ზაზა ხატიაშვილი: "საქართველო არ შეეგუება ფაშისტურ მმართველობას!"

ზაზა ხატიაშვილი: "საქართველო არ შეეგუება ფაშისტურ მმართველობას!"

საქა­რთველოში შექ­მნილ სამართლებრივ ვითარებაზე თვალსაზრისს ადვოკატთა ასოციაციის თავ­მჯდ­ო­მარე ზაზა ხატიაშვილი გამოხატავს:

- დღეს სასამართლო ხელისუფლება სრულად კონტროლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, მოსამართლე დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ამ რეჟიმის ძირითადი დასაყრდენი არის კოტე კუბლაშვილის ყოვლად უპრინციპო და უსამართლო სასამართლო, რომელიც მზად არის შეასრულოს სააკაშვილის ნებისმიერი მითითება. პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში კი პატიმრებს საშინელი, არაადამიანური მეთოდებით აწამებენ, როგორც პირუტყვებს, ისე ექცევიან. გახსოვთ, ალბათ, მალხაზ არქანია, რომელმაც ფარდა ახადა ამ რეჟიმის სიბინძურეს, როგორ აიძულეს, შეეჭამა დაწერილი ჩვენება, რომელიც არ მოეწონა გამომძიებელს, მერე წყალი დაალევინეს, კარგად მოინელეო, შემდეგ ჩაიყვანეს ოთახში, სადაც აყურებინეს პატიმრის გაუპატიურებას და დაემუქრნენ, თუ არ მისცემ ჩვენებას, შენც გაგაუპატიურებთო. აი, ეს არის სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილი სახე. ან ავიღოთ ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება. როცა ხელისუფლების სათავეში მოექცა, სააკაშვილის რეჟიმი პირველად ტელეკომპანია "იბერიაში"შევარდა და დახურა, რადგან მისი გადაცემები არ მოსწონდა. შემდეგ იყო "იმედი", როცა ჟურნალისტებს ისეთი რამ გაუკეთეს, რაც მსოფლიოში არავის უკადრებია. არადა, სადამ ჰუსეინს, როცა ის ალყაში იყო და ნატოს ჯარები უტევდა, აზრადაც არ მოსვლია "ბი-ბი-სი"-სა და "სი-ენ-ენ"-ის გადამცემები აეფეთქებინა იმიტომ, რომ ჟურნალისტები ყველა ქვეყანაში ხელშეუხებლები არიან. რეჟიმის ძალმომრეობამ, ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტამ, ვანდალურმა ქმედებებმა, დაუსჯელობის სინდრომმა, სამოქალაქო საზოგადოების არარსებობამ, ბინძური მეთოდებით მართვამ ქვეყანა სამართლებრივ კატასტროფამდე მიიყვანა. აი, ამ ყველაფრის "გაპრავება"მოახერხა კუბლაშვილის სასამართლომ. კატასტროფაა, როდესაც ქვეყანაში დაცვის ინსტიტუტი არ არსებობს. ერთი ძმა, კოტე კუბლაშვილი შეუკვეთს კანონს, მეორე ძმა - პავლე მიიღებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ გააუბედურონ და გააკულაკონ. მოსამართლეთა უსიტყვო მორჩილება დაიწყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. მან კონსტიტუციაში მაშინვე შეიტანა ცვლილება და პროკურატურისგან მონსტრი შექმნა.

- შერჩევითი მართლმსაჯულება, უკანონო განაჩენების სიმრავლე, წაგებული საქმეები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების საქმეებს სულ რამდენიმე მოსამართლე კურატორობს და უკანონო განაჩენებს ისინი აწერენ ხელს.

- ეს არის ფუჭი განცხადება იმის მოსაჩვენებლად, რომ თითქოს სასამართლო სისტემაში შეიძლება იყოს მოსამართლე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს არ დაემორჩილება. გამორიცხულია, სისხლის სამართლის საქმეზე რომელიმე მოსამართლემ მიიღოს ჰუმანური გადაწყვეტილება. შერჩევით მართლმსაჯულებას რაც შეეხება, მაგალითად მოვიყვან ქვემო ქართლის გუბერნატორ კირკიტაძის საქციელს, რომელიც საფეხბურთო მატჩს უყურებდა ბოლნისში. მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, გუბერნატორი მოედანზე გადახტა და ხალხის თვალწინ სცემა მსაჯს. ეს ამბავი ყველამ იცის, მაგრამ კირკიტაძე არ დასჯილა და ისევ გუბერნატორია... დღეს ყველა მოსამართლე გასვრილია. მათ, ვისთვისაც მიუღებელი იყო ამ ხელისუფლების მსახურება, განცხადება დაწერეს და წავიდნენ. ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ყველა მოსამართლე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს, მათ ვერ უშველის ვერც კანონის შეცვლა და ვერც ახალი მუხლის დამატება. იმდენი დანაშაული აქვთ ამ წლების განმავლობაში ჩადენილი, რომ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო კომუნისტების მმართველობის პერიოდში უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე დღეს არის. მოსამართლეები კოტე კუბლაშვილის მიერ შექმნილ ე.წ. ჰედლაინებით ასამართლებენ ადამიანებს. ანუ მოხდა სასამართლოს რობოტიზაცია. ამ მოსამართლეთა გვარები რომ დავასახელო, გამოვა, რომ ისინი ცუდები არიან, სხვები კი - კარგები. არადა, ყველა დამნაშავეა.

- როდესაც ქვეყანაში მოგებული საქმეები 0,1%-ია, ადვოკატის საქმიანობას აქვს აზრი?

- დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი ევროსაბჭოში, სადაც შექმნილია ჯგუფი, რომელიც ევროპის ქვეყნებს ეხმარება სასამართლო სისტემის მოდერნიზებაში. იქ თქვეს, რომ ინგლისელი ადვოკატები არიან ყველაზე ძლიერები და სამაგალითონი ევროპაში. როცა აზრი მკითხეს, ვთქვი: ინგლისში ადვოკატის ინსტიტუტი იმიტომ არის ძლიერი, რომ ძლიერია სასამართლო სისტემა და ადვოკატს ეძლევა საშუალება, დაამტკიცოს კლიენტის უდანაშაულობა. როცა ადვოკატი უუფლებოა, ხოლო სასამართლო აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, იქ რა ადვოკატზე უნდა ილაპარაკო? საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია და ამ ბოროტების იმპერიამ თავისი არსებობის 73 წლის განმავლობაში გაასამართლა 70-მდე ადვოკატი, სააკაშვილის რეჟიმმა კი ბოლო 7 წლის განმავლობაში 143 ადვოკატი დააპატიმრა, მათ შორის 18 ქალბატონი. ეს არის ადვოკატების დაახლოებით 5% (საქართველოში სულ 3750 ადვოკატია). დემოკრატიის შუქურა სააკაშვილისგან განსხვავებით, ბელორუსის დიქტატორ ლუკაშენკოს სულ 4 ადვოკატი ჰყავს დაკავებული.

- თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებების მიხედვით საქართველოში კვლავ გრძელდება ადვოკატების დევნა. რა არის ამის მიზეზი?

- ადვოკატების დევნა-შევიწროება იმით აიხსნება, რომ ეს არის ერთადერთი სეგმენტი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ვერ დააჩოქა. დღეს ადვოკატები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ და ოპოზიციურად განწყობილ პარტიას ეხმარებიან, ხელისუფლებისგან მტრებად აღიქმებიან. ამა წლის 7 აგვისტოს დააკავეს ადვოკატი იმედა ნიკურაძე, თითქოსდა 6 აგვისტოს ჩადენილი სამართალდარღვევის გამო. ეს ადამიანი ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, არკვევდა, იყო თუ არა "ელიტა ბურჯის"ქონების მესაკუთრე შეცვლილი და სრულად ჰქონდა თუ არა გადახდილი თანხა აუქციონზე ნაყიდი ქონებისთვის. მისი დაკავების შემდეგ გაიმართა აქცია რუსთავში, რომელზეც ერთმა ადამიანმა იქ მყოფ "ნაცმოს"წარმომადგენლებს წესრიგისკენ მოუწოდა. "ნაცებმა"პატრულს გამოუძახეს და აქციის მონაწილე კახა მუმლაძეს 90-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი, ჩვენი კოლეგის, ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილი დააკავეს. ამ ოჯახის სამეზობლო გაოგნებულია იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდას სუბოტექსთან შეხება არ ჰქონია. 21 წლის სტუდენტს შეუფარდეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ირმა ჭკადუას ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, მისი შვილი დააკავეს. ვიდრე ირმა ჭკადუამ "ქართულ ოცნებასთან"არ დაიწყო თანამშრომლობა, მისი შვილი მანამადე არავის გახსენებია. მერე შეიტყვეს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, თუ დედამისი კოალიციაში რომ შევიდა, მერე დაიწყო მოხმარება? დღეს უკვე სხვა ადვოკატებს ემუქრებიან, თქვენს შვილებსაც დავიჭერთო. ამ საშინელებამ ერი ერთ მუშტად უნდა შეკრას და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო არ შეეგუება ფაშისტურ მმართველობას. ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ სამართლებრივი გზით!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა