რა კომპენსაციას სთავაზობს ამერიკა საფრანგეთს "მისტრალის" პროექტზე უარის თქმის სანაცვლოდ

რა კომპენსაციას სთავაზობს ამერიკა საფრანგეთს "მისტრალის" პროექტზე უარის თქმის სანაცვლოდ

"რუსეთისთვის "მისტრალის" ტიპის შვეულმფრენმზიდების გადაცემაზე საფრანგეთის მხრიდან უარის მიღების შემთხვევაში, მოსკოვი ამ ნაბიჯს გაგებით მოეკიდება და პრეტენზიების წამოყენებას არ დაიწყებს", - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ. პუტინის განმარტებით, შექმნილ ვითარებაში ფრანგებს მხოლოდ ორი გზა აქვთ - "ან ხომალდები უნდა გადმოგვცენ ან ფული დაგვიბრუნონ".

აეროპორტ "ვნუკოვო 2"-ის სამთავრობო ტერმინალში გამართულ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების ხანმოკლე შეხვედრაზე "მისტრალის" საკითხი არ განხილულა. ძირითადი აქცენტი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტსა და მისი მოგვარების გზებზე გაკეთდა.

პუტინ-ოლანდის შეხვედრის შემდეგ სააგენტო Reuters-მა აშშ-ის მხრიდან, ფრანგული გემთსაშენი კომპანიისთვის 1,2 მლრდ ევროს ღირებულების დაკვეთის მიცემის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა. ამ შემთხვევაში, დამკვეთი Royal Caribbean Cruises Ltd-ია. კერძო კომპანია, რომლის სათაო ოფისიც ქალაქ მაიამიში მდებარეობს, მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი საკრუიზო კომპანიაა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი ორი საკრუიზო ლაინერის აგებას ითვალისწინებს. პირველის დასრულება - 2018, მეორესი კი 2020 წელს იგეგმება.

რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა Reuters-ის ინფორმაცია უმალ აიტაცეს და შეკვეთას "კომპენსაცია" უწოდეს, რომელიც პარიზმა რუსული ფლოტისთვის "მისტრალების" მიწოდებაზე უარის თქმის გამო მიიღო.

"ამჟამად "მისტრალების" რუსეთისთვის გადასაცემად ჩვენ არანაირ ნაბიჯებს არ ვახორციელებთ. სავსებით შესაძლებელია, რომ მოვლენების გარკვეული განვითარების შემთხვევაში, მოსკოვი ხომალდებს საერთოდ ვერ მიიღებს", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ინფორმაცია "მისტრალების" მიწოდების ვადების შესაძლო გადაწევაზე პირველად მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გაჩნდა. მიზეზად უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დასახელდა. 14 ნოემბერს, რუსული მხარისთვის პირველი ხომალდის - "ვლადივოსტოკის" გადაცემის ცერემონიალი უნდა გამართულიყო, თუმცა ის არ შედგა. ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამჟამად პარიზი რუსეთისთვის აგებული "მისტრალებისთვის" ახალ მფლობელს ეძებს. პოტენციურ მყიდველთა შორის განიხილება ბრაზილია, ევროკავშირის წევრები და სხვა რიგი სახელმწიფოები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საფრანგეთს შორის, "მისტრალის" ტიპის სადესანტო ხომალდების შეძენის ხელშეკრულება 2011 წლის ივნისში გაფორმდა. კონტრაქტის პირობების თანახმად, ორ ხომალდში რუსებმა 1,2 მილიარდი ევრო გადაიხადეს. პირველის - "ვლადივასტოკის" მშენებლობა წელს დასრულდა და ამჟამად ის დამკვეთისთვის გადასაცემად მზადაა. მეორე ხომალდი - "სევასტოპოლი" წყალშია ჩაშვებული. მისი მშენებლობის დასრულება 2015 წელს იგეგმება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე