ავტორი:

"ცერცვაძე, ნე დავერიაეშ?" - მკითხა ჩემმა აფხაზმა მეგობარმა, როდესაც ჩემს ბიჭებთან ერთად სანგარში მეპატიჟებოდა..."

"ცერცვაძე, ნე დავერიაეშ?" - მკითხა ჩემმა აფხაზმა მეგობარმა, როდესაც ჩემს ბიჭებთან ერთად სანგარში მეპატიჟებოდა..."

"...იმ წუთში საერთოდ არ მაინტერესებდა არავითარი პოლიტიკა - მეგობართან მივდიოდი, ვისთან ერთადაც ორი წელი ჭირსა და ლხინს ვიზიარებდი"...

- ასე იხსენებს ქართველი გიორგი ცერცვაძე 90-იანი წლების ომის დროს აფხაზ მეგობართან ფრონტის ხაზზე შემთხვევით შეხვედრას, რომელიც არც პირველი იყო და არც უკანასკნელი... ამბები, რომელიც ქართულ-აფხაზური საომარი მოქმედებების დროს ხდებოდა, დღემდე ლეგენდებივით ვრცელდება. ამის ერთი მაგალთია, გიორგი ცერცვაძე, რომელიც საბჭოთა ჯარში გაცნობილ-დამეგობრებულ აფხაზ ილო ლოგუას გუმისთასთან ბრძოლების დროს შემთხვევით შეხვდა. მათ უცებ გადაავიწყდათ, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ.

გიორგი ცერცვაძე:

- საბჭოთა ჯარში სამსახურმა მოუწია. გერმანიაში (მაშინდელ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. - ავტ.) გაგვგზავნეს. ბევრი ქალაქი შემოვიარეთ და ბოლოს ქალაქ შვერინში ჩაგვიყვანეს. ჩვენი ძირითადი ბაზა იქ იყო განთავსებული. ნაწილში 3500 ჯარისკაცი იყო, მათ შორის - 350 ქართველი და რამდენიმე აფხაზი ვიყავით. ცნობილია, რომ რუსულ ჯარში ე.წ. "დედოვშჩინა", ჩხუბი და გარჩევები ჩვეულებრივი რამ იყო. კვირაში ერთხელ მაინც დიდი "ჯახი" ატყდებოდა ხოლმე და აფხაზები ყოველთვის ქართველების მხარეს იყვნენ. იქ დავუმეგბრდი სოხუმელ აფხაზს, ილო ლოგუას. ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს ჭირსა და ლხინს ვუზიარებდით. მეტსახელად, "კორკორა" ერქვა (ქართულად ამაყს ნიშნავს) და ჩვენც ასე ვეძახდით. შვებულებაში რომ გამიშვეს, ილომ მთხოვა, - სოხუმში ჩემი ოჯახი მოინახულეო და მათთან ფოტოალბომი გამატანა. რამდენჯერმე ვესტუმრე მის ოჯახს. ძალიან თბილად მიმიღეს...

სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სამსახურში სამოქალაქო პირის სტატუსით გავაგრძელე მუშაობა. იმერეთის რეგიონული სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა.

- აფხაზეთის ომში როგორ აღმოჩნდით?

- მანამდე ცხინვალის კონფლიქტის დროს, იქ რამდენჯერმე წასვლამ მომიწია; ლოკალურ ბრძოლებში, პოლიციის ხაზით ვმონაწილეობდით. სამაჩაბლოს ომი დასრულებული იყო, მაგრამ აფხაზეთში უმძიმესი დღეები იდგა. გავრცელებული ინფორმაციით, მეომრები ყველაფრის დეფიციტს განიცდიდნენ - იარაღიც აკლდათ და საბრძოლო ტექნიკაც. სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსის, მერაბ შენგელიას თხოვნით, აფხაზეთში ჩვენი განყოფილებიდან 8 კაცი წავედით. გარკვეული ობიექტების დაცვა და სატრანსპორტო გადაზიდვების უზრუნველყოფა გვევალებოდა, თუმცა სინამდვილეში რეალურ ომში ჩაბმამ მოგვიწია.

...აფხაზეთის ბრძოლის ბოლო დღეები იდგა. გუმისთასთან პოზიციაზე ვიმყოფებოდით. იქ რომ ჩავედით, უმძიმესი სიტუაცია დაგვხვდა. მეომრები გაძლებაზე იყვნენ. აღარც ტყვია-წამალი ჰქონდათ და არც საკვები. ბიჭები პანიკაში იყვნენ. იმდენად ვიყავით შეშინებული, რომ ერთ ღამეს სანგართან ძაღლს გადაურბენია (მაშინ უცებ ვერ მივხვდით, თუ რა იყო), დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე ერთ-ერთ მეომარს კი, ავტომატის ჯერი მიუშვია. ამას აფხაზური მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა... ღამე სამ-სამი კაცი ვმორიგეობდით, ერთმანეთს ვცვლიდით. ერთხელაც, ღამით, ძალიან მოგვინდა სიგარეტი. სანგრიდან თავი ამოვყავი, იქაურობა შევათვალიერე, რათა დავრწმუნებულიყავი - სიგარეტის საშოვნელად გადაადგილებას თუ შევძლებდი. ჩვენს სიახლოვეს, ქუთაისის სამმართველოს ბიჭები იყვნენ განლაგებული და მათთან წასვლა დავაპირე. უეცრად სიბნელეში ადამიანის სილუეტს მოვკარი თვალი. მივხვდი, იმანაც დამინახა და ინსტინქტურად დაიყვირა, - "პაჟალუისტა, ნე სტრელიატე! ია კორკორა!.. იმწამსვე თვალწინ დამიდგა ის "კადრი", როცა გერმანიიდან ილო ლოგუამ მის ოჯახში მისატანად ფოტოალბომი გამომატანა, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: "ოტეც! ტვოი სინ კორკორა ვერნიოტსია!.."მოულოდნელობისგან წამოვიყვირე: "ლოგუა, ეტო ტი?!" ეტყობა, ისიც ჩემსავით, რაღაცის საშოვნელად გამოსულიყო სანგრიდან.

- ლოგუამაც გიცნოთ?

- დიახ, სიტყვა დამთავრებულიც არ მქონდა, ხმით მიცნო, - "ცერცვაძე, ეტო ტი?!." - და არც კი შეყოვნებულა, ისე გამოემართა ჩემკენ. ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა მუხლები. შემეშინდა - ჩემს პოზიციაზე გადმოსული მეგობრისთვის ვინმეს არ ესროლა - და ჩემებს ხელით ვანიშნე, არავინ გაისროლოთ-მეთქი. ამასობაში ილო მომვარდა და გადამეხვია. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. - "მოი დრუგ!" - სიხარულს ვერ მალავდა ჩემი აფხაზი მეგობარი და ღონივრად მანჯღრევდა. მოკითხვის შემდეგ მითხრა, - შენი ბიჭები წამოიყვანე და წამოდი ჩემთან; გეპატიჟებით, პური ვჭამოთო...

- რა უპასუხეთ?

- რა უნდა მეთქვა?!. დავთანხმდი... კარგად ვიცოდი, რისი გამკეთებელი იყო: ადამიანს ძმად და მეგობრად თუ მიიღებდა, მის გამო თავს გაწირავდა. იმ წუთას საერთოდ არ მაინტერესებდა არავითარი პოლიტიკა - იმ მეგობართან მივდიოდი, ვისთან ერთადაც ორი წელი ჭირსა და ლხინს ვიზიარებდი. როცა ჩემი აფხაზი მეგობრის მიპატიჟება ქართველ ბიჭებს გადავეცი, შეყოყმანდნენ; ზოგმა პირდაპირ მითხრა, - ყველანი რომ ჩაგვხოცონო?!. - მე მივდივარ და ვინც მენდობა, გამომყვეს-მეთქი. კორკორასგან ღალატი გამორიცხული იყო. აფხაზი თუ თავისიანად მიგიღებს, თავსაც გაწირავს და არ დაუშვებს, მის სტუმარს რამე დაემართოს. ბიჭების პასუხზე უხერხულობა იგრძნო და ჩამეძია: "ცერცვაძე, ნე დავერიაეშ?.." - უპასუხოდ გავყევი. გზაში ისინიც დაგვეწივნენ, ვინც თავიდან უარს ამბობდა. აფხაზების სანგარში ერთად ჩავედით.

- რა ხდებოდა აფხაზურ სანგარში?

- იგივე, რაც ჩვენთან... სხვადასხვა ასაკის მებრძოლები იყვნენ, ჩემი თანატოლებიც და შუახნის კაცებიც. ტყვია-წამალი მათაც ძალიან უჭირდათ, მაგრამ საჭმელი ჩვენზე უკეთესი ჰქონდათ; ადგილობრივები იყვნენ და ეტყობა, მოსახლეობაც ეხმარებოდა. შეშინებული ჩანდნენ. თავიდან ყველანი ვდუმდით, მერე კი ნელ-ნელა ერთმანეთს გავუშინაურდით. დაძაბულობა მოიხსნა და ქეიფი დავიწყეთ. სადღეგრძელოებიც ვთქვით, - პოლიტიკოსების გამო, რატომ ვხოცავთ ერთმანეთო...

- სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები თუ მოხალისეები?

- დაახლოებით 30-კაციანი მოხალისეთა ჯგუფი იყო. დილის 4 საათისთვის ავიშალეთ. შეგვეშინდა, სხვა აფხაზური დაჯგუფება არ წამოგვდგომოდა თავს: ყველას ერთად ჩაგვცხრილავდნენ... მასპინძლებმა თავი დაიზღვიეს და რამდენიმე კაცმა ჩვენს პოზიციამდე მიგვაცილა. შემდეგ კი, სანამ თვალს მიეფარნენ, მე ვიდექი გუშაგად, - ვინმემ არ გაისროლოს-მეთქი...როგორც კი გათენდა, ბრძოლა განახლდა. იქ უკვე ვერავინ გაარჩევდა, ლოგუა მესროდა თუ სხვა...

- ომის შემდეგ თქვენს აფხაზ მეგობართან დაკავშირება არ გიცდიათ?

- ინტერნეტით ვცდილობდი მის პოვნას. რამდენიმე რუსი ვიპოვე, ვინც ჩვენს ნაწილში მსახურობდა... "ძებნაში" მისი მისამართი ჩავწერე - სოხუმში, ლენინის ქუჩის #23-ში ცხოვრობდა. შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი და ვიპოვე, - მითხრა, კორკორა რამდენომე წლის წინ დაიღუპაო... სავარაუდოდ, ომში მიღებული ჭრილობების გამო. ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად განვიხილავდით ამ ომს, მე კი, ამდენი წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო აბსურდული ომი.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე