პოლონეთი რუსული აგრესიისთვის ემზადება - რა საფრთხეებზე საუბრობენ ევროპელი ლიდერები

პოლონეთი რუსული აგრესიისთვის ემზადება - რა საფრთხეებზე საუბრობენ ევროპელი ლიდერები

უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, ევროპის რიგმა სახელმწიფოებმა სამხედრო ძალების გადაჯგუფება და შესაძლო კონფრონტაციისთვის მზადება დაიწყეს. ევროპელი ლიდერების განმარტებით, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირება რთულია და ამიტომაც, "ყოველი შემთხვევისთვის" საფრთხისთვის მზადებას შეუდგნენ.

უკრაინაში არსებული მდგომარეობა მართლაც რომ კრიტიკულია. მიმდინარე დღეების განმავლობაში დონეცკის აეროპორტის გარდა, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ შეინიშნება. უკრაინული არმია არსებული პოზიციების გამყარება-გამაგრებითაა დაკავებული. მეამბოხეები კი - ძალთა გადაჯგუფებით. პირობითი სტაბილურობის ფონზე რუსეთი უკრაინის საზღვართან დიდძალი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეკრებას განაგრძობს. ასეთი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელმა მარკ სტორჰმა 3 ნოემბერს გაავრცელა.

უკრაინა-რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში არსებული ვითარების შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. რამდენიმე დასავლური ინტერნეტ გამოცემის მტკიცებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შემოჭრილი სატანკო დანაყოფები მსხვილი შეტევისთვის ემზადებიან.

ყოველივე ამის ფონზე პოლონეთმა აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერება დაიწყო. ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელორუსის და ნაწილობრივ უკრაინის საზღვართან, ვარშავამ დამატებითი საჯარისო შენაერთების, მათ შორის ტანკების გადასროლის გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ, მოსაზღვრე რეგიონების გასაძლიერებლად პოლონელები გერმანიაში შეძენილ ტანკებს გამოიყენებენ. საკუთარი სატანკო პარკის მოდერნიზაციისთვის ვარშავამ ბერნილისგან Leopard-2A4 და Leopard-2A5-ის ტიპის 119 ტანკი შეიძინა. მათი ნაწილი უკვე პოლონეთშია.

ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებისა და სამხედრო ექსპერტების ნაწილი ახალი ცივი ომის დაწყებაზე საუბრობენ. ოქტომბრის ბოლოს, გერმანიაში დისლოცირებული აშშ-ს 1-ელი კავალერიული დივიზიის ნაწილებმა სწავლებები გამართეს. მასში 4,000-მდე სამხედრომ და ჯავშანსატანკო დანაყოფებმა მიიღო მონაწილეობა. სწავლების სცენარი შემოჭრილი მოწინააღმდეგის შეჩერებას ისახავდა მიზნად.

ევროპას რუსული სამხედრო ავიაციის გააქტიურებაც აშფოთებს. საკუთარ საზღვრებთან რუსული გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების პრაქტიკულად რეგულარულმა ფრენებმა NATO-ს წარმომადგენლებსაც ახალი თავის ტკივილი გაუჩინა. 1-ელ ნოემბერს ალიანსის რადარებმა ჩრდილოეთი ზღვის თავზე 8 რუსული თვითმფრინავი დააფიქსირეს. გზის გადასაჭრელად აფრენილმა ნორვეგიულმა გამანადგურებლებმა, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში 4 სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95СМ და ამდენივე მფრინავი ტანკერი Ил-78 დააფიქსირეს. გარკვეული დროის შემდეგ 6 თვითმფრინავი რუსეთში გაბრუნდა, ორმა ბომბდამშენმა კი ნორვეგიის საზღვის გასწვრივ განაგრძო ფრენა. ფრენის მარშრუტზე რუსულ თვითმფრინავებს ჯერ განგაშით აფრენილი ბრიტანული, შემდგომ კი - პორტუგალიული გამანადგურებლები "მიაცილებდნენ".

29 ოქტომბერს განგაშით ჰაერში თურქული გამანადგურებლების აშვების მიზეზი, თურქეთის საზღვრების სიახლოვეს გამოჩენილი ორი რუსული ბომბდამშენი და ორი გამანადგურებელი გახდა. ერთი დღით ადრე რუსული გამანადგურებლების ჯგუფი ბალტიის ზღვის თავზე შენიშნეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე