"უპილოტო სიკვდილი" - ვინ ხდება ამერიკული უპილოტოების მსხვერპლი პაკისტანში

"უპილოტო სიკვდილი" - ვინ ხდება ამერიკული უპილოტოების მსხვერპლი პაკისტანში

ბოლო წლებში, პაკისტანის ტერიტორიაზე ამერიკული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. ჟურნალისტური გამოძიების ბიუროს მონაცემებით, საჰაერო დარტყმების შედეგად, "ალ-ქაიდას" წევრები დაღუპული ადამიანების მხოლოდ 4%-ია.

პროექტის "დაღუპულთა დასახელება" ფარგლებში, ბიუროს წევრები 1 წლის განმავლობაში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უპილოტოების მიერ მოკლული ადამიანების სახელებს აგროვებდნენ. დოკუმენტის ავტორები პაკისტანის ხელისუფლების ოფიციალურ დოკუმენტებს და ადგილობრივი მოსახლეობის ხელწერილებს იყენებენ.

მონაცემთა ანალიზისას გაირკვა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული 2379 დაღუპული ადამიანიდან მხოლოდ 704-ია იდენტფიცირებული. საერთო რაოდენობიდან კი სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებას მხოლოდ 84 ადამიანი მიეკუთვნებოდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ქეიტლინ ჰეიდენმა განაცხადა, რომ უპილოტოებს საჰაერო იერიშებისთვის მხოლოდ ინფორმაციის 100%-ით დადასტურების შემთხვევაში იყენებენ.

პაკისტანის ტერიტორიაზე "უპილოტო" საჰაერო იერიშების განხორციელების იურიდიული საფუძველი "სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვაა". ეს კანონი აშშ-ის კონგრესმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 3 წლის თავზე მიიღო. ეს ფორმულირება და მას დართული იურიდიული დოკუმენტები, პლანეტის მასშტაბით, პრეზიდენტს აშშ-ზე თავდასხმის ორგანიზატორების წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას აძლევს.

თავდასხმის ორგანიზატორებში ოფიციალურად დოკუმენტში არავინ სახელდება. მაგრამ 2013 წლის მარტში ობამამ დააზუსტა, რომ ფორმულირება "ალ-ქაიდას", მოძრაობა "თალიბანს" და ყველა იმ შეიარაღებულ დაჯგუფებებს მოიცავს, რომლებიც აშშ-სა და მის პარტნიორებს საფრთხეს უქმნის.

10 წლის განმავლობაში უპილოტოებმა არაერთი საველე მეთაური და "ალ-ქაიდასთან" დაახლოვებული პირი გაანადგურეს. თუმცა მსგავს იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება.

გაეროს ერთ-ერთი ექსპერტის - ბრიტანელი იურისტის შეფასებით, სამხედრო მიზნებში უპილოტოების მასობრივი გამოყენება, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კანონმდებლობის ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

Long War Journal-ის მიერ შეგროვებული სტატისტიკური მონაცემებით, 2004 წლიდან დღემდე, ამერიკულმა უპილოტო "მკვლელებმა" პაკისტანის ტერიტორიაზე 400-მდე საჰაერო იერიში მიიტანეს. მსგავსი ოპერაციების უმეტესობა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძელზე ტარდება. ოფიციალური მონაცემებით, ამერიკული უპილოტოების საჰაერო იერიშებს პაკისტანის ტერიტორიაზე 2379-მდე ადამიანი შეეწირა. მათგან 881 - სამოქალაქო პირია, მათ შორის 176 ბავშვი. თუ ამ ციფრებს დავუმატებთ ავღანეთში, ერაყში, იემენში, სომალისა და ლიბიაში უპილოტო საფრენი აპარატების მსხვერპლთა რაოდენობასაც, ის გაცილებით შთაბეჭდავი გამოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს