დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობას წყვეტს

დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობას წყვეტს

ყირიმის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა, დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული არც ისე თბილი ურთიერთობა, კიდევ უფრო დაძაბა. ყირიმის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთების შემდეგ, NATO-მ და აშშ-მა, მოსკოვთან სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები დროებით შეაჩერეს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა რუსეთთან ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამის განხილვა შეაჩერა. სენატის სამხედრო საქმეთა კომიტეტში, განცხადება ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ელაინ ბანმა გააკეთა.

ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო პროგრამის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე, NATO და რუსეთი, 2010 წელს ლისაბონში შეთანხმდნენ. მას შემდეგ პროექტი მხარეთა უკმაყოფილების გამო ჩიხში არაერთხელ შესულა. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, საკითხი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი იყო.

"უკრაინაში განვითარებული მოვლენების, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის და ყირიმის ანექსიის ფონზე, აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ეტაპზე მოსკოვთან ყველანაირი სამხედრო თანამშრომლობას და მოლაპარაკებებს ვწყვეტთ", - განაცხადა ელაინ ბანმა.

სამხედრო სფეროს პარალელურად, ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ, რუსულ "როსკოსმოსთან" შეწყვიტა თანამშრომლობა. ინფორმაცია ამის შესახებ პორტალმა The Verge გაავრცელა. თანამშომლობის გაწყვეტა - ორმხრივი ვიზიტების, ელექტრონული მიმოწერის, ერთობლივი ტელეკონფერენციებისა და ტრანსლაციების შეჩერებას გულისხმობს. ამავდროულად, მხარეები საერთაშორისო ორბიტული სადგურის ერთობლივ ექსპლუატაციას გააგრძელებენ.

ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისგან განსხვავებით, კოსმოსის სფეროში ამერიკელებს არც ისე მომგებიანი პოზიცია აქვთ. საქმე ის არის, რომ 2011 წელს საკუთარი პილოტირებადი პროგრამის გაუქმების შემდეგ, ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში რუსული კოსმოდრომიდან რუსული რაკეტებით დაფრინავენ.

ამერიკის შემდეგ, სამხედრო სფეროში მოსკოვთან თანამშრომლობა ფრანგებმაც შეწყვიტეს. კომპანია Renault Trucks Defense-მა რუსეთთან პერსპექტიული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ატომის" შექმნის პროგრამა შეაჩერა. ინფრომაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს. პროექტის შემდგომ განვითარებას, ხელი შესაძლოა, შვედეთის მკაცრმა პოზიციამაც შეუშალოს ხელი - რუსები "ატომზე" Volvo-ს მარკის ძრავას გამოყენებას გეგმავდნენ.

ახალი პერსპექტიული ქვეითთა საბრძოლო მანქანის შექმნაზე შეთანხმებას ფრანგულმა Renault Trucks Defense-მა და რუსულმა "ურალვაგონზავოდმა" გასული წლის თებერვალში მოაწერეს ხელი.  

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე