გენიალური ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ქართული ფილმი-შედევრი ყველას გვაქვს ნანახი, სადაც ყვარყვარე მის მიერვე შეჭედილ და თოკებით საგანგებოდ შეკრულ ციხეში წიხლით ტენის "დამნაშავეებს" და აქვე დაუვიწყარ და დღეისათვის ასე აქტუალურ ფრაზას ამბობს - კარი იკეტება? აბა, დატეულან და ეგ არის! ეს მხატვრული გადახვევა იმიტომ დაგვჭირდა, რომ 2006 წელს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის შედეგს უკვე იმკის საზოგადოება. 2006 წლის თებერვლიდან დღემდე საპატიმროში დაღუპულთა რაოდენობამ ოფიციალურად 650 კაცს გადააჭარბა. საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, რომ ქვეყანაში შეცვლილიყო ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ვითარება სულ უფრო მძიმდება და სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციაზე საუბარი საუბრადვე რჩება, - პატიმართა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება.
ბრიტანული ორგანიზაცია "International Center for Rison Studies"-ის მონაცემებით, საქართველო 100000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ეს მაშინ, როცა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ამ სიაში 54-ე, სომხეთი კი 89 ადგილზეა. პატიმართა რაოდენობით ჩვენ ყველა "არადემოკრატიულ და ტოტალიტარულ" სახელმწიფოს გავუსწარით.
"ვარდების რევოლუციამდე", ანუ 2003 წელს, 100000 სულ მოსახლეზე 148 პატიმრით საქართველო 59-ე ადგილზე იყო 155 სახელმწიფოს შორის. 2011 წლისთვის კი მსოფლიოში 539 პატიმრით 100000 სულ მოსახლეზე საქართველო უკვე მეოთხე ადგილზეა 216 ქვეყანას შორის.
ამ საგანგაშო სტატისტიკას ხელისუფლება საზოგადოებას ძალზე საინტერესოდ აწვდის და ცდილობს, საგანგაშო რეალობა "ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსით შეფუთოს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: "საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ლონდონის ინტერნაციონალური ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა სრულ სურათს არ ასახავს. რეიტინგი შედგენილია საქართველოს ოფიციალური სტრუქტურისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, რომლის მიხედვითაც საქართველოში 4 მილიონ 490 ათასი კაცი ცხოვრობს. საინტერესოა, საიდან მოიტანეს ეს ციფრი, მაშინ როცა მოსახლეობის ბოლო აღწერა 1989 წელს ჩატარდა (მოსახლეობის აღწერა 2002 წელსაც ჩატარდა, მაგრამ მაშინ საბოლოო ციფრი არ გამოქვეყნებულა. - ავტ.)? ხელისუფლება ფეხს ითრევს, ცდილობს არ ჩაატაროს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და მიზეზად უსახსრობას ასახელებს, არადა, საყოველთაო-სახალხო აღწერის ჩატარების მსურველ ქვეყანას გაერო აფინანსებს.
ხელისუფლების გაჯიუტება უთუოდ არჩევნების გაყალბების განზრახვას უკავშირდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 მილიონ 653 ათასი ამომრჩეველია დაფიქსირებული. ეს ციფრი ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალას აეჭვებს. ამიტომ ეჭვის გასაბათილებლად ხელისუფლებამ შექმნა თითქოსდა ოპოზიციით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც საარჩევნო სიების კორექტირებაზე მუშაობს. ერთი სიტყვით, მონაცემები, რომლებიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული სტატისტიკის დეპარტამენტში, რბილად რომ ვთქვათ, ძალზე საეჭვოა.
ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 490 ათასი არ არის. ეს ძალიან გაზვიადებული ციფრია. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ დავრწმუნდებით, რომ 100000 სულ მოსახლეზე არა 539, არამედ გაცილებით მეტი პატიმარი გვყავს და შესაძლოა პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე კი არა, სწორედ რომ არასაპატიო პირველ ადგილზე ვართ.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ერთიმეორის მიყოლებით შენდება ციხეები. ხელისუფლება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში უდიდეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებას აშენებს. ის 4500 პატიმარზეა გათვლილი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტს აძლიერებს. აშკარაა, რეპრესიებისთვის ემზადება.
ხელისუფლება თავს იწონებს, რომ პენიტენციარულ სისტემაში რეფორმა ევროსტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ეს სიცრუეა. ის მექანიზმი, რომლითაც აშენებულია ჩვენი საპყრობილეები, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. დავიწყოთ იმით, რომ დარღვეულია სამშენებლო-ტექნიკური ნორმები. დღემდე ვერ მოხერხდა, რომ კანონით განისაზღვროს სტანდარტით დადგენილი პატიმრის პირადი სივრცის ნორმა, რომელიც ევროკავშირში შეადგენს არა უმცირეს 4 კვადრატულ მეტრს, ჩვენში კი 2 კვადრატული მეტრის კიდევ უფრო შევიწროების ხარჯზე პატიმართა ლიმიტს უსასრულოდ ზრდიან. ამათ ციხესთან ყვარყვარეს ციხე მონაგონია! ისე გადაავსეს ციხე პატიმრებით, კარი მართლა აღარ იკეტება! ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა საერთო რაოდენობის დასაშვები ლიმიტი 23720 პატიმარს შეადგენდა, ახლა კი ლიმიტი 24250 პატიმრამდეა გაზრდილი.