უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძის სიცოცხლე საფრთხეშია.
17-18 ნოემბერს მელორ ვაჩნაძეს სისხლის ანალიზი აუღეს. ანალიტიკური სადიაგნოსტიკო ცენტრის დასკვნის მიხედვით, დიდია რისკი, რომ მას უმოკლეს დროში განუვითარდეს ან უკვე ჰქონდეს სეფსისი, რაც შესაბამისი მკურნალობის გარეშე სიკვდილს გამოიწვევს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები სახალხო დამცველისგან - დაუყოვნებლივ რეაგირებას, სასჯელაღსრულების მინისტრისგან კი მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულ გამოკვლევას ითხოვენ. სამინისტროს მხრიდან იგნორირების შემთხვევაში ისინი საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 9 აპრილის აქციების დროს დაკავებული მელორ ვაჩნაძე თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი სასჯელს რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდის.
ნათია კორკოტაძე, მელორ ვაჩნაძის ადვოკატი:
- მელორ ვაჩნაძეს ციხის ადმინისტრაცია ყურადღებას არ აქცევდა, ეუბნებოდნენ, არაფერი გჭირსო, მაგრამ მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდა, დედამისმა წაიღო ანალიზი ინფექციურ საავადმყოფოში და პატიმარს სისხლში სტაფილოკოკი აღმოაჩნდა. მელორი აუცილებლად საჭიროებს სეფსისის ცენტრში გადაყვანას. ამჟამად იგი რუსთავის მე-17 დაწესებულებიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მედიკამენტი, რომელიც ავადმყოფს სჭირდება, ადგილზე არა აქვთ, ოჯახმა უნდა მიიტანოს. თანაც ექიმმა აგვიხსნა, საჭირო ინიექციას ინფექციური საავადმყოფოს გარდა ვერსად გააკეთებენ, ისიც ჩვენი თანდასწრებითო. დაწესებულების ადმინისტრაციას ეჭვი შეეპარა ოჯახის მიერ წარდგენილი ანალიზის პასუხში, რის გამოც მის მდგომარეობას თავიდან გამოიკვლევენ. სტაფილოკოკის სისხლში არსებობა ხანგრძლივ და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს.
- ცნობილია, რომ მელორ ვაჩნაძე უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად აღიარეს, ხოლო ვაჩნაძის დაპატიმრებაში მის ყოფილ სიმამრს მიუძღვის წვლილი.
- შეგახსენებთ, რომ 23 წლის მელორ ვაჩნაძეს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი (თაღლითობა) აქვს წაყენებული. იგი ყოფილმა სიმამრმა, პარლამენტარმა ამირან ბჟალავამ დააჭერინა. ეს ადამიანი ფიგურირებს ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის საქმეშიც, ისიც მან დააჭერინა. მელორი დააკავეს კანცელარიასთან მომხდარი ინციდენტის დროს და მიუსაჯეს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ვიდრე ეს ვადა ამოიწურებოდა, მას თაღლითობის ბრალდება წაუყენეს - თითქოს ყოფილი მეუღლის სახელზე რიცხული ავტომანქანა მისი თანხმობის გარეშე გაყიდა და აღებული თანხა მიითვისა.
სინამდვილეში, ვაჩნაძემ დაკავებამდე ერთი თვით ადრე მეუღლის თანხმობით გაყიდა ავტომობილი და მყიდველს მეუღლის თანდასწრებით გადაუფორმა, მის გარეშე ეს შეუძლებელიც იყო. ვინაიდან მელორ ვაჩნაძე 2009 წლის აპრილის აქციებში აქტიურობდა, ეს საქმეც წამოსწიეს. თაღლითობის გარდა, მას კიდევ სამ ეპიზოდში დასდეს ბრალი. იმ სამ ეპიზოდში გამართლდა და დარჩა მანქანის ეპიზოდი, რისთვისაც სასამართლომ 4 წელიწადი მიუსაჯა. მიგვაჩნია, რომ ეს საქმე შეთითხნილია. როგორც ჩანს, იყო შეკვეთა, რომ ვაჩნაძის იზოლირება მოეხდინათ. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ამიტომაცაა მელორ ვაჩნაძე პოლიტპატიმრად აღიარებული.
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)