დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლომ უარი განაცხადა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა განუცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილს ელექტრონული სამაჯურიც მოეხსნება.
დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით, საფრანგეთში დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ იგი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე.
გადაწყვეტილების თანახმად, კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 9:00-დან 21:00 საათამდე. ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა 6 თვე.
რაც შეეხება საქართველოში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეებს, მის წინააღმდეგ 2 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი საქმე კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი ტელეკომპანია "იმედის" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად.