ჩეჩნები და ოსები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ჩვენ გვებრძოდნენ, დღეს უკრაინაში ტერორისტების მხარეს იბრძვიან (+ვიდეო)

ჩეჩნები და ოსები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ჩვენ გვებრძოდნენ, დღეს უკრაინაში ტერორისტების მხარეს იბრძვიან (+ვიდეო)

უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულმა ოპერაციამ მსხვილი საბრძოლო მოქმედებების ხასიათი მიიღო. შეტაკებებში აქტიურადაა ჩართული ავიაცია, არტილერია, სატანკო დანაყოფები. უკრაინის არმიის აქტიური მცდელობების მიუხედავად, მეამბოხეებისგან დაკავებული ტერიტორიის გასუფთავება ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

დონბასსა და ლუგანსკში ჩამოყალიბებული სახალხო აჯანყების სამხედრო დაჯგუფებების გარდა, უკრაინის არმიას ოსები და ჩეჩნებიც ებრძვიან. ნაკლებსავარაუდოა, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის ნათელი და უღრუბლო მომავლისთვის იბრძოდნენ. ისინი დაქირავებული მებრძოლები არიან. ჭკვიანი ადამიანი ადვილად მიხვდება, თუ ვინ ურიცხავს ჩრდილოკავკასიელებს უკრაინაში ომისთვის ფულს.

დონეცკსა და ლუგანსკში, ჩრდილოკავკასიელები მაისის დასაწყისში გამოჩნდნენ. შეიარაღებულ პირებს წარწერით Батальон «Восток» სამკლავეები ჰქონდათ გაკეთებული. დონბასის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების განმარტებით, შეიარაღებული დაჯგუფება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც უკრაინის მთავრობის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მალევე ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ბატალიონ "ვოსტოკის" შემადგენლობაში, ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიზუალურად გამორჩეული შეიარაღებული ჩრდილოკავკასიელებიც იყვნენ. საგულისხმოა, რომ რეგიონში ჩეჩნების არსებობას, თავად დონბასის რესპუბლიკის წარმომადგენლებიც ადასტურებდნენ.

2 ივნისს "ვოსტოკის" მეთაურმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ, რეგიონში ჩეჩნების არსებობა დაადასტურა და დასძინა, რომ ისინი სახალხო აჯანყებას უკრაინის არმიასთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ. მისი განმარტებით, ჩეჩნები მოხალისე მებრძოლები იყვნენ და უკრაინის ტერიტორია მაისის ბოლოს დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტისთვის გაჩაღებული მსხვილი შეტაკებისას, ჩეჩნებმა მოკლულების სახით 35-45 ადამიანი დაკარგეს. უკრაინაში ჩეჩნების არსებობა, თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმაც დაადასტურა. კადიროვის განმარტებით, ისინი მოხალისეები არიან.

"ვოსტოკის" მეთაურის, ალექსანდრე ხოდაკოვსკის განცხადების მიუხედავად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ჩეჩნებს ან ჩრდილოკავკასიის სხვა წარმომადგენლებს უკრაინა დაეტოვებინათ.

საგულისხმოა, რომ სამხედრო შენაერთი სახელწოდებით "ვოსტოკ" ჩეჩნეთშიც არსებობს. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა, რომ ჩეჩნურ და დონბასის სახალხო აჯანყების სამხედრო შენაერთებს ერთნაირი სახელები აქვთ. შეგახსენებთ, შენაერთი სახელად "ვოსტოკი", 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა.

ჩეჩნებით დაკომპლექტებული ეს დანაყოფი, რუსეთის ფედერაციის 42-ე მოტომსროლელი დივიზიის 291-ე მოტომსროლელი პოლკის ცალკეული ბატალიონი იყო. 1999 წელს სამხედრო შენაერთი მეთაურთან - სულიმ იამადაევთან ერთად რუსული არმიის მხარეს გადავიდა. 2008 წლის აგვისტოში, შენაერთი სამხრეთ ოსეთში გამოჩნდა. საკუთარ წარმომავლობას ისინი არც მალავდნენ. თავიანთი ტექნიკა და სატვირთო მანქანები წარწერებით Чечня, Восток, Ямадаевцы უხვად იყო დამშვენებული. დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც 6 წლის წინ ჩვენ გვებრძოდნენ და რუსებს ჩვენი მიწის ოკუპაციაში ეხმარებოდნენ, დღეს უკრაინაში, სამთავრობო ჯარებს ებრძვიან.

წარწერებით Батальон «Восток» დამშვენებული სამხედრო ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების ფოტოები, ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ჩნდება. უცხოურ სამხედრო ფორუმებზე იდება ვიდეოები, სადაც ჩეჩნები კომენტარებს საკუთარ ენაზე იძლევიან.

ჩეჩნებთან ერთად, უკრაინაში ოსებიც იბრძვიან. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალას ინტერნეტში ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი აქვეყნებს. ჯავშანტრანსპორტიორზე, რომელსაც წინ და გვერდებზე წარწერა Батальон «Восток» აქვს დატანებული, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის დროშაა აღმართული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა