სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულების დირექტორი ლევან აბურჯანია პატიმრების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს აბურჯანიამ განუცხადა, პატიმრებს არ დამუქრებია. ამასთან, აბურჯანიამ უარყო პატიმრების ინფორმაციას, თითქოს ციხის ეკლესია დაიკეტა. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ისიც, თითქოს საპატიმროში სპეცრაზმის შეყვანა იგეგმება.
ციხის დირექტორი პატიმრების განცხადებებს ე.წ. მაყურებლების სურვილს უკავშირებს, რომელთა ციხეში "ქურდული" მმართველობის დამყარება სურთ.
ამასთან, როგორც აბურჯანიამ აღნიშნა, მას დირექტორად დანიშვნის შემდეგ ციხის ადმინისტრაციაში არც ერთი კადრი არ მოუყვანია და ძველი თანამშრომლების 80% დაწესებულებაში აღარ მუშაობს.
"ჯერჯერობით ახალი დანიშული ვარ და ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ ვიცნობ. პატიმრების მიერ ჩამოთვლილი პირების მუშაობის შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ძველი თანამშრომელთა 80% აქ აღარ მუშაობს. რაც შეეხება ჩემს მიერ კადრების მოყვანას, ორი დღის დანიშნული ვარ და არც ერთი კადრი დაწესებულებაში არ მიმიყვანია. უახლოეს პერიოდში ვაპირებ, რომ ციხის თანამშრომელთა შემადგენლობას გავეცნო", - განაცხადა ლევან აბურჯანიამ.
მისი თქმით, პატიმრების განცხადებები, რომ თითქოს ახალაიას მეთოდებით აპირებს ციხეში მუშაობას აბსურდულია, რადგან ახალაიას მიმართ თავადაც არ იყო კეთილგანწყობილი.
"გამორიცხულია რაიმე გარიგებაზე წავიდე კრიმინალებთან და მათ თავიანთი გავლენის ქვეშ მომაქციონ. "მაყურებლებს" არ მოსწონთ, რომ კონტროლი ადმინისტრაციამ განახორციელოს და სწორედ ამიტომ შეკრეს პირი პატიმრებმა", - განაცხადა აბურჯანიამ.
ამასთან, ის ადასტურებს, რომ ციხის დირექტორობამდე მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი ძველი თანამდებობიდან გამომდინარე პატიმრების მიმართ რაიმე სახის მუქარა განახორციელა.
#16 დაწესებულებაში იმყოფებოდა "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის წევრია. მასთან საუბრისას პატიმრებმა აღნიშნეს, რომ ლევან აბურჯანია პოლიციელობის დროს ნარკოტიკულ საშუალებების ჩადებით აპატიმრებდა ხალხს.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ორი პატიმარმა განუცხადა, რომ პირადად მათ აბურჯანიამ ჩაუდო ნარკოტიკი.
ამასთან, პატიმრების განცხადებით, აბურჯანია მათ დაემუქრა, რომ"ახალია მონაგონი იქნება, თუმცა ის ცოცხს და რეზინის ხელკეტების არ გამოიყენებს და პატიმრებს დენით წამების მეთოდებით გაუსწორდება.