უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, საქართველო, უკრაინა... - ვინ იქნება შემდეგი?

უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, საქართველო, უკრაინა... - ვინ იქნება შემდეგი?

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის მონაწილეობა უკვე აღარავის აღარ უკვირს. მეამბოხეებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან ერთად, მოსკოვი მოსაზღვრე რაიონებიდან არც უკრაინის ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვებს ერიდება. საკუთარი გავლენისა და ძალის დემონსტრირებისთვის, მოსკოვის მხრიდან ღია თუ ფარული სამხედრო აგრესიის გამოვლენა სიახლეს აღარ წარმოადგენს.

სამწუხაროდ უკრაინა არც პირველი და სავარაუდოდ არც უკანანასკნელი სახელმწიფოა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი სამხედრო აგრესიას მიმართავს. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩვენი ჩრდილო მეზობლის ჩარევა და ამ ჩარევის შედეგი, საქართველომ 1990-იანების დაასწყისში, აფხაზეთის ომის მაგალითზე თვალნათლივ დაინახა.

მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ჩეხოსლოვაკიაში განვითარებული მოვლენებიდან, რომლებიც ისტორიაში "პრაღის გაზაფხულის" სახელით შევიდა, 46 წელიწადი შესრულდა. "პრაღის გაზაფხული" საკუთარი ინტერესების შენარჩუნებისა და კონტროლის გამყარების მიზნით, დამოუკიდებელ სახელმწიფოს შიდა საქმეებში სამხედრო ინტერვენციის ნათელი მაგალითია. ჩეხოსლოვაკიამდე იყო უნგრეთი.

უნგრული ამბოხების 18 დღე - ასე შევიდა ისტორიაში 1956 წლის შემოდგომაზე ბუდაპეშტში განვითარებული მოვლენები. სისხლიან დაპისირპირებაში გადასული ანტისაბჭოური გამოსვლები, ბუდაბეშტის ქუჩებში საბჭოური ტანკების შეყვანით დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომისას, უნგრეთი გერმანიის მხარეს იბრძოდა და ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მოხვდა. ქვეყნის სათავეში მოსულმა კომპარტიამ, საბჭოური პოლიტიკისა და წესებით უკმაყოფილო ხალხის რეპრესირება დაიწყო. მხოლოდ 1952 წელს - 540,000-ზე მეტი ადამიანი.

უნგრულ სკოლებში რუსული ენა აუცილებელი საგანი გახდა. თანდათანობით მოსახლეობაში დაგროვილი უკმაყოფილების მუხტი სახალხო გამოსვლებში გადაიზარდა.

1956 წლის 23 ოქტომბერს სიტუაცია კონსტოლს გასცდა. კომუნისტებით უკმაყოფილო ხალხი სტალინის ძეგლებსა და საბჭოურ სიმბოლიკას ანადგურებდა. ბუდაპეშტი ბრძოლის ველს დაემსგავსა. ყველგან საბჭოურ რეჟიმთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის ლოზუნგები გაისმოდა.

მალე მოსკოვი მკაცრ ქმედებებზე გადავიდა. 4 ნოემბერს გამთენიისას რუმინეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და სსრკ-დან უნგრეთის ტერიტორიაზე ჯარები შეიჭრნენ. ოპერაცია "გრიგალში" 60,000 ჯარისკაცი და 3000-მდე ტანკი მონაწილეობდა. ბუდაპეშტში სროლა 10 ნოემბერს შეწყდა.

კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულთა "კონტრევოლუციური აჯანყების ჩახშობისთვის", მარშალმა ჟუკოვმა სსრკ-ს გმირის მე-4 ვარსკვლავი მიიღო.

მოსკოვის მხრიდან ბუდაპეშტის ამბოხების ძალისხმიერი მეთოდებით ჩახშობას, მსოფლიოში მწვავე რეაქცია მოჰყვა. პროტესტის ნიშნად ესპანეთმა, ჰოლანდიამ და შვეიცარიამ მელბურნის XVI-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

უნგრულ ამბოხებას 3,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პარადოქსალურია, მაგრამ ბუდაბეშტის მოვლენებიდან 12 წლის შემდეგ, ერთ დროს კომუნისტური წყობის წინააღმდეგ მებრძოლი უნგრეთი და უნგრელები, 1968 წლის პრაღის სისხლიანი გაზაფხულის ერთ-ერთი მონაწილენი გახდებიან და უკვე საკუთარი ტანკებით, კომუნისტური წყობის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეხოსლოვაკ მეამბოხეების განადგურებას დაიწყებენ.

ჩეხოსლოვაკიაში ანტისაბჭოური მოძრაობა 1968 წლის 4 იანვარს დაიწყო. იმ დღეს ქვეყნის სათავეში ახალი მმართველი ალექსანდრე დუბჩეკი მოვიდა. მას შემდეგ ქვეყანამ სსრკ-სგან დამოუკიდებელი არსებობის სურვილის გამოხატვა სულ უფრო აქტიურად დაიწყო. ქვეყანაში შერბილდა ცენზურა, დაიწყო მუშაობა მრავალპარტიული მოდელის შექმნაზე.

საზოგადოების ლიბერალიზაციასთან ერთად, ქვეყანაში ანტისაბჭოური განწყობა მატულობდა. 15 თებერვალს, გრენობლში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩეხოსლოვაკის ნაკრებმა ანგარიშით 5:4 სსრკ დაამარცხა. ქუჩებში გაჩნდა პლაკატები წარწერით "ჩეხოსლოვაკია-ოკუპანტები 5:4".

მოსკოვი ამ ყველაფერ უკმაყოფილებით უყურებდა და კრემლიდან დუბჩეკს თითი არაერთხელ დაუქნიეს. 4 მაისს გამართულ შეხვედრაზე, ბრეჟნევმა დუბჩეკის მოქმედება და ჩეხოსლოვაკიაში არსებული ანტისაბჭოური ვითარება ღიად გააკრიტიკა.

პოლიტიკური ლიბერალიზმის ეპოქა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის 21 აგვისტოს დასრულდა. ღამის 2 საათზე პრაღის აეროპორტში საბჭოური თვითმფრინავი ვითომდა გაუმართაობის გამო, ავარიულად დაეშვა. სინამდვილეში მის ბორტზე საბჭოური მედესანტეები იყვნენ, რომლებმაც რამდენიმე წუთში სადისპეჩერო კოშკი და საკვანძო პუნქტები აიყვანეს. ცოტა ხანში აეროპორტში მედესანტეებითა და სამხედრო ტექნიკით დატვირთული პირველი სამხედრო თვითმფრინავები დაეშვნენ. დაიწყო ოპერაცია "დუნაი". 18 წერტილიდან ჩეხოსლოვაკიაში პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სსრკ-დან და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან 24 დივიზია შეიჭრა. ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან "დუნაიში" მონაწილეობაზე უარი მხოლოდ რუმინეთმა თქვა. 21 აგვისტოს საღამოს შემოჭრილმა დანაყოფებმა ქვეყნის ყველა საკვანძო ობიექტი დაიკავეს. ჩეხოსლოვაკიის არმიას იარაღის გამოყენება ბრძანებით აეკრძალა.

ქალაქების, განსაკუთრებით კი პრაღის ქუჩებში გამოჩენილ საბჭოურ ტანკებს მშვიდობიანი მოსახლეობა ებრძოდა. მოქალაქეები ქუჩებს სატვირთო ავტომობილებით ხერგავდნენ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აფერხებდნენ. ტანკებზე ანტისაბჭოურ ლოზუნგებს წერდნენ და ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ. ჯარისკაცებს ქვებს, ასფალტის ნატეხებს, "მოლოტოვის კოქტეილს" უშენდნენ. ინტერვენციის შედეგად აგვისტოსა და სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე დაიღუპა, 500-მდე კი დაიჭრა. საბჭოთა არმიის დანაკარგმა 98 ჯარისკაცი შეადგინა.

პროტესტმა არა მხოლოდ ჩეხოსლოვაკია, არამედ ევროპაც მოიცვა. მსხვილ ქალაქებში ანტოსაბჭოური მიტინგები იმართებოდა. თავად ჩეხოსლოვაკიაში რამდენიმე ადამიანმა თავის დაწვა სცადა.

თავისუფალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობა, მეზობელი ქვეყნის ინტერვენციით დასრულდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საბჭოურმა ტანკებმა პრაღა 11 სექტემბერს დატოვეს.

საერთაშორისო პროტესტი მოსკოვს დიდად არ ანაღვლებდა. მთავარი სიციალისტურ ბლოკში წესრიგის დამყარება იყო. წესრიგის დამყარების მეთოდებზე კი კრემლში არც მაშინ ფიქრობდნენ და როგორც ჩანს, არც ახლა დიდად იწუხებენ თავს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა