სასამართლომ გიორგი კალანდაძე გირაოს გარეშე გაათავისუფლა

სასამართლომ გიორგი კალანდაძე გირაოს გარეშე გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე გირაოს გარეშე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ გიორგი კალანდაძის ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა.

სასამართლო პროცესი პროკურორსა და კალანდაძის ადვოკატ გოგიტა გაბაიძეს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პროკურორმა ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ რის საფუძველზე აცხადებს ბრალდების მხარე, რომ კალანდაძის მხრიდან ქვეყნის დატოვებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს. გოგიტა გაბაიძემ პროკურორს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა კალანდაძის უცხოეთში მყოფი ახლობლების ვინაობა დადგენილი, თუმცა პროკურორმა ვერც ერთი ასეთი ახლობლის ვინაობა ვერ დაასახელა.

კალანდაძის ადვოკატმა აღმკვეთ ღონისძიებად არასაპატიმრო სახე მოითხოვა, რაც გულისხმობს 3-ათასლარიან გირაოს. თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება ერთი საქმის ნაწილია და, შესაბამისად, გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო პროცესის შემდეგ გიორგი კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებთან განმარტებაც გააკეთა.

მისი თქმით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არ შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიება იქიდან გამომდინარე, რომ კალანდაძეს აღნიშნულ საქმეზე 9 და 13 ნოემბერს უკვე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს თანხის გადახდა.

ადვოკატის განმარტებით, საქმე არის ერთი და იგივე, თუმცა კალანდაძეს ბრალი დაუმძიმდა.

"სასამართლომ განმარტა, რომ ახალი ბრალის წარდგენა არ არის იმის საფუძველი, რომ ბრალდებამ სასამართლოს მიმართოს დაკავების მოთხოვნით", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.

პროკურატურას აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში - 48 საათში შეუძლია, თუმცა არა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის, არამედ აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით.

გიორგი კალანდაძის სასამართლო პროცესს დღეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, მათ შორის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ