სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე უკვე ცნობილია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე უკვე ცნობილია

სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის იმ უფლებების დარღვევა დაადგინა, რასაც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები ითხოვდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განუცხადა.

"სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლების პატივისცემას ითვალისწინებს. ევროსასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიება, რომელიც წარიმართა საქართველოს შიდა ინსტანციაში - შსს-ში, პროკურატურაა და სასამართლოში, არ შეესაბამებოდა ევროკონვენციის მეორე მუხლის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული მტკიცებულებები წარდგენილი იყო დაგვიანებით, ხოლო გარკვეული მტკიცებულებები - გაყალბებული სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით პრეტენზიები სრულად ასახავდა იმ პრეტენზიებს, რომელიც სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე ცალკე არ იმსჯელა. გადაწყვეტილება უდავოდ დიდი წარმატებაა", - განაცხადა ჯანდიერმა.

ამასთან, ევროსასამრთლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფომ სამი თვის ვადაში მოსარჩელე გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 50 ათასი ევრო, აგრეთვე, გაუთვალისწინებელი ხარჯები.

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მათ წარმატებას უწოდებენ.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2007 წლის ზაფხულში შევიდა. ადვოკატები გირგვლიანის საქმეზე ითხოვენ ევროკონვენციის მუხლების - სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვის და დაცვის უფლების დარღვევად ცნობას და მორალურ კომპენსაიას, ასევე, საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას.

სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა 2006 წლის იანვარში გაიტაცეს, აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა და მათ 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. შემდეგ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2009 წელს ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

დღესვე, "რესპუბლიკურმა პარტიამ" გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილის ქართული თარგმანი გამოაქვეყნა.

როგორც პარტიის ვებგვერდი იუწყება, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით.

"მოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და ყურადღება. საქმის შესაბამისი გარემოებები უფლებას აძლევს სასამართლოს გააკეთოს დასკვნა, რომ გამოძიების წარმოებისას ხელისუფლების ორგანოები მოქმედებდნენ ამ პრინციპების საწინააღმდეგოდ. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის საქმიანობის ნაკლოვანება ცალკე აღებული შესაძლოა არ იყოს საკმარისი გამოძიების არაადეკვატურობისათვის, მათი ერთობლიობის კუმულაციური ეფექტი საკმარისზე მეტია ამ შემთხვევაში", - ნათქვამია გადაწყვეტილების თარგმანში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების "ხმაშეწყობილი მოქმედებით" იმისათვის, რომ ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინისტრაციის მიერ დაკავებული პირების უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ადრეული გათავისუფლება და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება", - აცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო.

ამასთან, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ამგვარ საქმეებზე სახელმწიფოს ადეკვატური მოქმედება აბსოლუტურად აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღვივებს განცდას, რომ "სახელმწიფო ტოლერანტულია სიცოცხლისათვის საშიში მოქმედებების მიმართ, რამაც შესაძლოა ხელი გაუხსნას ძალადობრივ დანაშაულს, მაგალითად, ისეთს, როგორიც ამ შემთხვევაში იყო ჩადენილი".

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ