ღვთაებრივი ქარი - სამშობლოსთვის შეწირული იაპონელი კამიკაძე პილოტები

ღვთაებრივი ქარი - სამშობლოსთვის შეწირული იაპონელი კამიკაძე პილოტები

დღეს სიტყვამ "კამიკაძე" საზოგადო სახელი მიიღო. ასე უწოდებენ ყველა თვითმკვლელ ტერორისტს. გადატანითი მნიშვნელობით კი - ადამიანებს, რომლებიც საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ. ნამდვილი კამიკაძე არც ტერორისტი და არც თავზე ხელაღებული ექსტრემალია. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ამ სიტყვით სამხედრო პილოტებს მოიხსენიებდნენ, რომლებმაც სიცოცხლის სამშობლოსთვის გაწირვის გადაწყვეტილება მიიღეს.

1944 წლისთვის იაპონია არასახარბიელო მდგომარეობაში იყო. ქვეყნის სამხედრო მრეწველობა ამერიკას კონკურენციას ვერ უწევდა. დანაკარგები ნელი და არასრულფასოვანი ტემპებით ივსებოდა. არ იყო საკმარისი რაოდენობით თვითმფრინავები, საწვავი, კვალიფიციური პილოტები.

1944 წლის ოქტომბერში იაპონელებმა ფილიპინების დაცვისთვის მზადება დაიწყეს. ძალთა ბალანსი მოწინააღმდეგის მხარეს იყო გადახრილი. ამერიკული შეტევის შესაჩერებლად იაპონელებმა დიდ ფლოტს, მათ შორის მსოფლიოში უდიდეს ორ სახაზო ხომალდს - "იამატო" და მუსასი" მოუყარეს თავი. მაგრამ ეს არ კმაროდა. ამერიკელების მრავალჯერადი უპირატესობა საჰაერო ძალებში იაპონურ ფლოტს სრული განადგურებით ემუქრებოდა.

ძალთა თანაფარდობის აღდგენისთვის იაპონელები რადიკალურ ნაბიჯზე - თვითმკვლელი პილოტების ტაქტიკის გამოყენებაზე წავიდნენ. ბომბებით შეიარაღებული თვითმფრინავები ამერიკულ სამხედრო გემებს უნდა დაჯახებოდნენ. უმაღლეს სამხედრო დონეზე შეთანხმებულმა იდეამ მოწონება დაიმსახურა. პილოტებს, რომლებსაც სამშობლოსთვის თავი უნდა გაეწირათ, კამიკაძე უწოდეს. იაპონურად ეს სიტყვა "ღვთაებრივ ქარს" ნიშნავს. 1274 და 1281 წლებში ამ სახელით ცნობილმა ტაიფუნმა, იაპონიის ნაპირებისკენ მიმართული მონღოლური ფლოტი პირწმინდად გაანადგურა.

კამიკაძეებში მოხვედრილი პილოტები დამატებით სწავლებას არ საჭიროებდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათი მომზადების დონე სხვა პილოტებზე გაცილებით დაბალი იყო. საგანმანათლებლო პროცესის შემცირებისთვის, მათ არც სროლას და არც ბომბების ჩამოგდებას ასწავლიდნენ. კამიკაძეს მხოლოდ - ზღვაში ამერიკული ხომალდის აღმოჩენა და მასზე საკუთარი თვითმფრინავის დაჯახება ევალებოდა. იაპონური სამხედრო ხელმძღვანელობის აზრით, ამერიკის შეჩერება მხოლოდ კამიკაძეების მასიურ გამოყენებას შეეძლო.

კამიკაძეების პირველმა შეტევებმა სასურველი შედეგი გამოიღო. ამერიკული ხომალდების ეკიპაჟებისთვის იაპონური ტაქტიკა სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი აღმოჩნდა.

ომის ბოლომდე საზღვაო ავიაციამ 2525, სახმელეთომ კი - 1387 პილოტი-კამიკაძე მოამზადა. იაპონური ციფრებით, თვითმკვლელმა მფრინავებმა 81 ხომალდი ჩაძირეს და 195 - დააზიანეს. ამერიკული მონაცემებით, ეს ციფრები ასე გამოიყურება - 34 ჩაძირული და 288 დაზიანებული. მოწინააღმდეგის მატერიალურ ქონების განადგურებასთან ერთად, კამიკაძეების მოქმედება ამერიკელ მეზღვაურებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა.

კამიკაძეები ერთადერთი იყო, რაშიც იაპონია დეფიციტს არ განიცდიდა. მათი რაოდენობა არსებული თვითმფრინავების რაოდენობას 3-4-ჯერ აღემატებოდა. XX საუკუნის დასაწყისში, იაპონიაში ახალგაზრდების აღზრდაში იდეოლოგიას დიდი ადგილი ეკავა. მოზარდებს სამშობლოს სიყვარულს, მისთვის და იმპერატორისთვის თავდადების მნიშვნელობას ბავშვობიდან უნერგავდნენ. აღზრდის მსგავსი სისტემის საფუძვლები იაპონურ კულტურაში შუა საუკუნეებში ბუსიდოს კოდექსსა და სამურაების ცხოვრების წესზე იყო დაფუძნებული.

დავალებაზე გაფრენის წინ, კამიკაძეები სპეციალურ ცერემონიალში იღებდნენ მონაწილეობას. ის ერთი ჭიქა საკეს დალევას და შუბლზე ხატიმაკის გაკეთებას ითვალისწინებდა. თეთრი ნაჭრის სახვევი იაპონელებში განზრახვის შეუდრეკელობის და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების სიმბოლო იყო.

აქტიური მცდელობების მიუხედავად, "ღვთაებრივმა ქარმა" იაპონია დამარცხებისგან ვერ იხსნა.

ნუკრი მგელაძე

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

შს მინისტრის მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომელს, რომელიც 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა