ვინ არის 27 წლის ქართველი, რომელიც ჯიჰადის ლიდერი გახდა - მამა შვილის არჩევანში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

ვინ არის 27 წლის ქართველი, რომელიც ჯიჰადის ლიდერი გახდა - მამა შვილის არჩევანში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

ყოფილი სერჟანტის, ახლა კი რადიკალი ისლამისტების მეთაურის ომარ აშ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) მამა თემურ ბათირაშვილი მისი შვილის არჩევანში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

თემურ ბათირაშვილს BBC-ს რუსეთის ბიუროს ჟურნალისტი ესაუბრა და გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "როგორ გახდა ქართველი სერჟანტი ჯიჰადის ლიდერი?". სტატიაში ნათქვამია, რომ უკვე რამდენიმეა თვეა, 28 წლის ომარ აშ შიშანის სახელი ყოველთვის ჟღერს სამხედრო ანგარიშებში სირიიდან.

"მწითური გენერლის" ფსევდონიმით ცნობილი შიშანი დიდი ხანი არაა, რაც "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" ჩრდილოეთ სექტორის, ერაყსა და სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტების მეთაურია. სხვათა შორის, პანკისის ხეობაში - ისლამისტების მეთაურის სამშობლოში - მას სხვა სახელით - თარხან ბათირაშვილი - იცნობენ. სირიაში გამგზავრებამდე ბათირაშვილი სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და საქართველოს ჯარში მსახურობდა", - წერს BBC.

ჟურნალისტი ესაუბრა ომარ აშ შიშანის მამას თემურ ბათირაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილი, რომელიც 2008 წელს რუსეთთან ომის მონაწილეა, რადიკალური ისლამისგან შორს იყო. იგი რელიგიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჯარიდან ტუბერკულოზის დიაგნოზის გამო გამოუშვეს, სახელმწიფომ კი ოპერაციისთვისაც არ გამოუყო თანხა. თემურ ბათირაშვილის თქმით, მის შვილს თავისი სახსრებით მოუწია ოპერაციის გაკეთება, შემდეგ კი მას თელავში სამსახურს დაჰპირდნენ, თუმცა უშედეგოდ. მისივე ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილს სახლში იარაღით სავსე ყუთი ჩაუდეს და დააპატიმრეს.

"თარხანი ციხიდან შეცვლილი გამოვიდა. მას თავისი ნივთებიც კი არ დაუბრუნეს - მხოლოდ პისტოლეტი. არ მახსოვს, რომელი წელი იყო, ერთ საღამოს ჩემთან მოვიდა და მითხრა: "მამა, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში მე არავის ვჭირდები". იმ დღის შემდეგ თარხანი აქ არავის უნახავს", - განაცხადა თემურ ბათირაშვილმა.

მისივე თქმით, სამივე მისი ვაჟი მუსულმანი გახდა.

"ჩემი სამივე შვილი მუსულმანი გახდა. მე თვითონ ქრისტიანი ვარ. არც ერთი ჩვენი წინაპარი მუსულმანი არ ყოფილა. ესენი კი უცებ ვაჰაბისტები გახდნენ. გამოდის, ჩემს შვილს საერთოდ არ ვიცნობდი, არ მესმოდა მისი. ამ ჩანაფიქრიდან კარგი არაფერი გამოვა. ყოველდღე საშინელი ახალი ამბის მოლოდინში ვარ. ერთი ინფარქტი უკვე გადავიტანე და ზუსტად ვიცი, თუ რამე ცუდს გავიგებ მის შესახებ, ვერ გადავიტან, უბრალოდ მოვკვდები. არ მჭირდება მე მისი ასეთი ცნობადობა. უკეთესი იქნებოდა, სახლში მჯდარიყო. შიმშილით ჩვენთან არავინ მომკვდარა. შეიძლება, იმისთვის დაიბადა, რომ იბრძოლოს. ის ჭკვიანი და კარგი ბიჭი იყო, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ მოხდა. ამ ყველაფერში "ნაციონალები" არიან დამნაშავეები. მიეცათ მისთვის სამსახური, არსად წავიდოდა. განა საქართველოს არ სჭირდება ისეთი მეომარი, როგორიც ისაა? განა ჩვენს ჯარში არ გამოადგებოდათ?", - აცხადებს ომარ აშ შიშანად წოდებული თარხან ბათირაშვილის მამა.

მომზადებულია bbc-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე