როგორ ასწავლა მსოფლიო ომმა ადამიანებს მაჯის საათის ტარება

როგორ ასწავლა მსოფლიო ომმა ადამიანებს მაჯის საათის ტარება

პოპულარული მაჯის საათების გავრცელებას ხელი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველმა მსოფლიო ომმა შეუწყო. 1914 წელს მაჯის საათი მებრძოლი არმიების ოფიცერთა საშტატო აღჭურვილობად იქცა. ომის დაწყებასთან ერთად, მესაათე კომპანიებმა სამხედრო უწყებებისგან მაჯის საათების მსხვილი პარტიების დამზადებაზე მრავალი შეკვეთა მიიღეს. ერთი საუკუნის წინ შექმნილი ზოგიერთი მოდელი დღესაც პოპულარულია.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში დროის გასაგებად მობილურ ტელეფონს სულ უფრო ხშრად ვიყენებთ. მაჯაზე გაკეთებულმა კლასიკურმა საათმა კი თანდათან აქსესუარის სტატუსი მოირგო. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი აქსესუარი მისი მფლობელის სოციალურ სტატუსსაც განსაზღვრავს. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო.

ევროპულ ქრონიკებში მაჯის საათი პირველად XVI საუკუნეშია ნახსენები. 1571 წელს რობერტ დადლიმ, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ პირველს ბრილიანტებითა და მარგალიტებით მორთული სამაჯური მიართვა, რომელსაც პატარა საათი ჰქონდა. ბრილიანტებით იყო გაწყობილი საათის სახელგანთქმული მოდელი Reine de Naples, რომელიც 1812 წელს ოსტატმა აბრაამ-ლუი ბრეგეტმა იმპერატორ ნაპოლეონის უმცროს დას - ნეაპოლის დედოფალ კაროლინა მიურატს მიართვა. თავად იმპერატორიც ლაშქრობებში Breguet-ის საათს ატარებდა.

იმ დროს საათი ძალზე ძვირი სიამოვნება იყო და მისი ქონის ბედნიერება მხოლოდ მდიდარ დიდგვაროვნებს ჰქონდათ. სიტუაცია XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა. მასშტაბურ ბრძოლებში, საკუთარი საჯარისო შენაერთების კოორდინირებისთვის, ოფიცრებს ზუსტი დროის ცოდნა სჭირდებოდათ. მსოფლიოს მსხვილი მესაათეების წინაშე ორი ამოცანა დაისახა. პირველ რიგში, საჭირო იყო მარტივი კონსტრუქციის საათების შექმნა, რომლებიც საველე პირობებშიც გამართულად იმუშავებდნენ. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - საათებზე ოპტიმალური ფასის დაწესება იყო.

ბრაზილიელმა ავიატორმა ალბერტო სანტუშ-დიუმონტმა მაჯის საათი საკუთარ მეგობარს - ლუი კარტიეს დაუკვეთა. ფრენის ხანგრძლივობისა და საწვავის მარაგის განსაზღვრისთვის, პილოტს ზუსტი საათი სჭირდებოდა.

წარმოების მასშტაბების გაზრდისა და ღირებულების შემცირების პრობლემა ამერიკელებმა გადაწყვიტეს. საათების წარმოებაში მათ "კოლტის" რევოლვერების ფაბრიკისგან ნასესხები იდეა - კონვეერის პრინციპი გამოიყენეს. "კოლტის ტექნოლოგიით" დამზადებული პირველი საათი ამერიკელებმა ფილადელფიაში, 1867 წელს გამართულ გამოფენაზე წარმოადგინეს.

მაჯის საათების მასიური გავრცელება პირველმა მსოფლიო ომმა განაპირობა. მალევე მაჯის საათი ოფიცრების ეკიპირების განუყრელი ატრიბუტი გახდა. მოდელების უმეტესობას სტანდარტული კონფიგურაცია ჰქონდა. თუმცა ცალკეული ფირმები ექსპერიმენტებს აქტიურად ატარებდნენ. 1915 წელს Rolex-მა ბრიტანეთის სამეფო ფლოტის დაკვეთით მეტალისკორპუსიანი წყალგაუმტარი საათი დაამზადა.

Breguet-მა თავი ავიატორებისთვის მსოფლიოში პირველი მაჯის ქრონომეტრის შექმნით გაითქვა. დიდი სიზუსტის საათის ცდომილება 24 სთ-ის განმავლობაში მხოლოდ +/- 5 წმ იყო. დღესაც პოპულარული კვადრატული ფორმის მაჯის საათი (მოდელი "ტანკი") ფირმა Cartier-მ ახალი სამხედრო ტექნიკის პატივსაცემად შექმნა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე