პრეზიდენტთან დაკავშირებული და საჯარო პირების ფოტოები, რომლის გამოც ზურაბ ქურციკიძე დააკავეს, მას ირაკლი გედენიძემ საჯარო გავრცელებისთვის მიაწოდა, ქურციკიძემ კი მასალა ორგანიზაციას "ევროპიენ პრეს ფოტო ეჯენსი" გადაუგზავნა , - ამის შესახებ ქურციკის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა, რომელმაც მოდულის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედროდა ზურაბ ქურციკიძეს. ადვოკატი აცხადებს, რომ რომ ზურაბ ქურციკიძე ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ფოტოები, რომელზეც დავა მიმდინარეობს, ქურციკიძეს მოპოვებული აქვს ოფიციალურად და მიაწოდა ირაკლი გედენიძემ, რომელიც პრეზიდნეტის პირადი ფოტოგრაფია.
ამის შემდეგ ზურაბ ქურციკიძემ ფოტოები გადაუგზავნა "ევროპიენ პრეს ფოტო ეჯენსის", სადაც ის მუშაობდა. ადვოკატის თქმით, ეს არის ფრანგული ორგანიზაცია, მათ სხვადასხვა ქალაქში აქვთ ოფისები, მათ შორის მოსკოვშიც.
ქურციკიძის სახლიდან ამოღებული 9 000 ევრო კი, ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, არის თანხა, რომელიც ბრალდებულს ფოტოებისთვის გადაუხადა ამ ორგანიზაციამ.
ამასთან, ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას "ალია ჰოლდინგის" რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე ავრცელებს.
როგორც ტიკარაძე ამბობს, მას ეს ინფორმაცია მიაწოდეს გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა, რომლებმაც მოდულის შენობაში მოინახულეს აბდალაძე.
ტიკარაძის განმარტებით აბდალაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მიმართავს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისი თქმით, აბდალაძე არ იცის რისთვის არის დაკავებული.