"ოცნების" ამნისტია

"ოცნების" ამნისტია

უახლოეს მომავალში შესაძლოა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია განხორციელდეს. ამასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის თქმით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში საზოგადოების ჩართულობა უფრო გაიზრდება, გაძლიერდება და ბევრად უფრო ეფექტური გახდება.

"საქართველო პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ზოგადად მახინჯი სისტემა უნდა შეიცვალოს და ამაში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებამ და პირობითმა სასჯელმა თავისი როლი უნდა შეასრულოს", - აღნიშნა სუბარმა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ პატიმართა საქმეების 70% უნდა გადაიხედოს. ა/ო "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ნანა კაკაბაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ უნდა მოხდეს, როგორც კანონის გადახედვა, ასევე იმ საქმეების, სადაც პოლიტპატიმრები და უკანონო პატიმრები ფიგურირებენ.

"ამ ეტაპზე, ძირითადად, ორი პრობლემა იკვეთება. ერთია პოლიტპატიმრების საკითხი და მეორე უკანონო პატიმრების და არაადეკვატური სასჯელების პრობლემა. რაც შეეხება კანონების გადახედვას, თვითონ სისტემაა შესაცვლელი და ბუნებრივია, ესეც უნდა მოხდეს. უპირველესი საკითხი კი ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს, ვინც მიტინგებში და მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო დაიჭირეს, "-ამბობს კაკაბაძე. "- ამ ადამიანების შესახებ ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოში თავისი წევრი სახელმწიფოებისადმი მიმართვა გაავრცელა და პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვა და სასამართლოს გზით მათი გათავისუფლება მოითხოვა. ასევე განსაზღვრა სტატუსი პოლიტპატიმარი. ასეთი სტატუსით დღეს ჩვენს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაახლოებით 200 ადამიანია."

უფლებადამცველის თქმით, ამასთანავე უკანონო პატიმრების საქმეების გადახედვაც უნდა მოხდეს.

ნანა კაკაბაძე: უკანონო პატიმრები არიან ისინი, რომელთაც გამოუტანეს განაჩენი, მაგრამ საქმეში მტკიცებულებები არ არესებობდა. ამიტომ ის საქმეები, სადაც მტკიცებულებები არ არის, ან არის, მაგრამ მცირე დანაშაულია ჩადენილი, რაზეც არაადეკვატური სასჯელები აქვთ მისჯილი, აუცილებლად უნდა გადაიხედოს და მათი გათავისუფლება მოხდეს, ან სასჯელის შემსუბუქების საკითხი უნდა დადგეს.

"გვაქვს საქმეები, სადაც მაგალითად, შეშის მოჭრაზე ადამიანს მისჯილი აქვს 7 წელი, ან მობილურის ბარათების მოპარვისთვის დიდი სასჯელი. ასეთი სააქმეები კი ძალიან ბევრია, დაახლოებით საერთო საქმეების თითქმის 70%. ამ ადამიანებმა არც კი იციან, რას ედავება მათ ხელისუფლება და რისთვის არიან ციხეში. ზუსტად არ შემიძლია იმ ციფრების დასახელება, რამდენი პატიმარი შეიძლება გაათავისუფლონ. ამის განსაზღვრა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქმეების გადახედვა დაიწყება. ფაქტი ის არის, რომ პატიმრების 70% უკანონოდ არის დაპატიმრებული და არაადეკვატური სასჯელები აქვთ შეფარდებული. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ განახევრდება. ამასთანავე სასჯელები უნდა გაუუქმდეთ პრობაციონერებს, რომელთა რიცხვი დღესდღეისობით ქვეყანაში ოფიციალურად 40-დან 50 ათასამდე მერყეობს."

ადვოკატი და "ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამნისტიის დასრულებული ტექსტი არ არსებობს, მაგრამ უახლოეს მომავალში ამნისტია მოსალოდნელია.

"ამნისტია ყველა კატეგორიის დანაშაულს ვერ შეეხება. ჩემი აზრით, ეს შეიძლება შეეხოს ნაკლებად მძიმე დანაშაულებს. შეიძლება მოხდეს სასჯელის განახევრებაც. საკითხი მუშავდება და უახლოეს მომავალში იქნება.

"შეიძლება ამნისტიის პროექტში შევიდეს არაადეკვატური სასჯელებიც. დღის წესრიგში დგას ის საკითხიც, რომ გაუქმდეს სასჯელთა შეკრების წესი. აქედან გამომდინარე მოხდეს იმ იმ საქმეების გადახედვაც, სადაც სასჯელთა შეკრების წესია გამოყენებული. რაც შეეხება ციფრებს, რამდენ ათას პატიმარს შეიძლება ეს შეეხოს, ამის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ კრიტერიუმი შემდეგი იქნება: საქმე, სადაც დარღვეული იქნება ევროპული კონვენცია და საერთაშორისო სტანდარტები, აუცილებლად გადაიხედება,"- ამბობს შავგულიძე.

მისივე თქმით, ცალკე არის განსახილველი იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც ამნისტიას არ ექვემდებარებიან, ასეთებად კი შავგულიძე ე.წ. პოლიტპატიმრებს და უკანონო პატიმრებს ასახელებს.

"უშუალოდ ვიცავდი ორი ადამიანის ინტერესებს, რომელთა საქმეებშიც აშკარა იყო პოლიტიკური სარჩული. ერთი იყო რავაზ ხულორდავას საქმე, რომელიც გახლავთ სენაკში საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე და მას განზრახ მკვლელობის მცდელობა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაბრალდა.

"ის იმყოფებოდა სუფრაზე და მისი წასვლის შემდეგ 2 საათში მოხდა ადამიანის დაჭრა. როდესაც იქაურმა პროკურატურამ გაიგო, რომ იქ მანამდე ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რამდენიმე ადამიანი აიძულა ეთქვა, თითქოს ხულორდავამ ჩაიდინა ეს დანაშაული. ასეთივეა სერგო ჩაჩიბაიას საქმეც, რომელიც ზუგდიდის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი გახლდათ. ორივე შემთხვევაში ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსისი მიხედვით არის წარდგენილი, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები,"-ამბობს შავგულიძე.

რაც შეეხება პრობაციონერების საქმეებს, ამაზე შავგულიძე ამბობს, რომ არა მარტო საქმეები, არამედ თავად კანონია გადასახედი და შესაცვლელი.

"პრობაციის ანუ პირობითი მსჯავრის ვადა საქართველოში არაადეკვატურად მაღალია. საერთაშორისო სტანდარტი 1-2 წელს არ აღემატება. ხოლო ჩვენთან ეს მსჯავრი 5 წლით და უფრო მეტითაც გამოიყენება. მაგალითად, ერთი კვირის წინ ჩემს ნაცნობს 9 წლით მიუსაჯეს პირობითი მსჯავრი.

საკანონმდებლო ცვლილებებია გასატარებელი და ახალი საპროცესო კოდექსით უნდა განისაზღვროს მაქსიმალური ვადა 2 წლიდან 3 წლამდე. არაადეკვატურად მაღალი პირობითი მსჯავრი, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, 5 და 8 წელი მორჩილებაში ჰყოლოდათ ეს ადამიანები და მათი ოჯახები, რათა არჩევნებზე ხმები ეგროვებინათ "ნაციონალური მოძრაობისთვის" და მათ აქციებზე ტაში დაეკრათ გაღიმებულებს, ვითომ ბედნიერი ცხოვრებით უზრუნველყოფილები იყვნენ. ამასთანავე სხვა ათასი ცოდვის ჩადენას აიძულებდნენ. პრობაციონერებს ხშირად ცრუ მოწმეებად იყენებდნენ, თითქოს ისინი დანაშაულის ფაქტის შემსწრეები იყვნენ. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პრობაციის ვადა შემცირდება. დასაშვები ვადა მაქსიმუმ 3 წელი უნდა იყოს და ყველა პრობაციონერი, რომელსაც ეს ვადა მოხდილი აქვს, ავტომატურად გათავისუფლდეს სასჯელისგან", - ამობს შავგულიძე.

თამთა კაკაურიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ