"გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ..." - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა

"გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ..." - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა

ინტერვიუ საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან, რომელიც "კვირის პალიტრამ" 2 თებერვალს ჩაწერა.

- კარგი იქნება, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ექსპერტები ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ შეინიშნება. ექსპერტიზას ორი ვიდეოკამერა იღებდა, ერთი წუთითაც არ გამორთულა. შსს-სა და პროკურატურას აქვთ ეს ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

- ექსჰუმაციის შემთხვევაში, მოწამვლის დადგენა შესაძლებელია?

- ჩემთვის არ არის ცნობილი გამოკვლევის ისეთი მეთოდიკა, რომელიც ძვლის მიხედვით CO-ს არსებობას ადგენდეს. შვეიცარიაში თუ ულტრათანამედროვე კვლევის მეთოდები არსებობს, არ ვიცი. ამ რანგის ექსპერტიზა საქართველოში არ ჩატარებულა.

ერთადერთი, რაც ექსჰუმაციის შედეგად შეიძლება დადგინდეს, ძვლოვანი ქსოვილის ტრავმის აღმოჩენაა. ათი საუკუნეც რომ გავიდეს, გამოჩნდება, ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას თავზე ჭრილობა.

- რა წერია თქვენს დასკვნაში?

- ჩემს საექსპერტო დასკვნაში ორივე გამოკვლევის (თბილისის და FBI-ს) მონაცემებია შეჯამებული. ჟვანიასა და იუსუპოვის სისხლში აღინიშნებოდა ნახშირჟანგის (CO ) დიდი რაოდენობა, დაახლოებით 8-10 ერთეულით მაღალი იყო ამერიკელთა დასკვნაში.

- შესაძლებელია თუ არა CO -თი მოწამვლის ხელოვნურად გამოწვევა?

- COO-თი მოწამვლას ავტოფარეხში დაქოქილი მანქანის გამონაბოლქვიც იწვევს. რა მნიშვნელობა აქვს, ფილტვებიდან შევა ნახშირჟანგი ორგანიზმში თუ კუჭიდან? ძნელია იმის თქმა, პრემიერი მოიწამლა თუ მოწამლეს, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. აჩვენონ ის ფირები საზოგადოებას და თქვან ყველაფერი! ამ საქმეზე დაკითხულიც კი არა ვარ, მაგრამ ერთი შემიძლია განვაცხადო: თუ დადგინდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, იცოდეთ, გარდაცვალება აუცილებლად ნახშირჟანგით არის გამოწვეული. იმიტომ, რომ გვამზე დაზიანება არ ყოფილა!

- ალბათ, არ მიწყენთ, თუ შეგახსენებთ, რა გზით მოიპოვებოდა წინა რეჟიმის დროს ექსპერტიზის სასურველი დასკვნები. თქვენზეც ხომ არ ყოფილა ზეწოლა?

- არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ ერთი წერტილი არ ჰქონია დაზიანებული.

- ოპერატორების გარდა ვინ ესწრებოდა ექსპერტიზას და რატომ?

- რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში იყვნენ ბატონი ზურაბის საოცრად შეშინებული და დამწუხრებული მეგობრები: გოგორიშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე და სხვები. სანამ გვამის გაკვეთას დავიწყებდით, მორგში იყო ჟვანიას გუნდის თითქმის ყველა წევრი, სულ ცოტა, 20-25 კაცი. მისი მეუღლეც იქ იყო, გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო, ეფერებოდა და ტიროდა. შეიძლება, ამდენმა ადამიანმა ნახოს გვამი და ნატყვიარი გამოეპაროს? რაც შეეხება კეფაზე ჭრილობას (რასაც მისი ერთ-ერთი მეგობარი ავრცელებს), გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კეფაზე კი არა, გულმკერდზეც კეთდება კვეთა.

- მაშინდელ სატელევიზიო ვიდეოფირში ჩანს, რომ ამ საკითხზე კომენტირებისას გურამ დონაძე მუდმივად დაგყვებოდათ. რატომ?

- რა ვიცი, რას გაიგებ, რა ედო გუნებაში, ალბათ, იმისთვის, რომ კომენტარები ლაკონიური ყოფილიყო, თუმცა, ეს არ მოუთხოვია. პროზექტურიდან გამოსვლის შემდეგ ტელევიზიებს პირველი ინტერვიუ მივეცი და დონაძე ნამდვილად გვერდით მედგა.

- ვინ და რატომ ეწინააღმდეგებოდა თქვენი ექსპერტიზის ბიუროს იმჟამინდელ უფროსს, ლევან სამხარაულს FBI-სთან ერთად შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებაში? როგორც ვიცით, ექსპერიმენტით დადგინდა, რომ გაზის გამათბობელი გამართულად მუშაობდა და CO-ს არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის დასაშვები ნორმისთვის, ანუ ჟვანია და იუსუპოვი ბუნებრივი აირით არ გაგუდულან.

- ექსპერიმენტი ჩატარდა შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ და ოთახში ნახშირჟანგი აღარ დაგროვდა, მაგრამ ერთი წუთით თავი დავანებოთ ჟვანიას შემთხვევას, საქართველოში ბოლო ხანს ირანული "ნიკალათი" გარდაცვლილი 500-ზე მეტი გვამია გამოკვლეული. ტექნიკური გაუმართაობის გარდა, შეიძლება სხვა მიზეზებითაც დაგროვდეს CO. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ მწყობრიდან გამოსვლის ბრალი. ბატონ ლევანს ვუთხარი, ექსპერიმენტის დროს შესაძლებელია, იგივე შედეგი არ მიიღოთ-მეთქი და ვერც მიიღეს. ამერიკელებმაც დაწერეს დასკვნა, რომ ექსპერიმენტის დროს CO-ს არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის დასაშვები ნორმისთვის.

- ამ ამბიდან სამ თვეში მოკლეს ლევან სამხარაული. საზოგადოების ნაწილი დღემდე ეჭვით უყურებს ამ ფაქტს და ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას უკავშირებს.

- ზუსტად ვიცი, რომ ლევან სამხარაული თანაკლასელმა, დავით მჭედლიშვილმა მოკლა. ლევანი ზურა ადეიშვილისთვის უძვირფასესი ადამიანი იყო, უმცროს ძმასავით ჰყავდა და როგორ ფიქრობთ, სამხარაულმა ჟვანიაზე რაღაც გაარკვია და ადეიშვილმა ის მოაკვლევინა? ჩემი აზრით, ეს აბსურდია. მკვლელობის დღეს, 2005 წლის 22 მაისს, ლევანს თან ახლდა ვაკის პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც მკვლელმა მძიმედ დაჭრა. რისთვის უნდა მოეკლათ სამხარაული, რომელიც პირადად არც ერთი ექსპერტიზის ჩამტარებელი არ იყო? მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ