რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომის ფინანსური მხარე - რამდენი უჯდება უკრაინას "ანტიტერორისტული ოპერაცია" და ვინ აფინანსებს ამბოხებულებს

რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომის ფინანსური მხარე - რამდენი უჯდება უკრაინას "ანტიტერორისტული ოპერაცია" და ვინ აფინანსებს ამბოხებულებს

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. დონეცკის აეროპორტის დაკავების შემდეგ, ამბოხებულებმა შეტევა ქალაქ მარიუპოლზე გადაიტანეს.

სამხედრო ასპექტების გარდა, საბრძოლო მოქმედებებისას, მნიშვნელოვან როლს ფინანსები თამაშობს. ხანგრძლივი სამხედრო კამპანია ქვეყნის "ჯიბეს" ზიანს აყენებს. სამხედრო-მატერიალური ქონების დაკარგვა-განადგურება-აღდგენასთან ერთად, დიდ თანხებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენა მოითხოვს. ამ მხრივ უკრაინის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სოფლებში, დასახლებულ პუნქტებში, საშუალო თუ მსხვილ ქალაქებში განადგურებული სახლების რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. ქალაქ დონეცკის აეროპორტისგან მხოლოდ პირობითი სახელწოდებაა დარჩენილი. აეროპორტი და მისი ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია.

განადგურებული და მომსპარი ინფრასტრუქტურის აღდგენა (იმ შემთხვევაში თუ კიევი ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დაიბრუნებს) ქვეყნის ბიუჯეტიდან ასობით მილიონ დოლარს წაიღებს.

პარადოქსია, მაგრამ ყველაზე ბევრი ფული ადამიანების განადგურებაზე იხარჯება. გაეროს მონაცემებით, წელიწადში იარაღის შეძენა-წარმოებაზე მსოფლიოში 800 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება. ომებზე დიდი ფული კეთდება. მარაგების შევსებისთვის სახელმწიფოს საბრძოლო მასალების და ზოგჯერ ახალი შეიარაღების შესყიდვა სჭირდება. ოფიციალური მომწოდებლების არყოლის შემთხვევაში, ყოველთვის მოიძებნებიან იარაღით უკანონო მოვაჭრე პირები. შედარებით მცირე სამხედრო კონფლიქტები მათთვის მისწრებაა.

უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებისთანავე, კიევს საკუთარი სერვისის შესათავაზებლად არაერთმა ასეთმა ადამიანმა მიაშურა. უკრაინის შემთხვევაში, ევროპული ქვეყნებიდან თანამედროვე იარაღის შეძენას კიევი დღემდე ცდილობს.

გასული წლის 24 ნოემბერს უკრაინამ ლიტვასთან "კონკრეტული სამხედრო შეიარაღების" მოწოდების ხელშეკრულება გააფორმა. რამდენიმე თვით ადრე კიევმა ვილნიუსისგან ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და მედიკამენტების პარტია მიიღო. 2014 წლის განმალობაში პერიოდულად ჩნდებოდა ინფორმაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიერ კიევისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდებაზე. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას ჯავშანჟილეტები, ნორვეგიამ კი - 60 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი (მედიკამენტები, 77,5 ათასი სამხედრო ულუფა) გადასცა. დაახლოებით 5,000 ჩაფხუტი და ამდენივე ჯავშანჟილეტი კიევმა ვარშავისგან მიიღო.

საგულისხმოა, რომ გარკვეული დროის შემდეგ პოლონეთმა და ნორვეგიამ, კიევისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდება კატეგორიულად უარყვეს. როგორც ჩანს, დიდმა პოლიტიკამ ამჯერადაც თავისი როლი ითამაშა.

დონბასში მიმდინარე ომიდან, ფინანსური მოგების ნახვას თავად კიევიც ცდილობს. გასული წლის 30 დეკემბერს ნიგერიულმა ვებ-რესურსმა beegeagle.wordpress.com საინტერესო ფოტოები გამოაქვეყნა. მათზე ნიგერიელი ჯარისკაცები უკრაინიდან მიღებულ Т-72АВ ტანკების და БТР-4Е ჯავშანტრანსპორტიორების ფონზე პოზირებენ.

შარშან ივლისში, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულებამდე, იარაღის გაყიდვა აიკრძალა. 2014 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ უშიშროების სამსახურს თავდაცვის უწყებაში არსებული კორუფციული გარიგებების გამოვლენის მიზნით მიმართა. ტიმოშენკოს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას, ქვეყანამ გაყიდა 35,9 ათასი ავტომატი, 1237 ყუმბარსატყორცნი, 60 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი, 10 ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ათასი ჩაფხუტი და ორი შვეულმფრენი. ტიმოშენკოს ჩამონათვლში ნიგერიისთვის გასაყიდად გამზადებული ტექნიკაც ფიგურირებდა.

ქვეყნის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტაიმ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. თუმცა ამავდროულად, უკრაინასა და ნიგერიას შორის კონტრაქტის არსებობა დაადასტურა. გელეტაის თქმით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კიევს საჯარიმო სანქციების გადახდა მოუწევდა.

2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში მედიის ყურადღების ცენტრში იარაღის ექსპორტის კიდევ ერთი გარიგება მოექცა. თითქოს და უარის თქმის მიუხედავად, კიევმა კონგოს Т-64БМ1М ტანკები მიაწოდა. კონტრაქტი 50 ერთეულის მიწოდებაზე 2013 წელს გაფორმდა. ტანკების ნაწილი დამკვეთს უკვე გაეგზავნა. ნაწილს კი წელს მიიღებს.

შიდა მოხმარებაზე აქცენტის გაკეთების და იარაღის გაყიდვის აკრძალვის მიუხედავად, იარაღის დეფიციტის პირობებში, კიევი მის ექსპორტირებას მაინც აგრძელებს.

იარაღის გაყიდვა მსოფლიში ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც შენ ეს იარაღი საჭიროზე მეტი გაქვს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, უკრაინას ათასობით საბრძოლო ტექნიკა დარჩა. უკვე 20 წლის განმავლობაში, ჩინოვნიკების ხელშეწყობით დაკონსერვებული და უქმად მდგარი ტექნიკა ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყნებში იყიდებოდა და როგორც ჩანს - დღესაც იყიდება.

2012 წელს კიევმა იარაღის მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის მეოთხე პოზიცია დაიკავა. 90-იან წლებში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი იარღით ვაჭრობა იყო. 1997-99 წლებში უკრაინამ სსრკ-სგან მემკვიდრეობით მიღებული 1,384,000,000 აშშ დოლარის იარაღი გაყიდა.

იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალების მთავარი ფიგურანტი უკრაინა არაერთხელ გამხდარა. უკრაინული ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი სუდანია. ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ეს ქვეყანა ტანკებს და საარტილერიო სისტემებს აქტიურად ყიდულობს. 2004 წლიდან მოყოლებული, გაერომ სუდანში ნებისმიერი სახის შეიარაღების მიწოდების აკრძალვაზე 3 რეზოლუცია მიიღო.

მორიგი სკანდალი 2013 წელს აგორდა, როდესაც მესამე ქვეყანაში გაყიდვისთვის უკრაინამ მოლდოვაში 11 "ურაგანი" იყიდა (ამ დროს საკუთარი 137 ერთეული ჰყავდა). უკრაინის გარდა მოლდოვაში დიდი ოდენობით იარაღი და ტექნიკა სომხეთმა შეიძინა. მაშინ ბაქომ კიშინოვს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა. ამ ფაქტს ყურადრებას არავინ მიაქცევდა, რომ არა ერთი გარემოება - შუამავალ კომპანია Latspeceksports-ს იარიღით ვაჭრობის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად, კიევმაც და ერევანმაც იარაღი საერთაშორისო ნორმების დარღვევით იყიდეს.

უკრაინული არმიის მძიმე მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე ბევრს საუბრობენ. ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებისას, სახმელეთო ჯარების 41,000 ჯარისკაციდან საბრძოლო მზადყოფნაში მხოლოდ 6,000 აღმოჩნდა. მდგომარეობის გამოსწორებისთვის უკრაინის თავდაცვის უწყებამ დახმარებისთვის მოქალაქეებს მიმართა.

მალევე უწყების ანგარიშზე 9,9 მლნ გრივნა გადაირიცხა. ეს დაახლოებით ერთი მლნ აშშ დოლარია. ფული "დაუჭირე მხარი უკრაინულ არმიას" პროგრამის ფარგლებში შეგროვდა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 1,9 მლნ გრივნა უწყებას იურიდიულმა პირებმა გადაურიცხეს, 5,7 მლნ კი - ფიზიკურმა პირებმა. დარჩენილი თანხა მობილური ტელეფონებით განხორციელებული ზარებით შეგროვდა.

უკრაინასთან ფარული ომი იაფი არც რუსეთს უჯდება. ტექნიკის შეგროვება, მისი უკრაინამდე ტრანსპორტირება, მისი მოვლა-ექსპლუატაცია - ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. მეამბოხეებისთვის "უსასყიდლოდ" გადაცემული იარაღი და ტექნიკა - ესეც ფინანსური დანაკარგებია.

თავად მეამბოხეების "დაფინანსებაც" აღმოსავლეთიდან მოდის. არსებული ცნობით, კვირაში ისინი 200-300 დოლარს იღებენ. არის "ბონუსებიც", რომლებიც ამბოხებულებს უკრაინული ტანკების განადგურების შემთხვევაში ეძლევათ. ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება. ოფიცრების ანაზღაურება უფრო მეტია და კვირაში 700-800 დოლარს აღწევს. ამბოხებულთა რიგების სწრაფ შევსებას სწორედ ფინანსური მხარე განაპირობებს. დონბასის რეგიონში, სადაც ძირითადი საქმე ქვანახშირის მოპოვებაა, კვირაში 200-300 დოლარი დიდი ფულია. მაღაროში ჩასვლას დონბასის მკვიდრებს ხელში ავტომატის აღება ურჩევნიათ. ეს მწარე რეალობაა, რომელიც რეგიონის დაბალმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. ბევრი ადგილობრივი მეამბოხეთა რიგებში სწორედ ამის გამო ეწერება. საქმე სახიფათოა, თუმცა როგორც თავად ამბობენ - მომგებიანი.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე