ვინ რითი იბრძვის უკრაინაში - სამუზეუმო ექსპონატები და თანამედროვე ტანკები

ვინ რითი იბრძვის უკრაინაში - სამუზეუმო ექსპონატები და თანამედროვე ტანკები

საბრძოლო მოქმედებებში გადამწყვეტ როლს იარაღი და სამხედრო ტექნიკა თამაშობს. ამ მხრივ გამონაკლისი არც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტია. თანამედროვე ნიმუშებთან ერთად დაპირისპირებული მხარეები ზოგჯერ მოძველებულ შეიარაღებასაც იყენებენ.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ამბოხებულთა შეიარაღება და ეკიპირება მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც მათ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას ჰქონდათ. თანამედროვე იარაღის უქონლობის პირობებში ამბოხებულთა ხელში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ნახვა შეიძლებოდა. საბრძოლო შეტაკებების კადრებში 70-72 წლის წინ გამოშვებული ტანკსაწინააღმდეგო შაშხანების ხილვაც შეიძლებოდა, რომლებითაც უკრაინული არმიის ტანკების შეჩერებას ცდილობდნენ. იმპროვიზირებულ ბლოკ-საგუშაგოებზე 1917 წლის რევოლუციის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული ლეგენდარული "მაქსიმის" ტიპის ტყვიამფრქვევები ჰყავდათ გამწესებული.

გასული წლის ზაფხულში მეამბოხეები სამუზეუმო ექსპონატების და პოსტამენტებზე მდგარი ტანკების გამოყენებაზეც გადავიდნენ. ივნისის ბოლოს, ხელმარჯვე ოსტატებმა, ქალაქ კონსტანტინოვკაში პოსტამენტზე მდგარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოური ტანკის ИС-3 ამუშავება შესძლეს. 68-70 წლის წინ გამოშვებული ტანკი მწყობრში მოიყვანეს და უკრინული არმიის წინააღმდეგაც სცადეს გამოიყენება. ორიოდე კვირის შემდეგ ანალოგიური ბედი კიდევ ერთმა ომგამოვლილმა ტანკმა გაიზიარა. მოგვიანებით ინტერნეტში, ლუგანსკის ქუჩაში საკუთარი სვლით მოძრავი - Т-34-85-ს ვიდეორგოლიც გავრცელდა. გაკვირვებას ის ფაქტი იწვევს, რომ კუსტარულ პირობებში, 68-70 წლის წინ გამოშვებული და ათწლეულების განმავლობაში პოსტამენტზე მდგარი ტანკების აღდგენა მოხერხდა.

თანამედროვე ისტორიაში მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა. 2006 წლის 26 ოქტომბერს, ბუდაპეშტში ანტისამთავრობო გამოსვლებისას, დემონსტრანტებმა სამუზეუმო ექსპონატად მდგარი ტანკის - Т-34-85-ის ამუშავება და მისი პოლიციასთან შეტაკებებში გამოყენება შესძლეს.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ნოვოროსიის ე.წ. სამხედრო ავიაცია ორი Су-25-ის ტიპის მოიერიშით "შეივსო". ეს ფაქტი წმინდა პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს. რესურსამოწურული ორივე თვითმფრინავი ლუგანსკის საავიაციო მუზეუმში იყო გამოფენილი. მათ არც ძრავები და არც საბრძოლო გამოყენებისთვის საჭირო აღჭურვილობა აქვთ. ერთადერთი, რაც თვითმფრინავებზე ახალია - კორპუსზე დახატული ნოვოროსიის დროშებია.

ბოლო თვეების განმავლობაში ამბოხებულები თანამედროვე სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას რუსებისგან აქტიურად ღებულობენ. T-72Б3-ის ტიპის ტანკები უკრაინაში შემოდგომის დასაწყისში იყვნენ შემჩნეულნი. უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე მათგანის განადგურებაც შესძლეს. ამ მოდიფიკაციის ტანკი რუსეთის არმიას 2012 წლიდან ჰყავს. 2014 წლამდე სატანკო ნაწილებს 564 ერთეული გადაეცათ.

ამავე ტანკებით იყო შეიარაღებული მურმანსკის ოლქში დისლოცირებული მე-200 მოტომსროლელი ბრიგადა, რომელიც გასული წლის ნოემბერში რუსებმა უკრაინის საზღვრებთან გადაისროლეს.

ამბოხებულებს რუსული Дозор-ის ტიპის ჯავშანავტომობილებიც ჰყავთ. რამდენიმე მანქანა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მიერ გასული წლის ბოლოს გამართულ სწავლებებზე გამოჩნდა. საგულისხმოა, რომ თავად რუსული არმია "დოზორებზე", ექსპლუატაციისას გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი პარამეტრების და დეფექტების გამო, უარს ამბობს.

მტერთან ბრძოლას უკრაინული არმია თანამედროვე შეიარაღების გამოყენებით ცდილობს. სსრკ-სგან მემკვიდრეობით მიღებულ ქარხნებში უკრაინელებმა თანამედროვე ჯავშანეტქნიკის წარმოების ათვისება და ექსპორტზე გატანაც შესძლეს. БТР-3-ების უმსხვილესი იმპორტიორი ტაილანდი გახდა, რომელსაც ამჟამად 163 ერთეული ჰყავს. თუმცა თავად უკრაინაში მათი რაოდენობა გაცილებით მცირეა - 32 ერთეული.

ანალოგიური ვითარებაა ტანკებშიც. თანამედროვე მოდიფიკაციები უკრაინულ არმიას არც ისე ბევრი ჰყავს. აქცენტი საბჭოთა დროს წარმოებული Т-64-ების მოდერნიზაციაზე კეთდება. თუმცა ეს პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

თანამედროვე ტექნიკის სახით უკრაინული ეროვნული გვარდია Kraz Spartan და Kraz Cougar-ის ტიპის ჯავშანავტომობილებს იყენებს. მათ კანადური კომპანია Streit Group აწარმოებს, რომელსაც საკუთარი ქარხნები მსოფლიოს 11 ქვეყანაში აქვს. სავარაუდოდ, ამ ჯავშანავტომობილებს ერთ-ერთ მათგანში ამზადებენ, უკრაინაში კი ჩატანილი დაშილილი კომპლექტების აწყობა ხდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე