პატიმრები სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვენ

პატიმრები სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვენ

გიორგი გელაძე უვადო პატიმარია. გლდანის ციხეში იხდის სასჯელს, დანაშაული კი ისეთი აქვს: თავდაცვის მიზნით მოკლული ჰყავს 4 ადამიანი, ორი - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ორიც საქართველოს ტერიტორიაზე. მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა და მოხდილი აქვს 17 წელი. საქართველოში მყოფი 92 უვადო პატიმრიდან ყველაზე მეტი მას აქვს გატარებული ციხეში. 15 აპრილს ღამის 11 საათზე "ალიას" სწორედ გიორგი გელაძე დაუკავშირდა გლდანის ციხიდან შემდეგი ინფორმაციით.

- დღეს, 15 აპრილს, 75-მა უვადო პატიმარმა გამოვაცხადეთ უვადო შიმშილი და უარი განვაცხადეთ საკვების მიღებაზე გლდანის მე-8 დაწესებულებაში.

- რას მოითხოვთ?

- მოვითხოვთ იმას, რომ უვადო სასჯელი შეიცვალოს დახვრეტით, რადგან უვადო პატიმრობის სასჯელი არარეალური განთავისუფლების შესაძლებლობით, როგორც დღეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 25 წლის მერე შეიძლება უვადო მსჯავრდადებული პირობით ვადაზე ადრე იყოს განთავისუფლებული, ეს არის არარეალური და შენელებული სიკვდილის ფორმა! რაც თავის დროზე თომას ჰამერბერგმა თავისი 2008 წლის 20 თებერვლის მოხსენებაში ნათლად ასახა და იგივე არის გაეროს მოხსენებაში ნათქვამი. თომას ჰამერბერგს, ვინც ხშირად სტუმრობს საქართველოს, აქვს რეზოლუცია გამოცემული და ეს რეზოლუცია მე მაქვს ხელში, რომელიც მან მიიღო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში ჩემი ხელმძღვანელობით უვადო პატიმრებმა მოვაწყვეთ შიმშილობა და 80 კაცი ვშიმშილობდით თითქმის 30 დღე, ეს იყო 2008 წელს და ჰამერბერგმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ თუ უვადო მსჯავრდადებულებს ყოველგვარი იმედის გარეშე პატიმრობაში ამყოფებენ, და თუ მათ გარკვეული ვადის მოხდის შემდეგ არ ექნებათ ვადამდე განთავისუფლების შესაძლებლობა, ეს ტოლფასია შენელებული სიკვდილისა და ეს დაუშვებელიაო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 65 წელი, 25 წელი არ არის ნამდვილად ცოტა.

არსებობს გაეროს 95 წლის რეზოლუციაც, სადაც ნათქვამია, რომ უვადო პატიმრობაში პიროვნების აყვანის დროს, ასეთი მსჯავრი არ აღწევს მიზანს, რადგანაც ეს მძიმე ტვირთად აწვება "ნალოგების" გადამხდელებსაც. ამიტომ ევროპის საბჭოში იყო მიღებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც მე-11 პუნქტში მითითებულია, რომ უვადო მსჯავრდადებულთა განაჩენები უნდა გადაიხედოს პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად 8-დან 14 წლამდე სასჯელის მოხდის პერიოდში. შვეიცარიაში ასეთ შემთხვევაში აღებულია 9 წელი, საშუალოდ, ინგლისში 14 წელია და საქართველოში 25 წელია მაქსიმალური. მეორე მხრივ, 2012 წელს დეკემბრის ამნისტია რომ იქნა მიღებული, ამით შეიძლებოდა ამ ყველაფრის დარეგულირება, მაგრამ ამნისტიის აღსრულებამ გამოიწვია თავისებური იურიდიული კაზუსი, როცა სასამართლოები დაიბნენ: მათ არ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ეს ამნისტია უვადო მსჯავრდადებულებისთვის.

- უვადო მსჯავრდადებულები საერთოდ არ იყო ნახსენები ამნისტიაში?

- ნახეთ, როგორ არის: ამნისტიაში არ წერია სიტყვა, რომ შეღავათი უვადო მსჯავრდადებულებზე არ ვრცელდება. არადა, არის ასეთი პრინციპი, რომ, თუ არ არსებობს კანონი, მაშინ არ არსებობს დანაშაული.

- ე.ი. თუ კანონმა არ აკრძალა რამე, მაშინ ის დაშვებულია?

- დიახ და რადგანაც ამნისტიაში არ ახსენებენ უვადო მსჯავრდადებულებს, ის უნდა გავრცელებულიყო უვადოებზე, მაგრამ არ გავრცელდა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ დავიწყეთ შიმშილობა.

- მე ვიცი, რომ 92 უვადო პატიმარი ხართ და ყველა არ შიმშილობს?

- მხოლოდ 75-მა კაცმა დავიწყეთ! ვინც აქ ვართ, გლდანის ციხეში, ვინც ავადმყოფი არ არის და ვინც "რეზბალნიცაზეა" გადაყვანილი, ისინი არ შიმშილობენ მხოლოდ. ყველანი ვართ მამაკაცები, თუმცა 4 ქალიცაა მისჯილი.

- რა მოთხოვნები გაქვთ?

- მთავარი მოთხოვნა ის დავაყენეთ, რომ, თუკი ჩვენი მდგომარეობა ასეთი დარჩება, მაშინ გვირჩევნია, დახვრეტით შეგვიცვალონ ეს პატიმრობა და რატომ მივედით ამ დონემდე, ახლავე აგიხსნით: საკანონმდებლო დონეზეც და სასამართლო ხელისუფლების დონეზეც ვიყავით სრულიად იგნორირებულები, ჩვენ ამ ამნისტიის მიხედვით ვადის ერთი მეოთხედით გვეკუთვნოდა სასჯელის მოკლება, მაგრამ უარი გვითხრეს და არ მოგვაკლეს და გვითხრეს, რომ, როცა შეგეცვლებათ სასჯელები და ვადიანზე გადახვალთ, მაშინ მოგაკლებთო. პარლამენტი კი ამას არ აკეთებს. ამასთანავე, გვეგონა, რომ პარლამენტი მოგვაქცევდა ყურადღებას და გაიტანდა სასამართლოს ხარვეზების აღმომფხვრელი კომისიის შესახებ კანონპროექტს და ეს კომისია რომ ამუშავდებოდა, ვინც ჩვენს შორის უდანაშაულოა, და არის ასეთი ადამიანები, ვისაც არასწორი კვალიფიკაციით აქვს მინიჭებული უვადო სასჯელი, მივმართავდით ამ კომისიას და იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განაჩენები გადაიხედებოდა, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს, განაცხადეს, რომ წლის ბოლოს შეიქმნება ეს კომისია.

- და რატომ წლის ბოლოს?

- გვითხრეს, ვენეციის კომისიასთან გვინდა შეთანხმებაო, რადგანაც ვიღაცა წინააღმდეგია ამ კომისიის შექმნის, ვიღაც თანახმაა. მოკლედ, ამნისტია არ შეგვახეს და კანონიერი მოთხოვნების მიუხედავად არც კომისია არ შექმნეს ამ ძალაში შესული განაჩენების გადასახედად, არც შეკრებითობის პრინციპზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს არ შეახეს, ხომ? გამოდის, რომ უვადო პატიმრებს დისკრიმინაცია მოგვიწყვეს, ყველამ ფეხზე დაგვიკიდა, პარლამენტმაც და ხელისუფლებამაც. გვითხარით, რა დაგვრჩენია? რა აზრი აქვს რამეს?

- ვინმემ მოგინახულათ?

- არავინ! არავინ! ადმინისტრაციამ შეადგინა ოქმი, მოვაწერეთ ხელი ყველამ და განცხადებები დავგზავნეთ ეკა ბესელიასთანაც, წულუკიანთანაც, პრემიერთანაც, არ დაგვიტოვებია ინსტანცია.

- სუბარი იყო მოსული?

- არა, მაგრამ იურისტებისგან ვიცით, რომ ინფორმირებულია ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ.

- რას აპირებთ?

- არც არაფერს, გავაგრძელებთ მშვიდად შიმშილს. მოვითხოვთ, რომ მოვიდეს ბესელია და ვახტანგ ხმალაძე და პირადად მე ვარ ბიჭების სახელით მოლაპარაკე და სხვებიც არიან და ვისაც შეუძლია თავისი უფლებების დაცვა. ვითხოვთ, ერთი საბუთი მაინც დაგვიდონ, არ არის კანონიერი ჩვენი მოთხოვნა, რასაც, წესით და კანონით, ვითხოვდით. თუ არადა, ბოლომდე შევაკლავთ თავს. არაფრით არ დავიხევთ უკან! ბოლომდე ვიდგებით და თუ შევამჩნიეთ, რომ ძალიან ცუდად გახდებიან ბიჭები, გავაკეთებთ კარუსელს, 20-20 კაცი ერთმანეთს შევეცვლებით. ეს ვიცით კარგად. თუ ევროსტანდარტებს არ მიიღებენ, არ გავჩერდებით, რადგანაც ოჯახის წევრებისთვის არც მკვდრებში ვართ და არც ცოცხლებში. დასაკარგი კი ჩვენ ნამდვილად არაფერი არ გვაქვს. ჩვენი სიტყვის პატრონები ვართ და ნახავთ ამას.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ