ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი შესაძლოა, მსოფლიოში "ყველაზე ჰუმანურ" - "ხალდენის" ციხეში ჩასვან.
ციხე ოსლოსთან ახლოს მდებარეობს და 252 ადამიანზეა გათვლილი. ამ ციხეში თითოეულ პატიმარს თავისი საკანი აქვს, რომელიც სასტუმროს ნომერს ჰგავს. საკანში ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები და მინი-მაცივრები აქვთ, ზოგიერთ პატიმარს DVD-სა და ინტერნეტზეც მიუწვდება ხელი. სასტუმრო ოთახს კი 12 ადამიანი ინაწილებს.
დიზაინერებმა თავის დროზე ბეტონის კედლებზე უარი თქვეს და მათ ნაცვლად ციხეში ხის კედლები გააკეთეს, რომლებსაც ცნობილი ნორვეგიელი მხატვრების ნახატები ამშვენებს.
ციხის მცველთა უმრავლესობა ქალები არიან - ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ეს პატიმართა აგრესიას ამცირებს. გარდა ამისა, ისინი არ ატარებენ იარაღს. ხშირად დაცვის თანამშრომლები და პატიმრები ერთად სადილობენ და ვარჯიშობენ. სპორტის გარდა, პატიმრებისთვის სხვა გასართობიც არის - "ხალდენის" სამზარეულოში პატიმრებს შეუძლიათ კულინარიის ხელოვნებას დაეუფლონ. ციხეში განთავსებულია მუსიკალური სტუდია და საძინებელი ოთახი, სადაც პატიმრებს ოჯახის წვერებთან ერთად ღამის გატარება შეუძლიათ.
25 ივლისს სასამართლომ ანდერს ბრეივიკის 8 კვირით დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ბრეივიკმა ნორვეგიის მთავრობის შენობასთან აფეთქების ორგანიზება და კუნძულ უტოიაზე, ბანაკში 76 ახალგაზრდის დახოცვა აღიარა.
ამასთან, ანდერს ბრეივიკის ადვოკატმა გეირ ლიპესტადმა დღეს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დარწმუნებულია, რომ მას დახვრეტენ. ”იგი რეალობას არ იცნობს. მისი წარმოდგენა ნორვეგიულ ციხეებზე რადიკალურად განსხვავდება სინამდვილისგან”, - აღნიშნა ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, ბრეივიკი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს წამების პრაქტიკა.
მომზადებულია heraldsun.com.au-ს მიხედვით.
იხილეთ ასევე მსოფლიოს ყველაზე მდიდრული ციხე ნორვეგიაშია