ნიკო ლომინაძის ოჯახი გიორგი გვიჩიანის გათავისუფლების წინააღმდეგია

ნიკო ლომინაძის ოჯახი გიორგი გვიჩიანის გათავისუფლების წინააღმდეგია

ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაში სკანდალური განცხადება გაკეთდა და თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომელზეც განაჩენი გამოტანილია და 2 პირს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, გაუხსნელად გამოცხადდა. საქმე "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობას ეხება. 2002 წლის 13 აგვისტოს იგი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. სასიკვდილო ჭრილობა შუბლზე აღენიშნებოდა. მოკლული სკოჩით ხელფეხშეკრული იყო, სახეზე პირსახოცი ჰქონდა გადაფარებული. დამნაშავეებს ძვირფასეულობა არ წაუღიათ, ამიტომ თავიდანვე მკვლელობა მის საქმიანობას დაუკავშირეს.

10 წლის შემდეგ "პროკურატურა ბოდიშს უხდის ნიკოლოზ ლომინაძის ოჯახის წევრებს მათთვის ესოდენ მტკივნეული, ტრაგიკული ამბის გახსენებისთვის და პრაქტიკულად იმის აღიარებისთვის, რომ მათი შვილის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია". პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვალდებულები არიან, გადაამოწმონ ყოველგვარი ეჭვი და დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება.

2006 წელს მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა. მკვლელობის შემკვეთად ნოდარ გვიჩიანმა თავისი მოგვარე, "ეი-ი-ეს თელასის" გენერალური მენეჯერი, გიორგი გვიჩიანი ამხილა და დაასახელა დანაშაულის უშუალო შემსრულებლები: ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი. ყველა მათგანი პასუხისგებაში მიეცა კიდეც, მაგრამ დღეს პროკურატურა აცხადებს, გამამტყუნებელი განაჩენი ისე დადგა, რომ საქმეში მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდაო:

"გიორგი გვიჩიანის დაპატიმრებას, შემდგომ მის გასამართლებას საფუძვლად დაედო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - ნოდარ გვიჩიანის მამხილებელი ჩვენება. ამ უკანასკნელს ჩადენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაულებიც, ამ ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან; გიორგი გვიჩიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ასევე საფუძვლად დაედო მკვლელობის თანამონაწილეების - ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის არაპირდაპირი ჩვენებები, რომელთაც ასევე გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები: ხერკელაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პაპაჩაშვილს - 5 წელი პირობითი მსჯავრი. მკვლელობის შემსრულებლის სტატუსით გასამართლებულმა მესამე პირმა, ნიკა ჩემიამ დანაშაული არ აღიარა და გიორგი გვიჩიანის მსგავსად, მასაც უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა".

გვიჩიანის საქმეზე აშშ-ში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები აღმოაჩინეს, რაც პროკურატურის მტკიცებით, მსჯავრდადებულების უდანაშაულობას ამტკიცებს. "გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: 2006 წლის 6 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებაში ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა, შედარებითი გამოკვლევისთვის გაიგზავნა მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდების დაქტილოფირები, სიგარეტის ორი ცალი ნამწვი, ლომინაძის ტანსაცმელი და ბრალდებულების: ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის, ნოდარ გვიჩიანის ნერწყვის, თმისა და თითის ანაბეჭდების ნიმუშები.

2006 წლის 4 აპრილს ფედერალური ბიუროდან შემოსული დასკვნით, გამოირიცხა ამოღებულ სიგარეტის ნამწვზე მკვლელობის შემსრულებლების დნმ-ის არსებობა, თუმცა აღნიშნული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო და საქმე დასკვნის გარეშე წარიმართა სასამართლოში. საქმეს ასევე არ დაერთო 2006 წლის 8 თებერვლით დათარიღებული დასკვნა ლაბორატორიაში წარდგენილ მასალაზე თმისა და ბოჭკოების არარსებობისა და კვლევის არჩატარების შესახებ. ამ დასკვნების გამოკვლევის გარეშე, 2006 წლის 15 აგვისტოს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

გარდა აღნიშნულისა, ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსულია 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვით, მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი არ წარმოადგენს მკვლელობის შემსრულებელთა - ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილისა და ნოდარ გვიჩიანის თითის ანაბეჭდებს. არც აღნიშნული დასკვნა დაერთო საქმეს და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.

ზემოთ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნები ზრდის ვარაუდს, რომ მსჯავრდადებულ პირებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ. ასეთი ვარაუდი კიდევ უფრო საფუძვლიანი ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულმა სასამართლოებმა გია გვიჩიანი დამნაშავედ ცნეს მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი ჩვენების საფუძველზე - იმ პირის ჩვენების საფუძველზე, რომელმაც ამის სანაცვლოდ, თავისუფლება მოიპოვა. აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგას საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენების ობიექტურობაც, რამეთუ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა დადებოდა. ეს ექსპერტიზის დასკვნები გია გვიჩიანისა და მკვლელობაში მსჯავრდადებულ სხვა პირთა უდანაშაულობის სასარგებლოდ მეტყველებს.

"ვინაიდან სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს პროკურატურას ხელთ ჰქონდა ის მტკიცებულებები, რომლებიც თავის დროზე არ ყოფილა სასამართლოში წარდგენილი, ამიტომ სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის მიმართვის მიზნით დასკვნები გია გვიჩიანის ადვოკატებს გადაეცათ", - ამბობენ პროკურატურაში. პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით საქმე უკვე აღძრა და უნდა დადგინდეს, რატომ არ დაერთო ექსპერტიზის დასკვნები სისხლის სამართლის საქმეს.

ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გამოძიება თავიდანვე შეცდომით დაიწყო. ძალოვნებმა ამ დანაშაულში ვინმე დავით მჭედლიძე ამხილეს, რომელიც რობერტ ოქრუაშვილის ავტოსადგომში დარაჯად მუშაობდა, სადაც ნიკა ლომინაძე მანქანას აყენებდა. მკვლელობის ბრალდება მჭედლიძეს წაუყენეს და წინასწარი პატიმრობაც შეეფარდა. მოგვიანებით, ექსპერტიზით გაირკვა, რომ ამ დანაშაულთან მჭედლიძეს შეხება არ ჰქონია. იგი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ გახმაურებული საქმე კარგა ხანს გაუხსნელი იყო.

გვიჩიანის ადვოკატები ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მალე მიმართავენ, საქმის გადასინჯვასა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. სავარაუდოდ, ასეთი შინაარსის იქნება მკვლელობის უშუალო შესრულებისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი ნიკა ჩემიას შუამდგომლობაც.

ირმა ჭკადუა, გვიჩიანის ადვოკატი:

- თავიდანვე ვაცხადებდით, რომ გიორგი გვიჩიანი უდანაშაულო იყო. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი საქმის განხილვისას დასაბმელი იყო - ხედავდა, როგორ ენგრეოდა თავზე ბრალდება. ადამიანებს უვადო თავისუფლების აღკვეთა ისე ჰქონდათ მისჯილი, მტკიცებულება არ არსებობდა. ნაცვლად იმისა, გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა, მან ექსპერტებს არაკომპეტენტურები უწოდა და ეს განაჩენშიც ჩაწერა. არადა, პროცესზე დაკითხული სახელმწიფო ექსპერტები ამბობდნენ, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ "მაკაროვის" ტყვიას არ შეიძლებოდა, ისეთი დაზიანება მიეყენებინა მოკლულისთვის, რაც მას აღენიშნებოდა. გერმანიაშიც გავგზავნეთ მასალები და იქიდანაც იგივე პასუხი მივიღეთ. პროკურორმა ანზორ ხვადაგიანმა დამალა ფედერალური ბიუროს ექსპერტიზის შედეგები. არც უზენაესმა სასამართლომ ცნო დასაშვებად საქმე, რომელიც შემდგომ ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო. ახლა პროკურატურამ საზედამხედველო საქმეში აღმოაჩინა გადამალული დასკვნა, რაც გვიჩიანის უდანაშაულობას ადასტურებს. პარალელურ რეჟიმში დაწყებულია გამოძიება მტკიცებულებების გადამალვასთან დაკავშირებით, რასაც ორი ადამიანის სამუდამო პატიმრობა მოჰყვა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პროკურორები და ამ საქმის მოსამართლეები თანამდებობებზე რჩებოდნენ. მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

ირმა ჭკადუას თქმით, მთავარი მოწმეებიც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ. "ბურუსით არის მოცული ამ საქმის ორი ძირითადი მოწმის სიკვდილი. გენერალი დავით კეკუა იყო ამ საქმის გამყალბებელი იმ წუთიდან, როცა შემთხვევის ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი. თავიდან ტყვიის გულა ვერ აღმოაჩინეს. გამომძიებლებს დალუქული ჰქონდათ მტკიცებულებები, კეკუამ ის გაახსნევინა, დაბერტყა ბალიშის ჩასადები კონვერტი და იქიდან გადმოვარდა ტყვიის გულა. ასე იპოვეს მტკიცებულება. მოგვიანებით კეკუა დააპატიმრეს და ითქვა, თავი ჩამოიხრჩოო, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, ის მოკლეს. მეორე მოწმე - ხერკელაძე, რომელმაც პროცესზე აღიარა დანაშაული, გარდაცვლილია. რაც შეეხება ნოდარ გვიჩიანს, იგი 2005 წლის 10 ნოემბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. 5-ჯერ ნასამართლევს, უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. თავი გადაირჩინა, მკვლელობის შემკვეთად გიორგი გვიჩიანი დაასახელა და თქვა, 20.000 დოლარი გადაიხადაო. დაასახელა ასევე შემსრულებლებად - ნიკა ჩემია, გიორგი პაპაჩაშვილი და ავთანდილ ხერკელაძე. ამ საქმესთან ერთად, კიდევ ერთ მკვლელობაში ამხილა შემსრულებლად დასახელებული პირები და თქვა, - მათთან ერთად ჩავიდინე 1996 წელს თურქი ბიზნესმენის მკვლელობაო. ამ ჩვენების შემდეგ, 10 დეკემბერს ნოდარ გვიჩიანი გირაოთი გამოუშვეს და 500.000 ლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ მას არაფერი გადაუხდია. საქართველოც დაატოვებინეს. ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს".

ადვოკატის მტკიცებით, გია გვიჩიანი საქართველოს პრეზიდენტის პირადი პატიმარია. "იგი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეორე დღეს, სასწრაფო წესით დააკავეს, რადგან უნდოდათ, გადაეფარათ მომხდარი მკვლელობა. როცა მწვავე კითხვებს უსვამდნენ პრეზიდენტს, ის პასუხობდა, - რა დროს გირგვლიანის მკვლელებზეა საუბარი, როდესაც ჩვენი გუნდის წევრებსაც არ ვინდობთ და ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი დავაკავეთო. დარწმუნებული ვარ, დაზარალებულები შეცდომაში შეიყვანეს. კარგად მახსოვს, ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ლომინაძის მამამ მადლობაც გადამიხადა. ყველანაირად ვასაბუთებდით, რომ ეს ადამიანები უდანაშაულონი იყვნენ. პროკურატურა დაზარალებულებს აჯერებდა იმ ვერსიას, რაც მათ ჰქონდათ და არ უტოვებდა არანაირ ალტერნატივას, რეალობაზე ეფიქრათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გაიხსნება, ლომინაძეების ოჯახი ამას იმსახურებს. წლებია, მკვლელი გარეთ დადის და დასცინის საზოგადოებას, რომ დაუსჯელია. სამაგიეროდ, სასჯელს იხდიან უდანაშაულო ადამიანები. ნიკა ჩემიასაც ძალიან მაგარი ალიბი ჰქონდა: როცა მკვლელობა მოხდა, იგი 8 ადამიანთან ერთად მატარებელში იჯდა. ამას ადასტურებს "მაგთიდან" ამოღებული სატელეფონო ნუსხა. ანძების ჩანაწერიდანაც ჩანს, რომ ჩემია მიემართებოდა ბათუმში და მერე წავიდა გერმანიაში. ეს სერიოზული ალიბიც არ გაიზიარეს. ნიკა ჩემია უკანონო პატიმარია და ორივე, სასწრაფო წესით, ციხიდან უნდა გათავისუფლდეს", - აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

ამ მოსაზრებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან მოკლულის მშობლები და მოითხოვენ, გვიჩიანმა პასუხი აგოს ჩადენილისთვის.

ელენე პაპავა, მოკლულის დედა:

- 10 წელი გავიდა ჩემი შვილის მკვლელობიდან, თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი. არაფერი შეცვლილა ჩემთვის, მაგრამ გამაგებინეთ, "რუსთავი 2" გამუდმებით რატომ მიტრიალებს თვალწინ იმ საშინელ კადრებს, სადაც ჩემი მოკლული შვილი ჩანს? ხომ უნდა იფიქრონ ჩემზეც?! მინდა ყველამ გაიგოს: როგორ ფიქრობთ, ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი მათ უდანაშაულობაში, ასე გავჩუმდებოდი? იქ უნდა ისხდნენ ჩემი შვილის მკვლელები! სხვა მიზანი მე არ მაქვს. გასაგებია, გვიჩიანის ერთადერთი მიზანია, ციხიდან გამოვიდეს, მაგრამ მის დანაშაულში დარწმუნებულები ვართ. თუ გამოიძიებენ ამ საქმეს, სულ თავიდან გამოიძიონ, ოღონდ ისე არა, რომ მკვლელი გარეთ გამოვიდეს. ჯერ დამარწმუნონ, რომ ის დამნაშავე არ არის.

- ქალბატონო ელენე, ის საბედიწერო დღე იქნებ გაიხსენოთ.

- ნიკო თბილისში წინადღეს წამოვიდა. ცოლ-შვილი ურეკში ისვენებდა და იქიდან ჩვენთან, ოზურგეთში ჩამოიყვანა. არანაირი აღელვება არ ეტყობოდა. 11 აგვისტოს თბილისში წამოვიდა. თამუნა (ნიკოს მეუღლე) ნიკოს ორშაბათს, 12 აგვისტოს, ღამის პირველ საათამდე ესაუბრა. ნიკომ უთხრა, მანქანა დავაყენე და სახლში შევდივარო. მეორე დღეს დილიდან ურეკავდა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. თამუნა ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში - მთელი დღე ნიკუშას ტელეფონი გათიშულიაო. ნიკოს სამსახურის მეგობრის ნომერი აღმოაჩნდა და მისგან გაიგო, რომ იმ დღეს სამსახურში არ მისულა. ამის შემდეგ ავტეხეთ განგაში. ღამის ორ საათზე გავაღვიძე ჩემი ქმარი და ყველანი თბილისში წამოვედით. დილის 7 საათზე წამოვედით. ამ დროისთვის ნიკო ექსპერტიზაში იყო გადასვენებული.

- აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ ემთხვევა ბრალდებულების ანალიზს. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შემსრულებლები სხვა პირები იყვნენ?

- როცა ასეთ დანაშაულზე მიდიან, იქ კვალს არ ტოვებენ და სიგარეტს არ ეწევიან. დამნაშავეებმა ეს ჩემზე უკეთ იციან. ახლა გაიძახიან, გვიჩიანი უნდა გამოვიყვანოთ ციხიდანო. თუ არ არის დამნაშავე, გამოვიდეს და ჩასვან ციხეში მკვლელი. ნუთუ არ ეკუთვნის ამ საქმეს ნორმალური გამოძიება? სახლში სამსახურის საქმეზე საუბარი ნიკოს არ უყვარდა, მაგრამ გავიგონე, ერთხელ ლაპარაკობდა გვიჩიანზე, - ფულს აკეთებსო. არ მეპარება ეჭვი, რომ ამ საქმის უკან გვიჩიანი დგას. ჩემი შვილის პანაშვიდზეც იყო. არავინ ვიცნობდით, მაგრამ ჩემს ქალიშვილს, თამუნას მისთვის ყურადღება მიუქცევია, - კაცი ადგილს ვერ პოულობდაო.

- სხვა ვერსია მაშინ არ არსებობდა?

- შევარდნაძის ძმისშვილზე, ნუგზარ შევარდნაძეზეც იყო საუბარი, ვიღაც ჩვენს თანამემამულე დოლიძეზეც, თითქოს ის შუამავალი იყო. ისიც ითქვა, ყველაფერი რუსების ჯარებთან არის დაკავშირებულიო. ამ ყველაფერს გვიჩიანი ჰყვებოდა. ფაქტია, "თელასში" დიდი მაქინაციები ხდებოდა, ფული თეთრდებოდა და ნიკომ მათ გზა გადაუკეტა. გვიჩიანი ორჯერ დაიჭირეს ამ საქმეზე; პირველად თავდებში დაუდგნენ პარლამენტარები - აკაკი ბობოხიძე, გოჩა ჯოჯუა და გუბაზ სანიკიძე. მაშინ "ეი-ი-ეს თელასის" ხელმძღვანელი, ირიბარენიც ჩამოვიდა ამერიკიდან და გვიჩიანზე თქვა, - ისეთი სუსტი ადამიანია, ყველაფერს დაფქვავს და ციხეში მისი დატოვება არ შეიძლებაო. ყველა გზა გვიჩიანისკენ მიდის. თუ არ დაისჯება დამნაშავე, ამას გავაპროტესტებთ. მისი გამოსვლა საქმის გამოუძიებლად არ უნდა მოხდეს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ