"პატრიოტის აქტი" და "ლუსტრაციის კანონი"

"პატრიოტის აქტი" და "ლუსტრაციის კანონი"

საქართველოს პარლამენტმა "თავისუფლების ქარტია", რომელიც "ლუსტრაციის შესახებ კანონსა" და "პატრიოტის აქტს" აერთიანებს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ეს კანონი, რომელიც აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებებს, ითვალისწინებს: სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის გამკაცრებას;  ბანკების მიერ კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეუფერხებელ გაცემას,  სატელეფონო მოსმენების, ჩხრეკის და სხვა სახის ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების ჩატარებას საქართველოს მოქალაქეებზე; ე.წ. "საბჭოთა ნომენკლატურების" გამოვლენას და მათ სამსახურიდან გათავისუფლებას;

საბჭოთა სიმბოლოების აკრძალვას და ა.შ. ლუსტრაციის კანონი გულისხმობს საარქივო მასალების საფუძველზე სპეცსამსახურების იმ თანამშრომლების გამოაშკარავებას, რომლებიც ძველი პოლიტიკური სისტემის პერიოდში მუშაობდნენ და დღესაც ინარჩუნებენ აქტივობას. "პატრიოტის აქტით" კი სპეცსამსახურებს დამატებითი ფუნქციები მიენიჭება.

"პატრიოტის აქტი" ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მიღებული კანონის სახელწოდებაა, რომლის მიზანი იყო, სპეცსამსახურებს ფორმალური ბარიერები აღარ შექმნოდათ, შესუსტებულიყო კანონის მკაცრი მოთხოვნები, რომლებიც ეხებოდა სატელეფონო მოსმენებს, მოქალაქეების თვალთვალს და ა.შ.

"პატრიოტის აქტით" აშშ-ის სპეცსამსახურებს დამატებით 12 ფუნქცია მიენიჭა და ძველი ფუნქციები, ასე ვთქვათ, გაუძლიერდა. დამატებით ფუნქციებში შედის ელექტრონული თვალთვალი (ვიდეოკამერით, ე.წ. ჟუჩოკებით პიროვნების გადაადგილების დადგენა, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება), სპეცსამსახურებს ასევე მიეცათ ინტერნეტში ოპერატიული დაკვირვების საშუალება. კომერციული კავშირგაბმულობის საშუალებები ვალდებული არიან, ინფორმაცია მიაწოდონ სპეცსამსახურებს, საიდან გავიდა და საიდან შევიდა ზარი. სახელმწიფო საკრედიტო მომსახურების ყველა ობიექტი ვალდებულია, კლიენტებზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ გასცეს... თუმცა, ზემოაღნიშნული სულაც არ ნიშნავს, რომ, ამისთვის აშშ-ში საჭირო არ არის პროკურორის სანქცია და მოსამართლის ნებართვა.

"პატრიოტის აქტის" გამო აშშ-ში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის იმპიჩმენტის საკითხიც კი დადგა. ეს კანონი პიროვნების თავისუფლების შეზღუდვად მიიღო ამერიკელმა საზოგადოებამ. 11 სექტემბრის შოკმა რომ გაიარა, ამერიკელები მიხვდნენ, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ. ამერიკულ "პატრიოტის აქტში" არის ასეთი მუხლი: კომერციული ბანკის თანამშრომელი ვალდებულია, ყველანაირი მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი უშუალო ხელმძღვანელის გარეშე პირდაპირ გადასცეს სპეცსამსახურებს...

ჩვენთან ამჟამადაც მოქმედებს კანონი, რის მიხედვითაც, კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს, თუკი ამა თუ იმ ანგარიშზე განსაზღვრულზე მეტი ოდენობის თანხა გადაირიცხება ან მოიხსნება. მაგრამ ახლა ეს უკვე მოხდება აგენტის მეშვეობით, კომერციული ბანკის თანამშრომელი ვალდებული იქნება, ხელმძღვანელის გარეშე აცნობოს ეს ინფორმაცია სპეცსამსახურს და ის უკვე ხდება ჩანერგილი აგენტი.

იქმნება რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლებას მიეცეს პოლიტიკური ოპონენტების ფინანსური ნაკადების გაკონტროლების შესაძლებლობა.

"დამოუკიდებლობის ქარტიის" მიღების შეფარული მიზანი სწორედ ამ ფინანსური გადარიცხვების გაკონტროლება ხომ არ არის?

თუ ასეა, გამოდის, რომ ვებრძვით არა ტერორისტებს, არამედ - პოლიტიკურ ოპონენტებს.

ლუსტრაცია პანაცეაა?

ლუსტრაცია ურთულესი პრობლემაა, გაცილებით რთული, ვიდრე "პატრიოტის აქტი" ლუსტრაციის კანონმდებლობა ერთმანეთისგან გამომდინარე რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე უნდა შევისწავლოთ უშიშროებისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალები - იგულისხმება არა მხოლოდ ფარული აგენტების მონაცემები, არამედ კომკავშირისა თუ პარტიის რაიკომის მდივნების, ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარეების ვინაობები. მათი ვინაობა ისედაც მშვენივრად ვიცით და ამიტომ ამის დადგენას ეფექტი არ ექნება. ყველამ ვიცით ვინ იყო ტელე-რადიოკომიტეტის თავმჯდომარე კომკავშირის ცეკას მდივანი და ასე შემდეგ, ამიტომ მთავარია საარქივო მასალების შესწავლა.

თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ვებგვერდს დაათვალიერებთ, ნახავთ, რა საარქივო მასალებია დარჩენილი 1991-1992 წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ. იქ პირდაპირაა ნათქვამი, რომ საარქივო მასალების 80 პროცენტი განადგურდა, ანუ, აღარ არსებობს ის მასალები, რაც ლუსტრაციას უნდა დაედოს საფუძვლად. ძნელი სათქმელია, მართლაც განადგურდა თუ ვინმეს აქვს გადანახული ბოლოდროინდელი მასალები, მაგრამ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ დარჩენილია მხოლოდ 20000 ერთეული, ანუ 20000 საქმე. ჩნდება კითხვა:

რა სამართლებრივ ბაზას უნდა დავეყრდნოთ, ლუსტრაციის კანონის მიღებისას? ლუსტრაციის პროცესი აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს არა პარტიზანულად, არამედ - პროფესიულად. ამ საარქივო მასალებს, ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მოიცავს 1921-დან 1991 წლამდე პერიოდს. ლუსტრაციის კანონის მთავარი მიზანი უნდა იყოს, გამოავლინოს, ვინ რომელი ქვეყნის აგენტი იყო 1921-1991 წლებში. თუმცა არქივები, რომელიც ჩვენთან დარჩა, ისე არასაიმედოა, რომ ნებისმიერი აგენტის დამალვა და ნებისმიერი პატრიოტის დადანაშაულება შეიძლება სამშობლოს ღალატში.

როდესაც არ არსებობს სანდო საარქივო დოკუმენტაცია, როგორ შეიძლება ვინმეს რუსეთის ან ამერიკის აგენტობა დააბრალო? 1992 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ფრთხილად დაიწყეს საქართველოში დარჩენილი კა-გე-ბეს და გე-ერ-უს ძველი აგენტურის მოსინჯვა და გააქტიურება, აგრეთვე, ახალი აგენტურის გადაბირება. ეს უკვე აღარ არის ისტორია, ამისთვის საქართველოს შსს-ს აქვს შესაბამისი სტრუქტურები: კონსტიტუციური უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის დეპარტამენტები, რომელთა მთავარი ამოცანაც უცხო ქვეყნის ჯაშუშების გამოვლენაა. სად არის ძველი აგენტურა დღეს და რას საქმიანობს? - ამის გარკვევა უნდა იყოს ჩვენი სპეცსამსახურების მთავარი ამოცანა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთშიც კი, ლუსტრაციის პროცესი დაპირისპირებისა და სასამართლო დავის საგანი გახდა. ჩვენთანაც ასე მოხდება. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება არა პოპულიზმი, არამედ პროფესიონალიზმი. ჯერჯერობით "პატრიოტის აქტიც" და ლუსტრაციის კანონიც - პოპულიზმია.

სამწუხაროდ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ეს კანონი კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რათა მოხდეს მათი დისკრედიტაცია არსებული ან არარსებული დოკუმენტებით. ფაქტია, რომ საბჭოთა უშიშროების არქივის რაღაც ნაწილი განადგურებას გადაურჩა, მაგრამ სხვა საკითხია მათი ნამდვილობის დადასტურება.

ამ კანონის მნიშვნელოვანი ნაკლია ის, რომ ფარული თანამშრომლების გამოსავლენად იქმნება სახელმწიფო და არა საზოგადოებრივი კომისია.

ახალი კანონის თანახმად, შს სამინისტრომ საპარლამენტო კომისიას უნდა გადასცეს ცნობები. შემდეგ კომისიის გადაწყვეტილებით, ვიღაცამ უნდა მოძებნოს გაბნეული თუ დამწვარი საარქივო მასალებიდან დოკუმენტი კონკრეტულ პიროვნებაზე. ასეთ შემთხვევაში გაყალბება ადვილი იქნება. ამიტომ საპარლამენტო კი არა, საზოგადოებრივი კომისია უნდა შეიქმნას, რომლის წევრებიც დაინტერესებული პირები არ იქნებიან.

ვფიქრობთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ფრაქციის წევრებისგან შექმნილი სახელმწიფო კომისია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სრული ნდობით ვერ ისარგებლებს. პარტიული და ფრაქციული ნიშნით შედგენილი კომისია, სამწუხაროდ ობიექტური ვერ იქნება. შერჩევითი ლუსტრაცია კი უკვე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა! საქართველოში დარჩენილი აგენტურული საქმეების საარქივო ერთეულები მხოლოდ "წვრილფეხობას" შეეხება.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მომავალში პერსპექტიული ფარული თანამშრომლების საქმეები კი კარგა ხანია ეფ-ეს-ბეს და გე-ერ-უს საცავებშია. ამიტომ არ არის გამორიცხული, საქართველოში "საარქივო ბუმი" დატრიალდეს. აი, მერე კი ვნახავთ საიდუმლო აგენტების "პირადი საქმეების" ფრიალსა და "მღვრიე წყალში თევზის დაჭერის" შინაური თუ გარეული "მებადურების" ხალისს.

ცნობისათვის

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ლუსტრაციის კანონი 1994 წელს მიიღეს. მათ ამისთვის მოამზადეს სამართლებრივი საფუძველი და დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე კომუნისტური სისტემა არასამართლებრივად და კანონგარეშე გამოაცხადეს. ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ და თანამშრომლობდნენ კა-გე-ბესთან, ათი წლით შეუზღუდეს სამოქალაქო უფლებები.

ბალტიისპირელებს უშიშროების არქივიც მოწესრიგებული ჰქონდათ, მაგრამ, ამის მიუხედავად, წელი არ გავა, სკანდალი არ აგორდეს. მაგალითად: როდესაც ვიტაუტას ლანდსბერგისი ლიტვის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გახდა, პრემიერ-მინისტრად კაზიმირა პრუნსკენე დანიშნა, რომელიც ანტისაბჭოთა გამოსვლებით იყო ცნობილი. ლუსტრაციის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პრუნსკენეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კა-გე-ბესთან თანამშრომლობა დასდეს ბრალად და თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ის პოლიტიკას კვლავ დაუბრუნდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ვილნიუსის სასამართლომ დაადგინა, პრუნსკენე კა-გე-ბეს თანამშრომელი არ ყოფილაო და იგი სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა.

2004 წელს პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო და პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა ვალდას ადამკუსმა მცირე უპირატესობით მოუგო. 2009 წელს კი ისევ გაჩნდა სკანდალური ინფორმაცია, რომ პრუნსკენე აგენტია. აღწერილი მაგალითის გათვალისწინებით, თუ საქართველოში რეალურად არ მოხდა არქივების შესწავლა, ლუსტრაციას აზრი არ ექნება.

ბესიკ ალადაშვილი

უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ