გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ (UNODC) კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ პირველი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოც შევიდა.
UNODC-ის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე წელიწადში 4 მკვლელობა მოდის. ეს მაჩვენებელი ბევრად უკეთესია პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებელზე, თუმცა სომხეთსა და აზერბაიჯანს მკვლელობათა რაოდენობით თითქმის ორჯერ ვაჭარბებთ. წელიწადში ყოველ 100 000 მოსახლეზე სომხეთში - 2,8, აზერბაიჯანში კი 2 მკვლელობა მოდის.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, რუსეთში მოსახლეობის იგივე რაოდენობაზე 11,2 მკვლელობა მოდის, ყაზახეთში - 10, 7, ყირგიზეთში კი 8.
უკეთესი მდგომარეობაა ბალტიის ქვეყნებში - ლიტვაში - 7,5, ესტონეთში - 5. ლატვიას საქართველოს მსგავსი მაჩვენებელი აქვს, ყოველ 100 000 მოსახლეზე - 4 ადამიანი.
უკრაინაში 100 000 მოსახლეზე - 4,8 მკვლელობა, მოლდავეთში - 6,6, ხოლო თურქმენეთში - 4,4 მკვლელობა მოდის.
კვლევაში გამოყენებულია გასული წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, მასში შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლი არ არის გათვალისწინებული.
მოხსენებაში ნათქვამია ისიც, რომ 1995 წლიდან დღემდე დასავლეთ აზიაში მკვლელობათა მაჩვენებელი იკლებს, მათ შორის საქართველოშიც.
რაც შეეხება რეიტინგის ლიდერ ქვეყნებს, დედამიწაზე სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშ ადგილად ჰონდურასი დასახელდა - 100 000 მოსახლეზე 82 მკვლელობით, შემდეგ მოდის ელ-სალვადორი - 66-ით, კოტ-დიუვარი - 59,9, ვენესუელა - 49.
მომზადებულია unodc.org-ის მიხედვით.