88 დაღუპული და 600-მდე დაშავებული - ისრაელმა ღაზას სექტორში 930 ობიექტი დაბომბა

88 დაღუპული და 600-მდე დაშავებული - ისრაელმა ღაზას სექტორში 930 ობიექტი დაბომბა

უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფონზე, მსოფლიომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანა. 7 ივლისიდან აქ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ურღვევი კლდე" მიმდინარეობს. 10 ივლისის მდგომარეობით, ისრელის ავიაციისა და არტილერიის დარტყმის შედეგად დაიღუპა 88 და დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში იერიში 930 ობიექტზე მიიტანა.

ოპერაცია, რომელიც მეხუთე დღეა მიმდინარეობს, ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა ”ჰამასის” სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს მიზნად. რეგინონში ვითარება გასული თვიდან დაიძაბა. ოფიციალური ვერსიით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინაპირობად, ისრაელსა და ჰამასს შორის გაუთავებელი ანგარიშსწორება და საპასუხო დარტყმები სახელდება. 12 ივნისს, მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროდან, უცნობებმა სამი ებრაელი მოზარდი გაიტაცეს. მათი ცხედრები 30 ივნისს იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ოეპრაციისას, ისრაელის არმიამ მოკლა 7 და დააკავა 419 პალესტინელი. მათგან 279 ადამიანი ჰამასის წევრი აღმოჩნდა.

თანამებრძოლების დაღუპვას ჰამასმა, ისრაელის ტერიტორიის დაბომბვით უპასუხა. ივნისის ბოლოს, ტერორისტებმა 30 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და 66 რაკეტა გაუშვეს. ივლისში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ოპერაცია "ურღვევი კლდის" დაწყებამდე, ისრაელის ტერიტორიაზე 250 რაკეტა ჩამოვარდა. საპასუხოდ, 7 ივლისის საღამოს, თელ-ავივმა ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე საათში ისრაელის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ, ღაზას სექტორზე რამდენიმე ათეული წერტილოვანი დარტყმა განახორციელა. ოპერაციის პირველ 12 სთ-ში დაიღუპა - 5 და დაიჭრა 30 ადამიანი.

ოპერაციის მსვლელობისას ისრაელმა მოქმედების არეალი გააფართოვა და 8 ივლისის გამთენიისას საჰაერო დარტყმა ჰამასის 50-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა. დაიბომბა ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო ფრთის - "ად-დინ ალ კასამის" ლიდერის სახლი. მასთან ერთად ოჯახის 7 წევრი დაიღუპა. საპასუხოდ ჰამასმა, საზენიტო კომპლექსით, ებრაული შვეულმფრენის ჩამოგდება სცადა და ისრაელის მიმართულებით 25-მდე რაკეტა გაისროლა.

7 ივლისს, ისრაელის მთავრობამ 40 ათასი რეზერვისტის მობილიზაციაზე ნებართვა გასცა. დღის ბოლოსთვის საჰაერო და სახმელეთო დარტყმების შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 13 ბავშვია. სხვეულის სხვადასხვა დაზიანება 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ისრალის არმიის - ცახალის ოფიციალური განცხადებით, "ურღვევი კლდის" მიმდინარეობის პარალელურად, მათი ტერიტორიის დაბომბვა არ წყდება. ოპერაციის დაწყებიდან 24 სთ-ის განმავლობაში ღაზას სექტორიდან 154 რაკეტა გაისროლეს. აქედან 117 ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კიდევ 29 ერთეული - რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა "რკინის გუმბათმა" ჩამოაგდო. თელ-ავივის პასუხმაც არ დააყოვნა. 8 ივლისის საღამოს ავიაციამ და არტილერიამ 160 დარტყმა განახორციელა. განადგურდა რაკეტების გამშვები 120 დანადგარი და ჰამასის ხელმძღვანელების 10 სახლი. იმავე დღის ბოლოს, სახმელეთო პერაციის დაწყების შემთხვევისთვის, სექტორის საზღვარზე ცახალმა ერთი ქვეითი ბრიგადა გადაისროლა და სატანკო დანაყოფების მობილიზაცია დაიწყო. "ურღვევი კლდის" დაწყებიდან მესამე დღეს ღაზას სექტორში დაიღუპა 51 ადამიანი. ისრაელის არმიამ სექტორში 400 ტონა საბრძოლო მასალა გამოიყენა.

10 ივლისს, ცახალის პრეს-სამსახურის განცხადებით, 10 ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ტერიტორიაზე 234 რაკეტა და ჭურვი ჩამოვარდა. კიდევ 61 რაკეტა "რკინის გუმბათმა" გაანადგურა.

"ურღვევი კლდის" ფონზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებმა, ისრაელის ქმედებები უკვე დაგმეს. არაბთა სახელმწიფოების ლიგამ, თელ-ავივს საჰაერო და საარტილერიო დარტყმების დაუყოვნებელი შეჩერებისკენ მოუწოდა.

საბრძოლო მოქმედებები ისრაელს ძვირად უჯდება. სარაკეტო დარტყმების შედეგად, ისრაელის ტერიტორიაზე დაზიანდა და განადგურდა 35 ავტომანქანა და 52 შენობა. რაკეტის მოხვედრის შედეგად, დამწვარ ფერმაში 20 ათასი ფრინველი განადგურდა. ერთი რეზერვისტის მობილიზაცია, ისრაელს დღეში 450-დან 600-მდე შეკელი უჯდება. "რკინის გუმბათის" თითოეული რაკეტა რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. საბრძოლო შვეულმფრენის ფრენის 1 საათის ღირებულება ცახალს დაახლოებით 5 ათასი უჯდება. საბრძოლო თვითმფრინავისთვის ეს მაჩვენებელი - 15 ათასი დოლარია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა