გეგუთის ციხეში გარდაცვლილი 25 წლის გიგა ფარტენაძის დედა მზია ნიქაბაძე აცხადებს, რომ მის შვილს თავში ჩაიდანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ცხოვრობენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, გუშინ გაიგეს, რომ პატიმარი ციხის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
გიგა ფარტენაძის ძმა, კობა ფარტენაძე ამბობს, ჩუხის გამომწვევი მიზეზი ოჯახისთვის ჯერ უცნობია.
"გუშინ დარეკეს და მითხეს, რომ გიგა მოთავსებული იყო საავადმყოფოში. მხოლოდ ის ვიცი, რომ მოხდა ჩხუბი და ჩაიდანი აქვს თავში ჩარტყმული", - აღნიშნა კობა ფარტენაძემ.
მისივე განმარტებით, მისი ძმა ყაჩაღობის ბრალდებით 2011 წელს დააპატიმრეს, თურქ მეზობლებთან კონფლიქტის გამო.
"მოხდა კონფლიქტი, თურქი მოქალაქე გალახა და ამის გამო ხულიგნობის ნაცვლად, ყაჩაღობის მუხლით 16 წელი შეუფარდეს", - აღნიშნა კობა ფარტენაძემ.
გარდაცვლილის ბებია ნანა კომახიძე განმარტავს, რომ წერილები გააგზავნა სხვადასხვა უწყებაში და მისი შვილიშვილის საქმის გადახედვა მოითხოვა, თუმცა მის წერილებს არ უპასუხეს:
"თურქები სასამართლოს არ დასწრებიან. შეფარდების დროს მხოლოდ ერთხელ გამოვიდნენ სასამართლოზე და თქვეს, რომ ოქრო ჰქონდათ სახლში. ორი უზბეკი, ცუდი ყოფაქცევის ქალი ამბობდა, რომ სახლში სამკაულებიც იყო. სასამართლოზე ბავშვმა თქვა, რომ გასალახი იყო და გავლახეო. სად არ გავაგზავნე წერილი, იმედი მქონდა, რომ გაათავისუფლებდნენ", - აღნიშნა ნანა კომახიძემ.
ოჯახის წევრები პატიმრის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სამინისტროს აკისრებენ.