ორი მკვლელობის ერთი საიდუმლო

ორი მკვლელობის ერთი საიდუმლო

"ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში, ყველაფერი წარმავალია. ეს ეტაპიც უნდა დამთავრებულიყო ჩემს ცხოვრებაში... სამომავლოდ კონკრეტული გეგმები არა მაქვს, ვიცი, ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით, მათ მზად უნდა შეხვდე, ამისთვის ვემზადები, ვმუშაობ ჩემს თავზე და მთვარეზე გაფრენას სულაც არ ვაპირებ".

დუდუ დადიანის დღიურებიდან

"მაშინ მოდაში იყო დუდუსთან ძმაკაცობა, სადმე, მნიშვნელობა არა აქვს - ქუჩაში, დუდუსთან კაბინეტში თუ სხვაგანაც - თუ დაინახავდნენ, ყველანაირად ცდილობდნენ მისალმებოდნენ, იმიტომ, რომ ამას სხვაც დაინახავდა და რადგან დუდუს მთელი ქალაქი იცნობდა, ყველაფერი მშვენივრად იყო".

ზურა თალაკვაძე

"გავიგე, რომ მას (კახი ასათიანს. - ავტ.) პრობლემები ჰქონდა საავიაციო ბიზნესში, თუმცა დაწვრილებით არაფერი ვიცოდი, რადგან დიდი ხანია არ მინახავს. როგორც ჩანს, თავისი პრობლემებით არ უნდოდა შევეწუხებინე არც მე და არც ხელისუფლების სხვა წევრები. კახის რომ ჩემთვის მოემართა, საქმე მკვლელობამდე არ მივიდოდა".

ედუარდ შევარდნაძე,

2002 წლის 21 ნოემბერი

2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლის და) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა, რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.

მკვლელი აუჩქარებლად ჩაჯდა იქვე მდგომ BMW-ს მარკის ავტომანქანაში და მიიმალა...

მკვლელობას ბევრი შეესწრო - გასროლამდე წუთით ადრე გზის მოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ.

დაახლოებით ერთ საათში შემთხვევის ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ავთო ჯორბენაძე მივიდნენ. ამ დროისთვის პოლიციას უკვე ჰქონდა მკვლელის აღწერილობა.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო. პოლიციამ გადაკეტა თბილისიდან გასასვლელი გზები და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ...

მეორე დღეს საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სამართალდამცავებმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა იცოდნენ და მისი დაკავება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

მას შემდეგ უკვე 10 წელია, საზოგადოება პროკურატურისგან ასათიანის მკვლელის ვინაობის გამხელას ელოდება...

კახი ასათიანის მკვლელობას საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ცნობილი ფეხბურთელი, 1990-2000 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა სახელისუფლებო და ბიზნესწრეებში, ამიტომ მისი მოკვლა ცოტას თუ შეეძლო. როგორც მაშინ საქმეში ჩახედულნი ამბობდნენ, - ამას იმ დროს მხოლოდ თავზე ხელაღებული თუ ჩაიდენდა.

მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ მკვლელობის მოტივებზე.

კახი ასათიანის მკვლელობას გამოძიება ოფიციალურ ვერსიად ბიზნესინტერესებს უკავშირებდა. სპორტის დეპარტამენტიდან წასვლის შემდეგ კახი ასათიანმა ავიაკომპანია "აირზენას" აქციების დიდი ნაწილი შეისყიდა. იმ პერიოდში კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, "აირზენას" კუთვნილი თანხები რომ დაებრუნებინა, კახი ასათიანი ხმაურიან გარჩევებსაც არ ერიდებოდა; გარდა ამისა, ის ფირმა "მერსედესის" წარმომადგენელი იყო საქართველოში.

იმხანად ავიაბიზნესი მსუყე ლუკმად ითვლებოდა და ბიზნესწრეების გარდა, კრიმინალური ავტორიტეტების ყურადღებასაც იქცევდა (ყველასთვის ცნობილია კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ინტერესი თბილისის აეროპორტსა და ავიაკომპანია "ორბში"). ამბობდნენ, რომ ონიანმა თვალი "აირზენასაც" დაადგა და ყველა ხერხით ცდილობს მის ხელში ჩაგდებასო.

ასათიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, დაუდგენელმა პირებმა, "აირზენას" გენერალური დირექტორის, თამაზ გაიაშვილის მოკვლა სცადეს - 2001 წლის 29 ოქტომბერს, ღამის 23.30 საათზე, აეროპორტის დასახლებაში, 39-ე კორპუსის სადარბაზოსთან გაიაშვილის მანქანას სამი ტყვია ესროლეს, აქედან ორი - საკონტროლო.

გაიაშვილი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სიკვდილს, რომ მანქანაში არ იყო. კილერის მსხვერპლი შეცდომით მისი დისწული, 27 წლის დათო ბახტაძე გახდა, რომელიც ბიძის მაგივრად მართავდა საჭეს.

2002 წლის 21 ნოემბერს (ასათიანის მკვლელობის მეორე დღეს) მოსკოვში, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, ხმამაღალი განცხადება გააკეთა და ასათიანის მკვლელობაში პრეზიდენტ შევარდნაძის უახლოეს გარემოცვაზე მიანიშნა (საუბარია შევარდნაძის მძახალ გურამ ახვლედიანის ოჯახზე). გარდა ამისა, კიტოვანი აცხადებდა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბადრი პატარკაციშვილი და ვანო ჩხარტიშვილი კახი ასათიანს ელაპარაკნენ "აირზენას" საკონტროლო პაკეტის შესყიდვის თაობაზე, რაზეც ასათიანი თანახმა არ იყო. მან შევარდნაძესაც სთხოვა, ჩარეულიყო ამ საქმეში და პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა, თუმცა ამ ფაქტს შევარდნაძე რატომღაც მალავს...

თუმცა თამაზ გაიაშვილი კახი ასათიანის მკვლელობის მოტივად "აირზენაში" დაპირისპირებას აბსურდულად მიიჩნევს.

"კახი ასათიანის მკვლელობა "აირზენას" არ უკავშირდება, მას სხვა ბიზნესიც ჰქონდა, იქნებ იმათ დაუსვათ კითხვები, ვისაც ქართული ფეხბურთისა და "მერსედესის" ხელში ჩაგდება სურდა, საერთოდ, მკვლელობის ვერსიებზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს... კარგი იქნება, თუ ედუარდ შევარდნაძესაც ჰკითხავთ რამეს".

თამაზ გაიაშვილი, 2007 წელი

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა

"თვალთვალი, არაადეკვატური სატელეფონო ზარები..." - რა ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და "ემპათიის" დირექტორმა

გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - მოსამართლემ ბრალდებული წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა