სამართალდამცველებმა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ახვედელიანი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
"გამოძიება დაიწყო 2012 წლის 22 ნოემბერს შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ვ.გ ს მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვ.გ-ს განცხადება, სადაც იგი მიუთითებდა, რომ 2009 წლის 1-ელ იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა მიაყენეს მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა.
დღეის მდგომარეობით ჩატარებული გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 2009 წლის 1-ელ იანვარს ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო: ვ. გ. დ. მ. და გ.კ, ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა და პოლიციის სხვა მუშაკებმა გადაიყვანეს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში. მიყვანის შემდეგ ხსენებული პირები გადაანაწილეს სხვადასხვა ოთახებში, ხოლო ვ. გ. აიყვანეს პოლიციის შენობის მეორე სართულზე ე.წ. უბნის ინსპექტორების სამუშაო ოთახში, სადაც სცემეს. ვ.გ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი, ამავე სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი ბლიაძე, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი.
ცემის პროცესში ალექსანდრე ბლიაძემ ვ. გ_ს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და აიძულებდა ეთქვა სიმართლე ბაკურიანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით. ცემის პროცესში პოლიციის უფროსის, მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებულს გადაუგრიხა ხელები, გადახარეს იგი მაგიდაზე, ძალის გამოყენებით ჩახადეს შარვალი და პოლიციის თანამშრომლებმა უკანალზე მიადეს პოლიეთილენის ბოთლი, ხოლო პოლიციის უფროსის მ. ხვედელიანის დავალებით, პოლიციის თანამშრომელმა ს.ს_მ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღო რამოდენიმე სურათი ამ მდგომარეობაში მყოფ ვ. გ_ს. აღნიშნულის შემდეგ გიორგი ბლიაძემ აიღო ოთახში არსებული ოთხფეხა სკამი და ერთ ერთი ფეხი ძალის გამოყენებით შეუყვანა უკანა ტანში, ს.ს. ამ მომენტშიც იღებდა ფოტოებს მ. ხვედელიანის დავალებით. სურათების გადაღების შემდეგ პოლიციელები დაემუქრნენ ვ.გ-ს რომ გადაღებულ სურათებს გამოაქვეყნებდნენ დაბა ბაკურიანში სარეკლამო აბრაზე. ამის შემდეგ ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ვ. გ-ს, გადაიყვანეს იგი სხვა ოთახში და ამყოფეს იქ დილამდე. დილის დაახლოებით 07.00-08.00 საათზე ვ. გ. დაკითხა ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა და გაუშვა სახლში.
საქმეზე ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები: დაიკითხა დაზარალებული ვ. გ.. გამოძიების პროცესში ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ს. ს-მ, რომელიც ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას, მიუთითა, რომ სურდა დახმარებოდა გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს. მოწმის სახით დაკითხულმა ს.ს-მ სრულად დაადასტურა მომხდარი.
ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება-ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ვ.გ-მ ამოიცნო მის მიმართ ძალადობის განმხორციელებელი პოლიციის თანამშრომლები. ამოცნობის შემდეგ 2012 წლის 30 ნოემბერს საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია ალექსანდრე ბლიაძე.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2012 წლის 30 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისში, დაკავებულია მამუკა ხვედელიანი.
მამუკა ხვედელიანი წლების განმავლობაში მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით დაკავებული პირებისადმი. ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მამუკა ხვედელიანი იყო წარდგენილი მაჟორიტარ დეპუტატად "ნაციონალური მოძრაობიდან" ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.