სანახაობა, რომელიც დასახიჩრებითა და ფატალური შედეგებით სრულდება - კრწანისში დაანონსებული დაუნდობელი "ძაღლური ჩხუბი"

სანახაობა, რომელიც დასახიჩრებითა და ფატალური შედეგებით სრულდება - კრწანისში დაანონსებული დაუნდობელი "ძაღლური ჩხუბი"

საქართველოში ცხოველების უფლებების დამცველი ორგანიზაციები ბოლო რამდენიმე წელია გააქტიურდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოთხფეხა მეგობრების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში გარანტირებულია. სოციალური ქსელები და სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალები აჭრელებულია ძაღლების დაუნდობელი და სისხლიანი ორთაბრძოლის ამსახველი ვიდეომასალით, სადაც ოთხფეხა მეგობრებს საკუთარი პატრონები არც მეტი, არც ნაკლები, სასიკვდილოდაც კი იმეტებენ. ამ ყველაფერს, ხშირ შემთხვევაში ერთგვარი აზარტიც თან ახლავს ფულადი ფსონების სახით.

"ახალგაზრდა მწვანეების" ინფორმაციით, ე.წ. ძაღლების მორიგი მასშტაბური ჩხუბი იანვრის ბოლოს კრწანისის რაიონში იგეგმება. ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია და ახალგაზრდა მწვანეები დაგეგმილ ღონისძიებას აპროტესტებენ და სამართალდამცავებს მობილიზებისკენ მოუწოდებენ.

ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების პრეზიდენტი თეიმურაზ წიქორიძე გასულ წელს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მასშტაბურ ძაღლების ჩხუბს იხსენებს:

"სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოსული 3 ათასი მეცხვარე და არა მარტო ისინი, კავკასიური ნაგაზების სატესტო შეჯიბრებას გეგმავდნენ, თუმცა ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის ორგანიზაციამ ამ ღონისძიების ჩატარებას ხელი შეუშალა. მიზეზად ცხოველთა უფლებების დარღვევა დასახელდა. ძაღლების პატრონები კი თავს იმით იმართლებდნენ, რომ მეცხვარე ძაღლისთვის მსგავსი ტესტი აუცილებელია, რათა გაირკვეს, რამდენად მამაცია იგი და შეუძლია თუ არა ცხვრის დაცვა. დაგეგმილი ღონისძიება იმ დღეს მაინც ჩატარდა, თუმცა არა ისეთი ფართო მასშტაბებით, როგორც დაგეგმილი იყო."

საქართველოში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულადაა მიჩნეული და მას იცავს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლი: კერძოდ, "ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, მისი დაღუპვა ან დასახიჩრება, აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ხოლო ჯგუფურად ჩადენილი იგივე ქმედება არაერთგზის მცირეწლოვანის თანდასწრებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე."

თეიმურაზ წიქორიძე პრობლემის მთავარ მიზეზად ქვეყანაში არსებულ ლიბერალურ კანონს მიიჩნევს და სამართალდამცავების უმოქმედობაზე საუბრობს:

"შარშან თბილისის ზღვაზე დაგეგმილი ძაღლების შეჯიბრის დროს პოლიციამ არ გაატარა სათანადო ზომები. არავისთვის ჩამოურთმევიათ ხელწერილი პირობით, რომ მსგავსი შეჯიბრი აღარ ჩატარდებოდა, ძაღლები სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს და მაინც აჩხუბეს. მოგვიანებით გავიგე, რომ საკმაოდ ბევრმა ძაღლმა ჩხუბის შემდეგ სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ამის შემდეგ საგარეჯოს რაიონში დაიგეგმა ძაღლების ჩხუბი. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მივწერეთ წერილი ამის შესახებ, ჩხუბები მაინც ჩატარდა და ეს თავად შსს-მ გვაცნობა", - ამბობს თეიუმაზ წიქორიძე.

კანონის ძალით საქართველოში არასდროს არავინ დასჯილა. აშშ-სა და ევროპაში საკმაოდ მკაცრი კანონია ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ - ზოგ შტატში ასეთი ქმედება ისჯება 100 ათასი დოლარით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ათ წლამდე. გარდა ამისა, ძაღლის მფლობელს ცხოველი ჩამოერთმევა.

"საქართველოში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა წახალისებულიც კი არის, - ამბობს თეიმურაზ წიქორიძე, -სოციალურ ქსელებში ხშირად მსგავსი ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია დადებით კონტექსტში ვრცელდება. ერთვარი პოპულარიზაციაც კი ხდება სხვადასხვა რიტუალების, ცხოველების დაკვლის, ნადირობის. წამახალისებელი გარემოებაა ისიც, რომ ხშირად ძაღლებს ფულის გამო აჩხუბებენ და საკმაოდ მაღალი ფსონები იდება ხოლმე. არის ქვეყნები, მაგალითად იაპონია, სადაც ძაღლების შეჯიბრი სპორტულ სანახაობად არის აღიარებული და მას ოფიციალური სახე აქვს, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იქ შეჯიბრის მონაწილე ძაღლები ალიკაპების გარეშე არ დაიშვებიან, რაც მათი უსაფრთხოების გარანტია."

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები და "ახალგაზრდა მწვანეები" კრწანისში დაგეგმილ ძაღლების ჩხუბს აპროტესტებენ და უახლოეს მომავალში აქციის გამართვასაც გეგმავენ.

ცნობისთვის: ცხოველთა უფლებებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში იცავს "ცხოველთა დაცვის მსოფლიო დეკლარაცია", რომელიც 1977 წლის 23 სექტემბერს ლონდონში მიიღეს, 1990 წელს კი მსოფლიომ აღიარა. კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ცხოველებზე ისეთი ექსპერიმენტები, რომლებიც იწვევენ მათ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას, არღვევენ ცხოველთა უფლებებს. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ დეკლარაციის ხელმომწერი არ არის.

ასევე იხილეთ: კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ