ქართან მოსაუბრენი - ნავაჰოს ტომის ამოუხსნელი შიფრის საიდუმლო

ქართან მოსაუბრენი - ნავაჰოს ტომის ამოუხსნელი შიფრის საიდუმლო

მეორე მსოფლიო ომის დროს, დაშიფრული შეტყობინებების გადაცემისთვის, ამერიკის არმია ინდიელი ტომების დახმარებას ხშირად მიმართავდა. სამხედროები თანამშრომლობნდნენ ჩეროკის, ჩოკტოს, კომანჩის ტომებთან. მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებებს შეტყობინების დაშიფრვის საქმეში ნავაჰოს ტომის ინდიელებმა მიაღწიეს.

აშშ-ში, მკვიდრი ამერიკელი ინდიელები სიმპატიით არ სარგებლობდნენ. გასული საუკუნის 40-იან წლებში რასიზმი არმიასა და ფლოტშიც მძვინვარებდა. შეტყობინების დაშიფრვის სპეციალისტებსა და რადისტებს კი განსაკუთრებით ეჭვის თვალით უყურებდნენ. მათ მუშაობის ეფექტურობაზე - საბრძოლო ოპერაციის ბედი იყო დამოკიდებული.

მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის ფლოტში ნავაჰოს ტომის 29 ინდიელი გაიწვიეს. ისინი კრიპტოგრაფისტებად მუშაობდნენ და საკუთარ ენაზე საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ. 1942-45 წლებში, წყნარ ოკეანეში საზღვაო ქვეითების ყველა სამხედრო ოპერაციაში ინფორმაციის დაშიფრვისთვის, ნავაჰოს ტომის წარმომადგენლებს იყენებდნენ. იაპონელებისთვის მათი ენა, ომის ბოლომდე ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩა.

ტომის სასაუბრო ენის გამოყენების იდეა ფილიპ ჯონსტონს ეკუთვნის - სამხედროს, რომელიც ნავაჰოს ენაზე თავისუფლად საუბრობდა. 1941 წელს მას გაახსენდა, რომ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს, ამერიკულმა ქვედანაყოფებმა საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის, მკვიდრი ამერიკელი ინდიელი ტომების სასაუბრო ენის გამოყენება სცადეს.

ნავაჰოს ტომის არჩევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. უპირველეს ყოვლისა, მათი ენა ძალიან რთული იყო. მათ არც დამწერლობა და არც ანბანი ჰქონდათ. უცხო ადამიანისთვის მისი სწავლა შეუძლებელი იყო.

1942 წლის თებერვალში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სამხაზიანი ტექსტური შეტყობინების დაშიფრვის, გადაცემის, გაშიფრვის და ინგლისურ ენაზე თარგმნისთვის, ნავაჰოს ტომის ინდიელებს 20 წმ სჭირდებოდათ. სპეციალური მანქანები ამ დავალებას 1-დან 2 წთ-მდე ანდომებდნენ.

სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, 1942 წელს, ნავაჰოს ტომის 29 ინდიელი წყნარ ოკეანეში, პირველ საბრძოლო დავალებაზე გაგზავნეს.

იაპონელები, რომლებიც ნებისმიერ ამერიკულ შიფრს ტეხავდნენ, ნავაჰოს კოდის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. კოდის ამოხსნის საიდუმლო ცნობილი მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ გახდა.

შიფრი შემდეგნაირად მუშაობდა: თავიდან რადისტი შეტყობინების ყოველ სიტყვას ინგლისურ ენაზე თარგმნიდა, რის შემდეგაც ინგლისური სიტყვის მხოლოდ პირველ ასოს იყენებდა. მაგალითად სიტყვა „navy“-ის (ფლოტი) გადაცემისთვის რადისტი, შემდეგ შეტყობინებას გადასცემდა - tsah (needle - ნემსი), wol-la-chee (ant - ჭიანჭველა), a-ke-dee-gleenee (victor - გამარჯვებული), tsa-а-dzo (yucca - იუკა).

1943 წელს, აშშ-ის არმიაში ნავაჰოს ტომის 50 ათასამდე ინდიელი მსახურობდა. მკვიდრი ამერიკელი ინდიელების მიერ შემუშავებულ შიფრს, ამერიკელები ომის შემდეგაც იყენებდნენ. სწორედ ამიტომ, რადისტების სახელები დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfur.me-ის მიხედვით

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა