ქართველი მეომრები, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან

ქართველი მეომრები, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან

"ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი სამთავრობო ჯარების რიგებში ათობით ქართველი მოხალისე იბრძვის. თუმცა ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ეროვნების მებრძოლები პრორუსი მეამბოხეების მხარესაც ომობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრორუსი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ქართველები.

"ცოტა ხნის წინ "იუთუბზე" გავრცელდა ორი ვიდეო, რომელშიც სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ქართველები არიან ასახულნი. ერთ-ერთ მათგანში საუბარია მეომარზე, რომლის ზედმეტსახელია "ქართველი". ის ცნობილი საველე მეთაურის, არსენ პავლოვის, იგივე "მოტოროლას" დაჯგუფებაში იბრძვის. კადრები დონეცკის აეროპორტშია გადაღებული. თანამებრძოლები მას დაბადების დღეს ულოცავენ და უსურვებენ, რომ მალე "ჯორჯიას შტატი", იგივე საქართველო, "ხელიდან გამოჰგლიჯონ ამერიკელებს". თავის მხრივ ვიდეორგოლის მთავარი გმირი იმ ქართველებს მიმართავს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მხარეს იბრძვიან. "ქართველი" მათ "დაქირავებულ არამზადებს" უწოდებს და სამაგიეროს გადახდით ემუქრება", - აღნიშნავს გამოცემა.

"მეორე ვიდეორგოლში კი ქართველი მოხალისე, სახელად დიმიტრი, საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც მას მეამბოხეთა მხარეს ბრძოლა გადააწყვეტინა. ამბობს, რომ ებრძვის "ფაშისტურ ძალებს", რომელთა მთავარ წამქეზებლებად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ასახელებს. ის დასავლურ სამყაროს რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულ აგრესიაში ადანაშაულებს. "2008 წელს, მას შემდეგ, რაც ევროპელებსა და ამერიკელებს ხელი მოეცარათ ჩეჩნეთში, აამოქმედეს მორიგი გეგმა და რუსეთზე შეტევა ამჯერა საქართველოდან სცადეს, თუმცა ამაოდ. ახლა კი რუსეთს უკრაინის მეშვეობით უტევენ", - მიიჩნევს დიმიტრი.

"რამ განაპირობა პრორუს სესპარატისტთა რიგებში ეთნიკურად ქართველი მოხალისეების არსებობა და ვინ არიან ისინი. ამის შესახებ "რეზონანსს" უკრაინის მხარეზე მებრძოლი მოხალისეთა ბატალიონ "აიდარის" ყოფილი მებრძოლი დ. კვარაცხელია ესაუბრა. "აგვისტოში, როდესაც ილოვაისკში ალყაში მოვყევით, ჩვენ წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად სეპარატისტთა დაჯგუფება "სომალი" იბრძოდა. მათი მეთაური იყო ადგილობრივი ტიპი, მეტსახელად "გივი", რომელიც ქართველი აღმოჩნდა. სირცხვილი და ბრაზი ერთად მომაწვა, როდესაც ეს გავიგე. ახლა "გივი" დონეცკის აეროპორტში გამაგრებული უკრაინელი მეომრების წინააღმდეგ მიმართულ შეტევებს ხელმძღვანელობს", - ამბობს კვარაცხელია.

"1990-იან წლებში საქართველო ბევრმა დატოვა, მათ შორის მეც. ჩვენ აქ სამსახურის საშოვნელად ჩამოვედით, რათა სამშობლოში დარჩენილი ოჯახები გვერჩინა. მაშინ არც აქ იყო ცხოვრება ადვილი, მაგრამ ჩვენს ქვეყანასთან შედარებით, აქ სამოთხე იყო. სამსახურები ძირითადად კიევში, ყირიმსა და უკრაინის ინდუსტრიულ ცენტრებში, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში იშოვებოდა. შესაბამისად, ქართველთა დიდმა ნაწილმა ამ ადგილებში მოიყარა თავი. სეპარატისტებს რუსეთის ფედერაციიდან ჩასული ბევრი ე.წ. "მოხალისე" უჭერს მხარს, შესაძლოა, ესენი რუსეთში მცხოვრები, უკვე გადაჯიშებული ქართველები არიან", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

"ერთი რამ, რაც მამშვიდებს და მეამაყება, არის ის, რომ სეპარატისტთა მხარეს მებრძოლ ქართველთა რაოდენობა იმ ნამდვილ ქართველი მეომრების რაოდენობის მეოთხედიც კი არ არის, რომლებიც დღეს სწორ, სამართლიან მხარეს დგანან. ეს საამაყო ბიჭები დღეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ და აქ საქართველოსთვის იბრძვიან. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება იბრძოდე იმათ მხარეზე, რომლებმაც შენი სამშობლო დაანაწევრეს. მიჭირს მათი საქციელის ახსნა. მათ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს", - დასძენს რესპონდენტი.

იხილეთ ვიდეო: "Они все гандоны" - სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველი უკრაინის მხარეს მეომარ ქართველებზე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე