შსს - დაცვის პოლიციის არც ერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებული არ არის

შსს - დაცვის პოლიციის არც ერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებული არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს , სინამდვილეს არ შეესაბამება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სალომე მახარაძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მერიის ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით შსს-სა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, არც ერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან.

მისი თქმით, პირები, რომლებიც მერიის ობიექტების დაცვაზე მუშაობდნენ, სხვადასხვა დაცვის სამსახურებში გადანაწილდებიან.

ამასთან, სალომე მახარაძის განცხადებით, დაცვის პოლიციის თანამშრომლების ნაწილი მერიის შეთავაზებას დასთანხმდა და მუშაობას მერიის ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში გააგრძელებს.

დაცვის პოლიციის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. თანამშრომლების ცნობით, პოლიციელებთან დღეს დილით მერიის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც განუცხადეს, რომ ახლად შექმნილ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში უნდა გადასულიყვნენ.

როგორც თავად დაცვის პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, მათ ეს წინადადება არ მიიღეს, რადგან სახელმწიფო სამსახურიდან კერძო სამსახურში გადასვლა არ სურთ.

თანამშრომლების ნაწილი ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფება და შს მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხელი მოაწერა დებულებას, რომელიც დედაქალაქის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"