მიმართ ლმობიერი სასჯელი გამოიტანეო.
- მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაძის ექსტრადირება მხოლოდ იარაღის ტარების ბრალდების გამო მოხდა?
- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა გადმოცემული, ანუ კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთიდან ზვიადაძის ექსტრადიცია მოხდა არა კანონიერი ქურდობის, არამედ მხოლოდ იარაღის შენახვის ბრალდების გამო.
ასევე კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადად. ანუ სასამართლომ მას ხომ მიუსაჯა ამ ეპიზოდში 1 წელი, რომელიც უკვე გავიდა - ზვიადაძე რუსეთში 2010 წლის 17 მარტს დააკავეს და ამა წლის 17 მარტს სასჯელის ვადა გაუვიდა. ზვიადაძე, როგორც უკანონო პატიმარი, მძევლად ჰყავთ მე-7 საპყრობილეში.
- და როგორ მოიქცა საქართველო კონკრეტულ შემთხვევაში?
- 16 მარტს, როგორც კი ზვიადაძე შეიყვანეს მე-7 საპყრობილეში, ე.წ. სპეციალიზებულ ციხეში, რომელიც შსს-ს შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, ღამის საათებში მოტყუებით გაიყვანეს ადვოკატის ოთახში. მას ორმა პირმა გადასცა დოკუმენტი და ხელის მოწერა მოსთხოვეს. ზვიადაძის უარმა ისინი გააღიზიანა და დაუწყეს უმოწყალოდ ცემა. მათ შეუერთდა 5-6 კაცი და ყველამ გამეტებით ურტყა წიხლები თავის არეში. ზვიადაძესთან მეორე დღეს მივედი და რაც ვნახე, შოკისმომგვრელი იყო - ადამიანი სკამზე ვერ ჯდებოდა, ვარდებოდა. იმავე დღეს შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. მივმართე სახალხო დამცველსაც და მისმა რწმუნებულებმა თვითონ ნახეს ყველაფერი, სამი ოქმიც შეადგინეს, სადაც მითითებულია, რომ ზვიადაძე არის სასტიკად ნაწამები.
სახალხო დამცველის ეგიდით ჩატარდა ექსპერტიზა, მაგრამ ციხის ექიმმა, რომელიც ექიმი კი არა მკვლელია, დაწერა, რომ ზვიადაძეს სხეული დაკავებისას დაუზიანდა. ზვიადაძე ერთი წლის წინ დააკავეს რუსეთში და დაზიანებები აქამდე როგორ ექნებოდა? პატიმრის წამების შესახებ მივმართე ევროსასამართლოს და მოვითხოვე მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ასევე მოვითხოვე ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნა, მაგრამ ექსპერტის შეყვანის უფლება არ მომცეს.
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დავუგზავნე ინფორმაცია მომხდარის შესახებ, განვაცხადე, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და კატეგორიულად მოვითხოვე, აცნობონ მათ სახელმწიფოებს, არ გადმოსცენ საქართველოს არც ერთი ბრალდებული, ვინაიდან ისინი ჩვენს ციხეებში ლინჩის წესით გასამართლდებიან.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)