ირაკლი ალასანია - ვისურვებდით, რომ ნატო სამხედრო კუთხით საქართველოში უფრო მეტად გამოჩნდეს

ირაკლი ალასანია - ვისურვებდით, რომ ნატო სამხედრო კუთხით საქართველოში უფრო მეტად გამოჩნდეს

ვისურვებდით, რომ ნატო სამხედრო კუთხით საქართველოში უფრო მეტად გამოჩნდეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, გერმანულ გამოცემა "Die Welt"-თან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს ავტორი კრისტოფ შილცი დასაწყისში აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება სურს, მაგრამ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის კავკასიის რესპუბლიკის მიღება მარტივი არ არის.

"ამ ფაქტს შესაძლოა, მოსკოვთან კონფლიქტის გაღვივება და პრობლემები მოჰყვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 40 წლის ირაკლი ალასანია, საქართველოს დასავლეთთან დაახლოებაზე დიდ იმედებს ამყარებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ არის, რამდენად შესაძლებელია ამ მოლოდინების განხორციელება", - წერს ავტორი.

კითხვაზე, რას ელოდება თავდაცვის მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტერიალისგან, რომელიც ნატო-ს შტაბბინაში იმართება, ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ აქვს რწმენა, ალიანსი განხორციელებულ რეფორმებსა და სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს კონტრიბუციას აღიარებს.

"დარწმუნებული ვარ, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მომდევნო ლოგიკურ საფეხურს მივაღწევთ. ნატო-სთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვსურს, თუმცა ჩემთვის გადამწყვეტი არა სიტყვების შერჩევა, არამედ საქმეა. ვისურვებდით, რომ ნატო სამხედრო კუთხით საქართველოში უფრო მეტად გამოჩნდეს, მეტად იყოს წარმოდგენილი, მეტად დაგვეხმაროს და სწავლებები ჩაატაროს. ეს ყველაფერი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ამჟამად რუსეთისგან სამხედრო აგრესიის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ საქართველოში ბევრ ადამიანს რუსეთის აგრესიის საფრთხე აშფოთებს",-აცხადებს მინისტრი.

ირაკლი ალასანია ინტერვიუში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის იმ განცხადებასაც აფასებს, რომლის მიხედვითაც სექტემბრის სამიტზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

"ვაცნობიერებ და ვაფასებ სიფრთხილეს, რომელსაც ანგელა მერკელი იჩენს. კანცლერმა ტექნიკურად კორექტული განცხადება და მინიშნება გააკეთა. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, მომავალ სამიტზე საქართველოს გაწევრიანების თემა დღის წესრიგში დადგება თუ არა. გერმანიის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გერმანიას ვუყურებთ, როგორც ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას, რომელსაც კავკასიაში სტაბილურობის დასამყარებლად დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. გერმანიას ასევე, შესწევს უნარი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთგვარ ხიდად, შემაკავშირებელ ძალად იქცეს, იმდენად რამდენადაც, საქართველოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან",-აცხადებს ალასანია და დასძენს, რომ ხელისუფლება აცნობიერებს რეგიონში ბევრია ღია საკითხი, პირველ რიგში, რუსეთთან დაკავშირებული, რომელიც მოგვარებას საჭიროებს.

"ცხადია, ისიც გვესმის, რომ ნატო-ს წევრობა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ დავარეგულირებთ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, რამდენად მოვახერხებთ რუსეთთან მოლაპარაკებებს",-აცხადებს მინისტრი. ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ "ნატო ჩვენთვის ერთადერთი გზაა".

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ აღიქვამს რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ერთგვარ მუქარად, ალასანია ამბობს, რომ "უფრო მნიშვნელოვანია მოსკოვს დავუმტკიცოთ, რომ ძლიერი, დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებით სავსე საქართველო, რუსეთისთვის უკეთესი პარტნიორი და მეზობელი შეიძლება იყოს".

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე