ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე "ბანკი ქართუს" საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული

ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე "ბანკი ქართუს" საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე "ბანკი ქართუს" საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული, რომლის შესახებაც განცხადება შსს-ში 17 დეკემბერს გაკეთდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგონიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ადეიშვილი მოწმის სახით არის დაბარებული. ზურაბ ადეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაკითხვაზე ხვალ, 10:00 საათზე დაიბარა. შესაბამისი უწყება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრ შალვა ადეიშვილს. "დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

როგორც 17 დეკემბერს შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გეგმა მიზნად ისახავდა, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" გაკოტრებას. დანაშაულებრივი სქემა შედგებოდა რამდენიმე ეტაპისაგან.

2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო "ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს, მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ოთარ აგლაძეს. აღნიშნული პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ბანკ ქართუში". ასეთ კომპანიებს შორისაა: მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის - იაგო ჩოჩელის შპს 'ინტერპლასტი~, შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის - ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, ს/ს "პირიმზე" და შპს "სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა", მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის - გიორგი ისაკაძის საწარმოები: შპს "ლოგოსი" და ამხანაგობა "თეთრი სახლი" ყველა კომპანიამ, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა. ამის შემდეგ, ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტის განკარგულებით გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

2012 წლის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით გიორგაძეს პირადად დაავალა ყველა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა იმ კომპანიებისთვის, რომელებსაც გაუგზავნიდა შემოსავლების სამსახური. ამ გზით, ყველა ქონება გაიყიდა იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მამუკა ლაშხიამ, მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ ოთარ აგლაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებითა და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც მიმართული იყო "ბანკი ქართუს" გაკოტრებასა და მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე, შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებითა და ქვედანაყოფებით".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ