ტრაგედიით დასრულებული ჯოკერი - "მკვლელიც და მოკლულიც მეგობრები იყვნენ"

ტრაგედიით დასრულებული ჯოკერი - "მკვლელიც და მოკლულიც მეგობრები იყვნენ"

თბილისში 20 წლის ახალგაზრდა მოკლეს - ჩუღურეთის რაიონში, ზაზიაშვილის ქუჩაზე (ყოფილი მონტინი) ზუკა ოჩიგავას ცხედარი იპოვეს. ზუკა ჩუღურეთის რაიონში ბებიასთან და ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა. ის დიღომში ცხოვრობდა, თუმცა ნახალოვკაში ბევრი მეგობარი ჰყავდა და უბანს ხშირად სტუმრობდა.

ამასთან, გავრცელდა ვერსია, რომ ახალგაზრდა, სავარაუდოდ, 100 ლარის გამო მოკლეს. ამ ვერსიის თანახმად, ოჩიგავამ "ჯოკერში" 100 ლარი წააგო, თუმცა თანხა არ ჰქონდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დ. გ.-მ კი, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების მომხმარებელია, მოგებული თანხა კატეგორიულად მოითხოვა.

იმის გამო, რომ ოჩიგავას 100 ლარი არ ჰქონდა, დ. გ.-მ მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

"ამბები.გე"-ს კორესპონდენტი ოჩიგავას მეზობლებსა და მეგობრებს გაესაუბრა. მათი თქმით, 20 წლის ახალგაზრდას ჭრილობები როგორც ცეცხლსასროლი, ასევე ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თათა მერებაშვილი ( ზაზიაშვილის ქუჩის მცხოვრები, გარდაცვლილის მეგობარი):

"მეგობრებმა დამირეკეს, ზუკა დაჭრესო, რომ ამოვედი უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი. რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი უბნის ბიჭებთან ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი უბნიდან არავის მოკლული არ არის. სავარაუდოდ, ვიღაცასთან მოუვიდა შელაპარაკება. ზუკას ეძახდნენ, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი გიგაა. ამბობენ, ფეხზე დაახლოებით ორთეთრიანის ხელა ჭრილობა ჰქონდა, თქვეს, რომ არტერიაშიც იყო დაჭრილი".

მეზობლები აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია მკვლელის ვინაობა და ის კუკიელი დათოა. "ეს რა უბედურება გვჭირს ქართველებს, 20 წლის ბავშვი ამ უბანში მოკლეს, აქ მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, ვიღაც დათომ მოკლა, გვარი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ამ უბნელი არ არის, კუკიიდან არის", - ამბობს ზუკა ოჩიგავას ერთ-ერთი მეზობელი.

ზაზიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები მოკლულს დადებითად ახასიათებენ. "ძალიან კარგი ბიჭი იყო, რა მოხდა ვერაფერს გეტყვით. მე როგორც ვიცი, მეგობრები იყვნენ, მკვლელიც და გარდაცვლილიც. პატარა შელაპარაკება მოუვიდათ და ეს ამბავი მოხდა".

გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დიღომში გადაასვენეს. ზუკას სახლთან მისი ახლობლები და ნათესავები არიან შეკრებილები. როგორც ოჯახის ახლობელი ყვება, მკვლელობა "ჯოკერის" თამაშის დროს შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. "ძალიან კარგი, წესიერი, მშრომელი ბავშვი იყო. არასდროს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. უბანში "ჯოკერს" თამაშობდნენ და შელაპარაკება მოსვლიათ თამაშის დროს. თურმე ისეთ ადგილას ესროლა ზუკას, რომ იცოდა, ვერ გადარჩებოდა. თუმცა, რაზე მოუვიდათ შელაპარაკება, ეგ უკვე არ ვიცი".

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უკვე ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ელენე ცინცაძე

ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ