ქერჩში დაკარგული ქართველების კვალდაკვალ: "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."

ქერჩში დაკარგული ქართველების კვალდაკვალ: "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."

მკითხველის ძალიან დიდი ინტერესი, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სტატიას "ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო". უამრავმა ადამიანმა მოგვწერა, დაგვირეკა და თავის წინაპრის ისტორია გვიამბო. საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ ამ თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.

რედაქციაში დაგვიკავშირდა დავით ბლიაძე, რომელმაც II მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგულ ბიძებზე ინფორმაციების მოძიების პროცესში, საკმაოდ ვრცელ, 1000-ზე მეტი პირის დოკუმენტურ მასალას მიაგნო და მოგვაწოდა.

დავით ბლიაძე, მკითხველი:

- სხვადასხვა საიტებზე დიდხანს ვეძებდი ბიძების გვარს. უფროსი, ვალიკო, 19 წლის იყო, მეორე, იაკობი 17-ის. ვალიკო ქერჩში დაიღუპა, როგორც კი გემიდან გადმოიყვანეს, მაშინვე დამომბვაში მოყვნენ და ადგილზე ჩაცხრილეს. ისე, რომ საბრძოლო ნათლობაც არ ჰქონიათ. მისი დაღუპვის შემდეგ, ომში მეორე ძმა, იაკობი წავიდა. ასაკით პატარა იყო და პირველ ჯერზე, ბებიაჩემმა როგორღაც დააბრუნა სახლში, მაგრამ შემდეგ გაიპარა... მეკავშირე იყო და ბალტიისპირეთში, პრუსიაში დაიღუპა.

მის ნეშტს და მისი საფლავის ფოტოსაც რუსეთში მომუშავე კომისიის წევრების დახმარებით მივაგენი, - კალინინგრადის ძმათა სასაფლაოზე გადმოუსვენებიათ და დაუკრძალავთ. მასთან ერთად გადმოუსვენებიათ, მეორე ბიძაც დედის მხრიდან, მის მონაცემებსაც მივაგენი და საფლავის ფოტოც კი ვიპოვე. როდესაც ჩემი ბიძების შესახებ ვაგროვებდი ინფორმაციას, II მსოფლიო ომში დაღუპული 170 ჩემი მოგვარე "ვიპოვე". ჩემი ბიძები ხაშურიდან იყვნენ, მაგრამ ამ სიაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გაწვეული ბლიაძეები არიან "შეყვანილი". ზოგი დაკარგულია, ზოგი დახვრიტეს... მათ შორის, ერთი ამბავი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, - თელავის სოფელ ნაფარეულიდან, ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ ომში... შინ ვერცერთი დაბრუნდა. რამდენიმე დღის განმავლობაში დაღუპულან...

- ქერჩში დაღუპულებზე იპოვეთ რამე ცნობები?

- ძალიან ცოტა. თითქმის არაფერი გვაქვს, ყველაფერი განადგურდაო, მითხრეს. როდესაც კონკრეტულად ქერჩში დაღუპულთა მონაცემებს ვეძებდი, მხოლოდ ზოგად ინფორმაციას მიწერდა, - "ასტალის ვ პოლე ბოია". ძიების პროცესში ვიპოვე იმ ადამიანების სია, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში ტყვედ ჩავარდნენ. მათ შესახებ გერმანულ კომისიას უმუშავია, საბჭოთა ტყვეების მონაცემები გერმანულად არის შედგენილი. მათ შორის ვიპოვე ტყვედ ჩავარდნილი 20 წლის ქართველი ბიჭის, ვალიკო მიქავას მონაცემები, რომელიც წალენჯიხის სოფელ მიქავადან ყოფილა... ის გერმანიაში, გიორლიცის ბანაკში 1942 წელს მიუყვანიათ. ერთ წელიწადში დაღუპულა. მინდოდა მის ოჯახს, ან ვინმე ნათესავს დავკავშირებოდი, სოციალურ ქსელში დავწერე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობამ შემიშალა ხელი. (სტატიის მთავარ ფოტოზე ასახულია ვალიკო მიქავა და მისი პირადი დოკუმენტაცია; - ავტ.)

პ.ს. მკითხველთა საყურადღებოდ, ამა თუ იმ კონკრეტული ამბის მოყოლის ან ინფორმაციის გაგების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი, რომელზეც ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით.

აქვე ვაქვეყნებთ საიტის მისამართს, სადაც საკუთარ წინაპრებზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ: obd-memorial.ru

ლალი პაპასკირი

"არსენალი"