რუსეთ-უკრაინის ომი - მოვლენა რომელსაც ოფიციალურად არც ერთი მხარე არ აღიარებს

რუსეთ-უკრაინის ომი - მოვლენა რომელსაც ოფიციალურად არც ერთი მხარე არ აღიარებს

ბოლო დღეებში, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 28 აგვისტოს გამთენიისას, რუსული არმიის სამხედრო შენაერთებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და ქვეყნის სიღრმეში დაიწყეს შესვლა. ფაქტობრივად ამ ფაქტმა, რეგიონში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას წერტილი დაუსვა. ახლა იქ რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. თუმცა ოფიციალურად საომარი მოქმედებების დაწყებაზე არც კიევი და არც მოსკოვი არ საუბრობენ.

უკრაინაში საკუთარი ჯარისა და სამხედრო ტექნიკის არსებობას მოსკოვი არ აღიარებს. ასეთი შინაარსის განცხადება 1-ელ სექტემბერს, რუსეთის პირველმა დიპლომატმა - სერგეი ლავროვმა გააკეთა. ის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს. ლავროვის განმარტებით, მოსკოვი მხოლოდ მოვლენების მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს.

ოფიციალურ მოსკოვს უკრაინაში საკუთარი ტანკების და მედესანტეების ყოფნის აღიარება არ აწყობს. კრემლი ბოლო მომენტამდე საკუთარი ჩარევის ფაქტების დამალვას შეეცდება. თუმცა რეალური ვითარება სრულიად საპირისპიროა.

ინტერნეტში, მათ შორის უცხოურ სამხედრო ფორუმებზე სულ უფრო ხშირად იდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გადაადგილებული რუსული ტანკებისა და სამხედრო კოლონების ფოტოები. ტანკების კუთვნილებაზე მათი იერი მიუთითებს. მეზობელი სახელმწიფოს ანექსიისთვის, მოსკოვმა საკუთარი T-72-ების ბოლო მოდიფიკაციები - Т-72Б3-ები გაგზავნა. ასეთი მოდიფიკაციის ტანკები მხოლოდ რუსეთის არმიის შეიარაღებაშია. საბაზო მოდელისგან ის ვიზუალურად ახალი მრავალრეჟიმული სამიზნით Сосна-У, მუხლუხოებით, ქარის დეტექტორით და დინამიური დაცვის ელემენტებით Контакт-5 გამოირჩევა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი ტანკი, პრაქტიკულად გამართულ მდგომარეობაში უკრინელმა სამხედროებმა 30 აგვისტოს ჩაიგდეს ხელში.

მეზობელ სახელმწიფოში შეჭრის პარალელურად, მოსკოვი მეამბოხეების მომარაგებას განაგრძობს. ტერორისტების განკარგულებაში 152 მმ-იანი მისაბმელი ჰაუბიცებიც გამოჩნდა.

ფრონტებზე ვითარება უკრაინული მხარისთვის უარესობისკენ შეიცვალა. სტრატეგიული სიმაღლე საურ-მოგილის დაკარგვის შემდეგ, მეამბოხეებმა უკრაინელი სამხედროები რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან განდევნეს. ბევრ ადგილას არმია თავდაცვით ბრძოლებზე გადავიდა და პოზიციების შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს.

ცოცხალ ძალასთან ერთად, გაიზარდა ტექნიკის დანაკარგებიც. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში არმიამ რამდენიმე ათეული ტანკი, ჯავშან-ტრასნპორტიორი, საარტილერიო საშუალება დაკარგა.

26 აგვისტოს პრეზიდენტმა პოროშენკომ, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე დანაყოფების იარაღითა და საბრძოლო მასალებით მომარაგებისთვის, დაკონსერვებული სამხედრო საწყობების გახსნის ბრძანება გასცა. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, რეგიონში მოქმედი საარმიო და მოხალისეთა დანაყოფებისთვის, საჭირო შეიარაღება რეგიონში არაუგვიანეს 48 საათში უნდა გაიგზავნოს.

პარალელურად მზარდი დანაკარგების შევსებას კიევი დაკონსერვებული ტექნიკის ხარჯზე ცდილობს. ორ ცვლაში მომუშავე უკრაინულ სარემონტო ქარხნებში, აქტიურად მიმდინარეობს დაკონსერვებული საარტილერიო სისტემების, ტანკების, ჯავშანტექნიკის, ქვემეხების აღდგენა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი უკრაინის განკარგულებაში 6,500 ტანკი, 7,000 ჯავშანტექნიკა, 7,200 ქვემეხი და საარტილერიო სისტემა აღმოჩნდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში, უფულობის პირობებში ტექნიკის ნაწილს ყიდნენ. ნაწილს კი აკონსერვებდნენ. დღეს იარაღისა და ტექნიკის დეფიციტის პირობებში, არმია იძულებულია 10-15 წლის განმავლობაში უქმად მდგარი ტექნიკა აღადგინოს და ფრონტზე გაგზავნოს.

26 აგვისტოს, მინსკში გამართულ პოროშენკო-პუტინის 2 საათიანმა შეხვედრამ, როგორც ჩანს, შედეგი არ მოიტანა. შეხვედრიდან 2 დღეში მოსკოვი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტანკებით შევიდა. მას შემდეგ მეამბოხეებიც შეტევაზე გადავიდნენ. 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა არმიამ ლუგანსკის აეროპორტიდან უკან დაიხია.

დიდი დანაკარგების გამო, უკრაინული სამხედრო ავიაცია კონფლიქტში ეპიზოდურად მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, არსებული ცნობით, 31 აგვისტოს ორმა Су-25-მა უკრაინის ტერიტორიაზე შემოსულ რუსულ სამხედრო კოლონებზე მიიტანეს იერიში.

31 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებმა ზღვაზეც გადაინაცვლეს. მარიუპოლთან, ნაპირიდან 3 მილში მყოფ სანაპირო დაცვის კატარღებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთ კატარღას ცეცხლი გაუჩნდა და მალევე ჩაიძირა. 8 მეზღვაური მეორე მცურავმა საშუალებამ გადაარჩინა. ორი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. არსებობს ვერსია, რომ კატარღებზე იერიში უცნობმა შვეულმფრენებმა მიიტანეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა