ქმრის მკვლელობისთვის და შეკვეთილი მკვლელობისთვის ბრალდებული ქალბატონების გულახდილი ინტერვიუ

ქმრის მკვლელობისთვის და შეკვეთილი მკვლელობისთვის ბრალდებული ქალბატონების გულახდილი ინტერვიუ

გისოსებს მიღმა მყოფი ქალბატონების ისტორიები სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებიდან.

შენობაში შესვლამდე შემოწმება გავიარეთ, ამის შემდეგ ჯერ ერთი რკინის კარი გაიღო, მერე - მეორე. ასე აღმოვჩნდით ადმინისტრაციულ კორპუსში, სადაც მე-#5 დაწესებულების დირექტორი, ქალბატონი ნესტან ვერულაშვილი სტუმრებს ღიმილით შემოგვეგება. სულ მალე დაწესებულების ეზოში აღმოვჩნდით. ქალთა დაწესებულება უზარმაზარ ტერიტორიაზეა განთავსებული. რამდენიმე კორპუსია და ყველა მათგანი ერთმანეთისგან იზოლირებულია. ღია და დახურული ტიპის დაწესებულებებში პატიმარი ქალები სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიან. ტერიტორია სათვალთვალო კოშკურებიდან მუდმივად კონტროლდება.

ქალბატონი ნესტანი დაწესებუ­ლების ბიბლიოთეკისკენ გაგვიძღვა. თურმე იქ ხშირად იმართება პოეზიის საღამო და სხვა ღონისძიებები. იქაურობა უამრავი წიგნით არის სავსე. ერთ კუთხეში საბავშვო ლიტერატურა იყო ჩამწკრივებული. ამ წიგნებით ის დედები სარგებლობენ, რომლებიც შვილებთან ერთად იხდიან სასჯელს.

ოთახში შემოსულ ქალბატონებს წინ პატარა ბიჭუნა სირბილით მოუძღოდა და ყველაზე წინ სკამზე ის მოკალათდა. ქალბატონმა ნესტანმა მსჯავრდადებულებს დედის დღე მიულოცა. ქალებს იების თაიგულები "გლობალ ბიჯის" წარმომადგენლებმა გადასცეს. პატარებმა საჩუქრად სპორტული ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული მიიღეს. არც ფეხმძიმე ქალები დარჩენილან საჩუქრის გარეშე. მომავალ დედებს ჩვილისთვის საჭირო თეთრეულის კომპლექტი გადაეცათ.

- ახლა თქვენს სახლში გვიმას­პინ­ძლეთ, - უთხრა მათ ღიმილით დირექტორმა და ამის შემდეგ დედათა და ბავშვთა საცხოვრებელი კორპუსისკენ წავედით. ამჟამად იქ 5 ქალი იხდის სასჯელს. 3 მათგანი მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, 2 ფეხმძიმეა და შვილის გაჩენას ელოდება. მათი კორპუსი ერთსართულიანია, ყველას თავისი ოთახი აქვს. საცხოვრებელი კორპუსის წინ საბავშვო ატრაქციონია, სადაც პატარები ერთობიან.

ცალკეა სათამაშო ოთახიც, სადაც პატარა მაგიდა და რამდენიმე სკამი დგას. კედელზე დიდი პლაზმური ტელევიზორია, იქვეა დივიდი და მულტფილმების ჩანაწერები. შესასვლელში დიდი სამზარეულო ოთახია, სადაც მაგიდა, მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და სხვა საჭირო ნივთებია. დედები თავიანთი ხელით უმზადებენ შვილებს საჭმელს. თითოეულ დედას საძინებელ ოთახში კედელზე შვილების ფოტოები აქვს გაკრული. უფრო მეტად მათი, რომლებიც გარეთ ელოდებიან. ყველას სალოცავი კუთხე მოწყობილი აქვს. ყველგან პატარა საწოლი დგას დედის საწოლის გვერდით.

სტუმრებმა პატიმარ ქალებს თავისუფლება და ბედნიერი დედობა უსურვეს და იქაურობა დატოვეს. მე კი დავრჩი და ამის შემდეგ მათთან განმარტოების საშუალება მომეცა.

ახალგაზრდა ქალბატონი ლამაზ, ხუჭუჭა ბიჭთან ერთად იდგა და შვილს "პეჩენიას" აძლევდა. მათ მივუახლოვდი და ქალს კარგად დავაკვირდი, რადგან მეცნო. ბოლოს მივხვდი, რომ ის ნამდვილად ელენე იყო.

- თქვენ ელენე თუშიშვილი ხართ? - ვკითხე მას.

- დიახ!

- თქვენს სასამართლო პროცესებზე დავდიოდი და გიცანით. მკვლელობის თანამონაწილეობაში გედებოდათ ბრალი, ხომ?

- სასამართლო პროცესებზეც ეს ქუდი და კაშნე მეკეთა და ალბათ ამით ამომიცანით, - მიპასუხა ახალგაზრდა ქალმა და ბავშვი ხელში აიყვანა.

ელენე 7 თვის ფეხმძიმე დააკავეს. მას თბილისში მომხდარ მკვლელობაში თანამონაწილეობა ედებოდა ბრალად. დანაშაული მთაწმინდაზე, ცხემის ქუჩაზე მოხდა. შპს "თბილისის ავტობუსის" გენერალური დირექტორის მოადგილე, გია წულაძე 2009 წლის 29 აპრილს, სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოკლეს. კილერი მას იქვე ჩაუსაფრდა და მაშინ ესროლა, როცა წულაძე მანქანიდან გადმოვიდა. საქმე მთელი წელი გაუხსნელი იყო, ძალოვანებმა დაადგინეს, რომ ქმრის მკვლელობა მეუღლემ, ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილმა შეუკვეთა და ამაში 5.000 დოლარი გადაიხადა. მას საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი, - საყვარელიძე ამხელდა. ინგა წულაძესთან ერთად მკვლელობის უშუალო შემსრულებელი, ზურაბ სოლომნიშვილი და წულაძეების ოჯახის მოსამსახურე, ელენე თუშიშვილიც აიყვანეს. გამოძიების მტკიცებით, ელენე თუშიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილსა და ზვიად საყვარელიძეს შორის და სწორედ მისი დახმარებით გადასცა შემკვეთმა ფული საყვარელიძეს. თავად ელენე თუშიშვილი არც მაშინ აღიარებდა ბრალს და არც ახლა აღიარებს, თუმცა მას 16 წელი მიესაჯა და ბევრი წელი დარჩა თავისუფლებამდე. ინტერვიუზე მისი დათანხმება გამიჭირდა. - რა მნიშვნელობა აქვს, რას ვიტყვი? მაინც არაფერი შეიცვლება, ახლა ყველაზე დიდი სადარდებელი ჩემთვის ჩემი შვილია, - მითხრა და ატირდა. დამშვიდება ვცადე, თუმცა ვერ შევძელი, ის მაინც ქვითინებდა. მიზეზით დავინტერესდი. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა:

- ორ კვირაში აქედან ჩემს შვილს წაიყვანენ და არ ვიცი, რა მეშველებაო. ისევ ატირდა. კანონით, ბავშვი ციხეში დედასთან ერთად 3 წლამდე რჩება, ამის მერე დედას შვილს ართმევენ და პატარა სხვების მზრუნველობის ქვეშ გადადის. პატარა ბიჭუნაც ელენეს დედამ უნდა წაიყვანოს და სწორედ შვილთან განშორებას ვერ ეგუება.

ელენე თუშიშვილი:

- 2 კვირაში ჩემი შვილი მიჰყავთ აქედან და ძალიან განვიცდი. უამრავი წერილი დავწერე და დახმარებას ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ. 3 წელი და 6 თვეა, მე და ჩემი შვილი ერთად ვცხოვრობთ. ყველაფერი მან გადამატანინა. კანონი გვაშორებს დედა-შვილს და ამას ძალიან განვიცდი. სულ ვტირი. ბევრი ვიბრძოლე, რომ შვილი ჩემ გვერდით ყოფილიყო. 6 თვით გამიხანგრძლივეს მასთან ყოფნა, მაგრამ ახლა უნდა დაგვაშორონ. სხვა გზა აღარ დამრჩა, კარგად ვიცი, აქ მისი დარჩენა უკვე მართლა არ შეიძლება, ძალიან მოაზროვნე ბავშვია, მაგრამ რა ვქნა მის გარეშე? ვიცი, მასაც გაუჭირდება, ვცდილობ, შეეგუოს ამას და ვამზადებ. როცა ვეტყვი, - უნდა წახვიდე ბებოსთან-მეთქი, ნერვიულობს. ამბობს, - შენთან მინდაო. ალბათ გული გამისკდება მის გარეშე. იძულებული ვარ, ამ მსხვერპლზე წავიდე. ბევრი ქალი გავიდა აქედან შვილთან ერთად, მე კი ვიქნები ის დედა, რომელიც შვილს გაუშვებს და თვითონ დარჩება. საშინელი წლები მაქვს გამოვლილი. 7 თვის ფეხმძიმე სახლიდან გვიან ღამით წამიყვანეს განყოფილებაში. სასამართლო პროცესებზე რომ დავდიოდი, მაშინ ერთი თვის ბავშვს სასამართლოს სარდაფში ვტოვებდი. ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ბავშვი გაჰყავდათ ხშირად ზაფხულობით ჩემებს. როგორც კი მოიწყენდა, მაშინვე მოჰყავდა დედაჩემს უკან. ძალიან ემოციური ბავშვია. როცა აქედან ბავშვები და დედები გადიან, იმასაც განიცდის. ერთი ბავშვი რომ გავიდა, ჩემს შვილს ნერვიულობისგან სიცხე მისცა. არავინ თქვას, რომ ჩემი ესმის. არავის ესმის. ეს იმხელა ტკივილია, თუ არ გამოცადე, ვერ გაიგებ, გამოცდას კი არავის ვუსურვებ, რადგან საშინელი ტკივილი და განცდაა. საოცრად მინდოდა შვილის გაჩენა, ამ გრძნობითა და განცდით დავდიოდი და უცებ, აქ გამომკეტეს.

- თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდით, ახლა რას იტყვით თქვენს ბრალზე?

- არ ვარ დამნაშავე. მითხარით, რაში სჭირდებოდათ ჩემი შუამავლობა მათ, როცა ინგა წულაძე საყვარელიძეს ჩემზე კარგად იცნობდა? არ ვიცი, იქ რა მოხდა. თავად ინგაც უარყოფს მკვლელობის შეკვეთას. ის ვიცი, რომ მე არ ვარ დამნაშავე, მაგრამ ერთადერთი გზა ჩემი საქმის გადახედვის არის ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა. ყველას მინდა მივმართო: შვილის გარდა დღეს არავინ და არაფერი მაინტერესებს. ვისაც შეუძლია ჩვენი დახმარება, ვთხოვ, არ დაგვაშორონ ერთმანეთს. ჩემ გვერდით რომ არის, მშვიდად ვარ, სულ მასზე ზრუნვაში ვარ და ტკივილიც ასე გადამაქვს. საშინელებაა ციხეში მოხვედრა. თავიდან, როცა შენთვის ციხის კარი იხურება, ვერ ხვდები, კიდევ რა დაგატყდა თავს. 2 დღე-ღამე "კაპეზეში" წყალიც კი არ დამილევია. ძალიან დიდი ზეწოლა იყო ჩემზე პოლიციის სამმართველოშიც. ფიზიკურად არ შემხებიან, რადგან ფეხმძიმე ვიყავი, მაგრამ ფსიქოლოგიურად გამანადგურეს. 20 ადამიანი იყო ოთახში და ყველა შეურაცხყოფას მაყენებდა, მაგინებდნენ საშინელი სიტყვებით...

ახლა განადგურებული ვარ. სულიერად მინდა გავძლიერდე, მაგრამ ხშირად არ გამომდის. როცა დამინახავს ვტირი, მოდის და მეუბნება, - დედა, არ იტირო. ვცდილობ, ბავშვს არ დავანახო ჩემი ცრემლი, მაგრამ რა ვქნა? ვიცი, რომ წავა, ვეღარ შემოიყვანენ ჩემს სანახავად.

- რატომ?

- მისთვის ეს სამყარო ცნობილია. იცის, სად რა არის. ის პაემანზე რომ მოვიდეს, ჩემთან დარჩენა აუცილებლად მოუნდება და უარით დიდ ტკივილსა და სტრესს მიიღებს. ამიტომ უფრო ცუდად ვხდები... ბავშვი ვერ უნდა ვნახო იმის გამო, რომ უფრო დიდი სტრესი არ მიიღოს. 8 წელზე მეტი დამრჩა. იქნებ ვინმემ მიშველოს. გამოსავალი მაპოვნინეთ.

საუბრის გაგრძელება ელენემ ვერ შეძლო. ისევ ატირდა. პატარა დედას მიუახლოვდა და სტუმრების მოტანილი იები მიაწოდა. ქალს დავემშვიდობე და გულდამძიმებული კიდევ ერთი ქალბატონის ამბის მოსასმენად, მეორე ოთახში გავედი.

ჩემი მეორე რესპონდენტი - ნათელა გაჩეჩილაძე 6 შვილის დედა აღმოჩნდა. მას 5 შვილი გარეთ ელოდება, ნაბოლარა გოგონა ციხეში გაჩნდა და უკვე წლისა და ერთი თვისაა.

ნათელა გაჩეჩილაძე სასჯელს მე­უღლის მკვლელობისთვის იხდის. 38 წლის იყო, უმძიმესი ბრალდებით გისოსებს მიღმა რომ აღმოჩნდა. ის თვალცრემლიანი მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე.

- ადიგენის რაიონიდან ვარ. 20 წლის ვიყავი, ჩემმა მეუღლემ რომ მომიტაცა. ახალციხის რაიონის სოფელ ზიკში, 20 წელი ერთად ვიცხოვრეთ, დედამთილთან ერთად. ჩემს ქმარს საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, ბოლო 8 წელი გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავით. ფაქტობრივად, წყლის მაგივრად სასმელს სვამდა, არ გამოფხიზლებულა. ყველას გვცემდა, დედამისსაც კი. ამ პრობლემის შესახებ იცოდნენ, ბევრჯერ უბნის რწმუნებული და სოფელი ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. თუ ჩხუბის დროს ხმას არ გასცემდი, მაშინაც ცემას იწყებდა, ბლაგვ საგანს ჩაგარტყამდა, შეეძლო, სარზე აეცვა ადამიანი, ცელით ან დაქოქოლი "დრუჟბით" გამოგკიდებოდა და დაესახიჩრებინე. პათოლოგი იყო, მაგრამ ეს არ ჩანს საქმის მასალებში. მისგან ბევრჯერ მიცდია თავის დაღწევა და ბავშვების ხათრით ისევ უკან ვბრუნდებოდი. ფხიზელს როცა ვეტყოდი, ასე იქცეოდი-მეთქი, ამბობდა, - ყველაფერს მიგონებთო.

- ფხიზელი კარგად გექცეოდათ?

- ფხიზელი სიტყვით კოშკს აგიგებდა, დათვრებოდა და ყველაფერს წამში ანგრევდა. ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, მაგრამ უარყოფითმა ყველაფერი გადაფარა. ჩემი შვილები საშინელ სტრესში იზრდებოდნენ. უფროსი გოგონა ახლა 20 წლისაა. იძულებული გახდა, სკოლის მერხიდან გათხოვილიყო. ახლა ის უკვე დედაა, ძალიან მენატრება და მინდა, ბედნიერი იყოს. ჩემი შვილები მარტო არიან, ღვთის ანაბარად დარჩენილები. ყოველ წუთს მათზე ვფიქრობ და განვიცდი. წელიწადი და 9 თვეა, რაც ციხეში ვარ. სასამართლომ 9 წელი მომისაჯა, სასჯელის მეოთხედი მომაკლდა.

- იმ დღეს რა მოხდა თქვენს სახლში? რატომ მოკალით თქვენი მეუღლე?

- არ მომიკლავს. ბავშვებს გამოეკიდა, მეზობლის ბავშვიც იყო, შემეშინდა, მათთვის ზიანი არ მიეყენებინა. ოთახში შევიყვანე და კარი ჩავუკეტე. ყურადღება ვერ მივაქციე. მერე ის თავის ნარწყევში გაიგუდა. ამის მიუხედავად, მკვლელობაში დამდეს ბრალი. არ ვაღიარებ, მაგრამ გამასამართლეს.

- პოლიციამ სახლში დაგაკავათ?

- მე თვითონ ჩავბარდი. ჩემი დედამთილი თურმე გამომძიებელსა და პროკურორს ეხვეწებოდა, დედა შვილებს დაუბრუნეთ, მე რომ 20 წელი ვიცოცხლე, ამ ქალის დამსახურებააო. მის სიტყვებს არავინ მიაქცია ყურადღება. ჩემი ქმრის დაკრძალვის დილას ბავშვებმა ბებია სახლის ბეტონზე ტვინდასხმული იპოვეს. ეტყობა, ნერვიულობისგან წნევამ დაარტყა, წაიქცა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. შვილთან ერთად ისიც იმავე დღეს დაკრძალეს. ყველამ იცოდა, რა ხდებოდა ჩვენს სახლში, მაგრამ მერე მე დამადანაშაულეს. ჩემი მულები დამიპირისპირდნენ, თითქოს არ იცოდნენ ძმის ამბავი.

- შვილები გაკითხავენ ციხეში?

- რაც აქ ვარ, შვილები ჩემთან არ მოსულან. მათ არ სჭირდებათ არაფრის ახსნა, ყველაფერს ხედავდნენ. ბავშვებს მამა თანატოლებთან გავლის უფლებას არ აძლევდა. შეეძლო, მეგობრების თვალწინ შეურაცხყოფა მიეყენებინა, გაელანძღა. რომ დათვრებოდა, სახლში ყველაფერს ანგრევდა და ამსხვრევდა. ფეხმძიმე რომ ვიყავი, ციხეში გავიგე. ჩემი გოგონა აქ მოვნათლე. ძალიან ძნელია შვილთან ერთად ციხეში ყოფნა. არ მინდა, მას ფსიქიკა დაუმახინჯდეს. როცა ვნერვიულობ, ამას პატარა გრძნობს და საჭმელს არ ეკარება. ის ბუნებრივ კვებაზე მყავს. ძალიან განვიცდი, რომ შვილები უპატრონოდ მყავს დატოვებული. ჩემი ოჯახის წევრებს მული უფლებას არ აძლევს, რომ ბავშვები თავისთან წაიყვანონ ადიგენში. ჩემებს ბავშვებთან კონტაქტი აუკრძალეს. მატერიალურად ძალიან გვიჭირდა, სოციალურად დაუცველები ვიყავით, მაგრამ დიდი წვალებით, სამეურნეო საქმიანობით ვახერხებდი მათ გამოკვებას. ახლა მშივრები არიან ჩემი შვილები და ამას ძალიან განვიცდი. ქალისთვის ციხეში ყოფნა საშინელებაა, ყველას აქედან თავის დაღწევას ვუსურვებ. ყველა დედას მივულოცავ დედის დღეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ. პირველ რიგში ჩემს გოგონას ვულოცავ. შვილო, ბედნიერი დედა იყავი. აქ ბავშვის მოვლაზე ვარ გადართული. თავიდან როცა შევიტყვე, ფეხმძიმე ვიყავი, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი გოგონა ღვთის საჩუქარი იყო. ის რომ არ მყო­ლოდა აქ, ალბათ ვერ გავუძლებდი. გულს ვაყოლებ პატარას აღზრდას. აქ კარგ პირობებში ვართ. ღუდუშაურის კლინიკაში ვიმშობიარე. მივმართავ იმათ, ვისაც შეუძლია ჩვენი დახმარება: პირველად ნასამართლევებს თითო შანსი მოგვცენ, რომ მალე დავაღწიოთ თავი ამ ჯოჯოხეთს და ჩვენს შვილებთან ერთად ვიცხოვროთ. აქ სულ ვლოცულობ, საკმევლის სუნი მამშვიდებს ყველაზე მეტად.

- ქმარს ლოცვებში იხსენიებთ? მის მიმართ გრძნობა ისევ გაქვთ?

- მასაც ვიხსენიებ ლოც­ვებში. მისდამი სიყვარული ამ კედლებში გაქრა.

გისოსებს მიღმა დარჩენილ ყველა ქალს თავისი გულისტკივილი აქვს. მათ თვალებში სევდა და ტკივილი იკითხება. ქალბატონ ნესტან ვერულაშვილს კარგად ესმის მათი და მათი ტკივილის გაზიარებას ცდილობს.

ნესტან ვერულაშვილი, დაწესებულების დირექტორი:

- აქ არიან ქალბატონები, რომლებსაც მსჯავრი დაედოთ სხვადასხვა დანაშაულისათვის. არის გარკვეული კატეგორია, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული კონკრეტულ დროს, მაგრამ მთელი არსებით ვთვლი, რომ ისინი არ არიან კრიმინალები. არის შემთხვევები, როცა ქალი მეორედ, მესამედ ან მეოთხედ ბრუნდება უკან. ამისთანა ადამიანებზე რთულია, არ თქვა, რომ კრიმინალები არიან, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არიან ქალები, დედები და 3 მარტი მათთვის ღირსშესანიშნავი დღეა.

- რთულია მათთან ურთიერთობა?

- სირთულეები არის, მაგრამ ამავდროულად, მათთან ურთიერთობა ძალიან საპასუხისმგებლოა. აქ ჩვენ გვყავს ქალბატონები, რომლებიც მხატვრული კითხვით, პოეზიით არიან გატაცებულნი, წერენ ლექსებს. ქარგავენ, ხეზე ჭრას ეუფლებიან, ძერწავენ; მინანქარზე, თექაზე მუშაობენ. ეს შემოქმედებითი პროცესი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ყოველდღიურად ეთიშებიან ციხის ცხოვრებას და იმ წუთებში გადართულები არიან სხვაგან. ხშირად სწორედ თავისუფლების წლებს იხსენებენ. როცა მათ ნამუშევრებს ვნახულობ, მაშინვე ვხვდები, ვინ რა განწყობაზე იყო, რას ფიქრობდა იმ დროს. შეიძლება ისიც კი განსაზღვრო, ვის უძღვნის ნამუშევარს, - შვილს, საზოგადოებას თუ სხვა ადამიანს. მათი სული ძალიან კარგად ჩანს. მონატრება, ტკივილი, დარდი, ყველაფერია მათ ნამუშევრებში. ძალიან კარგია, რომ ამით არიან დაკავებული, მაგრამ ვფიქრობ, როცა გავლენ და დატოვებენ ამ კედლებს, ამით თავის რჩენას შეძლებენ. მათ სერტიფიკატებიც გადაეცემათ, აქტიურად მუშაობენ პედაგოგები აქ და მათი დახმარებით მსჯავრდადებული ქალბატონები ეუფლებიან სტილისტის, კოსმეტოლოგის, მასაჟისტის სპეციალობებს. ლათინურ-ამერიკული ცეკვის ჯგუფიც არის და ცეკვასაც სწავლობენ. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს მათი ყოფა აქ. მართალია, არის ტკივილი, მონატრების განცდა, მაგრამ იმისათვის, რომ მათი სულიერი სამყარო, ფსიქიკა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყოს ჯანსაღი, ყველაფერს ვაკეთებთ. მინდა, მათ მივულოცო დედის დღე, ქალთა დღე და საკუთარ ოჯახებში დაბრუნება ვუსურვო.

თეა ხურცილავა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ