ამერიკელი გენერალი - ძალზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის დღევანდელი დილა, როდესაც ვუყურებდი, მინისტრი პირადად რომ მონაწილეობდა სწავლებაში

ამერიკელი გენერალი - ძალზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის დღევანდელი დილა, როდესაც ვუყურებდი, მინისტრი პირადად რომ მონაწილეობდა სწავლებაში

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ჰოდჯესს შეხვდა . შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

"საქართველოში ტარდება სამეთაურო-სასწავლო სწავლება "დიდგორი 2014", რომელიც წლის შემაჯამებელი სწავლებაა და უმნიშვნელოვანესია ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული როგორც საკუთრივ "დიდგორი 2014"-ის ორგანიზებასა და მართვაში, ისე ზოგადად, ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ და მადლობა გადაუხადა აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მეთაურს საქართველოში ვიზიტისა და სწავლების შეფასებაში მონაწილეობისთვის, ასევე, გენერალურ შტაბს და ყველა ჯარისკაცს, რომლებიც სწავლებაში მონაწილეობენ.

მინდია ჯანელიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, ისევე, როგორც ყველა შეხვედრაზე, საუბარი იყო აშშ-სთან სამომავლო თანამშრომლობაზე და ეს თავდაცვის სამინისტროს ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

"ამ თანამდებობაზე ორი კვირის წინ დავინიშნე და ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია სარდლის რანგში. ჩემი აზრით, ეს მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებაზე, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - საქართველოს. ძალზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის დღევანდელი დილა, როდესაც ვუყურებდი, მინისტრი პირადად რომ მონაწილეობდა სწავლებაში. როდესაც თქვენი თავდაცვის მინისტრი პირადად არის მონაწილე ამ სწავლებისა, მისი მრჩევლები აქტიურად არიან ჩართული, ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია იმის ხილვა, რომ ისინი ასე ზრუნავენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ჰოდჯესმა.

მან, ასევე, მწუხარება გამოთქვა ავღანეთში 4 ქართველი ჯარისკაცის დაჭრის გამო და მათ სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოდჯესი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე