მკვლელობებისა და თვითმკვლელობების სერია, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას მოჰყვა

მკვლელობებისა და თვითმკვლელობების სერია, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას მოჰყვა

ზურაბ ჟვანიას სიკვდილს უცნაური მკვლელობებისა და თვითმკვლელობების სერია მოჰყვა. 4 თებერვალს სანადირო თოფით (მეზობლისგან ითხოვა) თავი მოიკლა სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელმა, 32 წლის გიორგი ხელაშვილმა. როგორც ამბობენ, სიკვდილის წინ ბარათი დატოვა - "ძალიან ვნანობ, რაც გავაკეთე". გამოძიება არ დაინტერესებულა, რას ნანობდა ხელაშვილი და თავი რაღა 4 თებერვალს, ჟვანიას გარდაცვალების მეორე დღეს მოიკლა.

2005 წლის 22 მაისს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მის მეგობარ ზეზვა ასაბიშვილთან ერთად ყვარელში შეხვდა ყოფილ კლასელს, დათო მჭედლიშვილს. ისინი მანქანაში საუბრობდნენ. მცირე ხნის შემდეგ მჭედლიშვილმა მეგობრებს ცეცხლი გაუხსნა. სამხარაული და ასაბიშვილი გაქცევას შეეცადნენ, მჭედლიშვილი მათ გამოედევნა, მკვლელმა 20-ჯერ გაისროლა და მძიმედ დაჭრა ასაბიშვილი. დაჭრა სამხარაულიც. თუმცა, ეს უკანასკნელი გაქცევას მაინც ცდილობდა და სთხოვდა, ნუ მომკლავო, მაგრამ მჭედლიშვილმა სამხარაული თავში საკონტროლო გასროლით მაინც მოკლა. შემდეგ შინ დაბრუნდა და თავი მოიკლა. ჯერ "ტტ"-ს სისტემის პისტოლეტი დაიხალა, შემდეგ გადაჭრილი თოფი(?!). ექსპერტიზის დასკვნით, მჭედლიშვილს ნასროლი ჰქონდა სხვადასხვა იარაღის ორი ტყვია, ერთი თავში, მეორე გულში. ორივე გასროლა სასიკვდილო უნდა ყოფილიყო. როგორ მოახერხა მჭედლიშვილმა ორი გასროლა მაშინ, როდესაც პირველივე სროლაზე უნდა მომკვდარიყო? თვითმკვლელობიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილი პოლიციამ დაათვალიერა, თუმცა მასრები ვერ ნახა(?!). ერთხანს გამოძიება ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მჭედლიშვილი სულით ავადმყოფი იყო. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ლევან სამხარაულმა ბევრი რამ იცოდა ჟვანიას მკვლელობის შესახებ, მას სურდა, სიმართლე ეთქვა საზოგადოებისთვის გაყალბებული საექსპერტო დასკვნის შესახებ, მაგრამ არ დააცადეს, სავარაუდოდ, ის ყოფილმა ხელისუფლებამ მოაკვლევინა. შემდეგ კი, მისი მკვლელი, დათო მჭედლიშვილიც მოიშორეს. ცხადია, გამოძიება არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, როგორ მოახერხა 2 იარაღით თავის მოკვლა დათო მჭედლიშვილმა, საქმეში 2 იარაღი და 2 ჭრილობა კი დატოვეს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობად გაასაღეს და დახურეს.

ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნის რეალურმა პერსპექტივამ "ნაციონალებს" გონება დაუხშო, უკვე ისტერიამდე არიან მისულნი. მიხეილ სააკაშვილი ჟვანიას მკვლელობის გამო მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. ამ საქმეზე ექსპრეზიდენტის მოწმედ დაკითხვაც კი, უკვე საერთაშორისო სკანდალია. მათ მშვენივრად იციან, რომ ჟვანიაც და უსუპოვიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი იმჟამინდელი გარემოცვის მოკლულნი არიან. ეს პოლიტიკური მკვლელობაა, სააკაშვილსა და მის ბანდას არავინ აპატიებს ამ მკვლელობას, მათ შორის, ის უცხოელი პარტნიორები და მეგობრები, "ნაციონალთა" ლიდერებს დღემდე რომ არ ღალატობენ. ისინი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საკუთარი იმიჯის გამო აღარ დაიჭერენ საქმეს არც უკვე მკვლელობაში ეჭვმიტანილ სააკაშვილთან და არც "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერებთან. ქართველი ხალხი კი, "ნაცმოძრაობას" ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამო განაჩენს არჩევნებზე გამოუტანს, "ნაცებს" ისედაც შავად აქვთ საქმე და "ჟვანიას ფაქტორის" დამატებით, ამ არჩევნებს კატასტროფულად წააგებენ. მოკლედ, "ნაცმოძრაობის" საბოლოო დასამარება და ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნა, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. მეტიც, ბევრს ჟვანიას მკვლელობის გამო ციხეშიც მოუწევს ჩაჯდომა და ამ სიის სათავეში, როგორც ეტყობა, მიხეილ სააკაშვილია.

- ეტყობა, ეს საფრთხე კარგად გააცნობიერა თავად სააკაშვილმა და "იუთუბიზე" ჟვანიასა და უსუპოვის ფოტოების გავრცელებისთანავე, იმავე დღეს მისცა კომენტარი "რუსთავი 2"-ს (ამ დროს სააკაშვილმა ჯერ არ იცოდა, რომ პროკურატურა მას ზურაბ ჟვანიას საქმეზე დასაკითხად იბარებდა). არადა, ცოტა ხნის წინ გვარწმუნებდა, საქართველოს საქმეებში აღარ ვერევი, ქვეყნის საშინაო პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებსო და ჟურნალისტებიც გააფრთხილა, ჩემთან კომენტარზე აღარ მოხვიდეთო. სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაანებოს თავი "ამ ბინძურ ხრიკებს და ნუ ეძებს ბნელ ოთახში შავ კატას". მიშა ამბობს, რომ ეს კადრები ხელისუფლებამ გაავრცელა და ეს ყველაფერი შოუა და მეტი არაფერიო. ჰო, მიშა, რაც დათესე, იმას იმკი და ჰე, გახვედი უკვე ბოლოში...

და ბოლოს, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია, სად, როგორ და რა ვითარებაში გამოასალმეს სიცოცხლეს პრემიერ-მინისტრი და კონკრეტულად, ვინ მონაწილეობდა მის მკვლელობაში. ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი მათგანის მიხედვით ჟვანია შავნაბადაზე, პრეზიდენტის რეზიდენციაში მოკლეს და ამ ამბავს მიხეილ სააკაშვილის გარდა, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდნენ. სააკაშვილი და ჟვანია შელაპარაკდნენ, მიშამ რკინის მძიმე საფერფლე ესროლა ჟვანიას, რომელიც თავში, კერძოდ, საფეთქელში მოხვდა პრემიერს და ის ადგილზე გარდაიცვალა. სხვათა შორის, თუ ეს ვერსია გამართლდა, მაშინ ისიც ცხადი გახდება, საიდან გაუჩნდა ჟვანიას მარჯვენა საფეთქელთან ჭრილობა, რომელიც სამედიცინო დასკვნაში არ დაფიქსირებულა. მკვლელობის მეორე ვერსია თითქმის იდენტურია. ამ შემთხვევაშიც სააკაშვილს საფერფლის სროლა ჰბრალდება ჟვანიასთვის, ოღონდ ეს ხდება არა შავნაბადაზე, არამედ სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის კაბინეტში და ამ ამბავს ადეიშვილისა და მერაბიშვილის გარდა, გიორგი ბარამიძეც ესწრებოდა.

გამოძიებას, შეიძლება ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრი, ხათუნა ხოფერიაც დაეხმარა. ხათუნა ხოფერიამ მედიით განაცხადა, რომ იცნობს ადამიანს, რომელსაც ქონების დათმობას აიძულებდნენ და წამების დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაემუქრა, ამ ხელებით დავახრჩვე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო? მკვლელობის ძველ ვერსიებს დახრჩობის ვერსიაც დაემატა. ხოფერიამ, ასევე, განაცხადა, რომ გამოძიებას დაუსახელებდა ამ პიროვნების ვინაობას და შესაძლოა, უკვე დაუსახელა კიდეც.

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი "ქრონიკა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ