რით "მოარჯულებენ" აგრესიულ პატიმრებს საქართველოში - წიწაკის გაზი, წყალსატყორცნი, რეზინის ხელკეტები და სასამსახურო ძაღლი

რით "მოარჯულებენ" აგრესიულ პატიმრებს საქართველოში - წიწაკის გაზი, წყალსატყორცნი, რეზინის ხელკეტები და სასამსახურო ძაღლი

საპატიმრო დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე ახალი სპეციალური საშუალების გამოყენება ხდება დასაშვები. სადღეისოდ ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა თუ ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მის მიმართ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება არის დასაშვები.

პარლამენტს უკვე წარედგინა "პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომლის მიხედვით, ხელბორკილისა და დამაწყნარებელი პერანგის გარდა, პატიმრის მიმართ დასაშვები ხდება, ისეთი ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მთლიანად გადაიხედა ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან დაკავშირებული საკითხები, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დადგენილი წესები. მთელი რიგი მიმართულებით პატიმართა სასარგებლოდ იცვლება მათი უფლებრივი მდგომარეობა და პირობები. სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებსაც შეეხება.

პროექტის მიხედვით, "პატიმრობის კოდექსში" განისაზღვრება რა გარემოებების არსებობისას რა სახის სპეციალური საშუალება უნდა იყოს გამოყენებული და რა წესების დაცვით.

მაგალითად, ხერბორკილი გამოყენებულ უნდა იქნას საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, ან შეიძლება წინააღმდგობა გაუწიოს, ან ცდილობს გაქცევას გაყვანა-გადაყვანისას. ხელბორკილის გამოყენება მაშინაც მოხდება, თუ პირს თავისი ქმედებით შეუძლია საკუთარ თავს ან სხვას მიაყენოს ზიანი.

დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი ისეთი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ იქნება გამოყენებული, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, ან შეიძლება წინააღმდგობა გაუწიოს, ან გამოხატავს აგრესიას, თუ პირს თავისი ქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვას. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით მოხდება.

რეზინის ხელკეტი და წიწაკის გაზი პატიმრის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან სხვა მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით გამოიყენება.

კანონპროექტის მიხედვით, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ გარშემომყოფთა მიმართ, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მასობრივი არეულობის ან ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად გამოიყენება.

პროექტში ასევე გაწერილია ის შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის, წყალსატყორცნი საშუალებების და სასამსახურო ძაღლის გამოყენება უნდა მოხდეს.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია.

სპეციალური საშუალების გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ